Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატოს სურს ატომურ სააგენტოს ირანში განსაკუთრებით ფარჩინის ობიექტის შემოწმება


ირანელი მეცნიერები ბირთვულ რეაქტორს აკვირდებიან
ირანელი მეცნიერები ბირთვულ რეაქტორს აკვირდებიან
არსებობს ეჭვი, რომ ირანელი მეცნიერები ბირთვულ იარაღს ფარჩინის სამხედრო ობიექტზე ცდიან. ამიტომ არის ფარჩინი ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვარაუდების მთავარი პუნქტი. მაინც რას ეფუძნება ეს ეჭვი?

ფარჩინის სამხედრო კომპლექსი თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს. ამ კომპლექსზე საუბრობს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ირანთან მისი ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების თითქმის ყველა შეხვედრაზე. სააგენტოში არის ეჭვი, და ის უკვე ათი წლის წინ გაჩნდა, რომ ირანი ფეთქებადსაშიში მასალებით იქ აწარმოებდა ცდებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად. 2011 წლის ანგარიშში სააგენტო წერდა, რომ ირანმა 2000 წელს შეიტანა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მასალა ობიექტზე, განალაგა იქ და ამ საცავის გარშემო შენობა ააგო. სააგენტო ვარაუდობს, რომ ცდები ამ შენობის შიგნით ტარდებოდა იმ საცავში თუ საგანგებო კამერაში, რომელიც 70 კილოგრამამდე ფეთქებადსაშიში ნივთიერებისთვის შეიქმნა. ირანი აცხადებს, რომ ობიექტი ჩვეულებრივი შეიარაღების ბაზაა და უარყო ყოველგვარი ეჭვები იქ ცდების შესახებ. თეირანი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობოა. ვაშინგტონში დაფუძნებული კვლევისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა თანამგზავრის მიერ გადაღებული მასალა, სადაც ვითომდა ჩანს აქტიურობა ობიექტის გაწმენდის, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, კვალის გაქრობის მიზნით. ინსტიტუტის დამაარსებელი, ადრე სააგენტოს ინსპექტორი, დევიდ ოლბრაიტი ამბობს, რომ ამ სურათებზე აშკარად ჩანს ორი შენობის დანგრევის კვალი. სააგენტოს ინსპექტორებმა თავის დროზე ფარჩინის არაერთი ნაწილი დაათვალიერეს, აღნუსხეს და გააანალიზეს, მაგრამ ბირთვულ კვალს ვერ მიაგნეს. ეჭვს ტოვებს მაინც ის კამერა, სადაც, სავარაუდოდ, ცდები ტარდებოდა და რომელიც ინსპექტორებს არ უნახავთ. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე ოლი ჰეინონენი ამბობს, რომ ამ შენობის მონახულება ინსპექტორებს საბოლოოდ გაუქარწყლებდა ეჭვებს ირანის ბირთვული ამბიციების თაობაზე:
დიდი დახმარება იქნებოდა, თუ ირანი სააგენტოს ნებას დართავდა მოენახულებინა ყველა შენობა, რომლის შემოწმებაც მას სურს ...
დევიდ ოლბრაიტი

„ეს იქნებოდა კარგი ნიშანი იმისათვის, რომ საბოლოოდ გაგვეცა პასუხი შეკითხვაზე, რა სამხედრო განზომილებასთან გვაქვს საქმე, რას ემსახურება ეს ცდები, წარმოადგენს თუ არა ისინი გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევას. თუ წარმოადგენს, ირანმა აღჭურვილობის ნაწილის დემონტაჟი უნდა მოახდინოს და დაგვარწმუნოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო ბუნებისაა.“

ოლბრაიტიც თვლის, რომ ფარჩინის შემოწმების შესაძლებლობა დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ჩიხიდან გამოსვლის საქმეში:

„ფარჩინი პრობლემაა ახლა ყველასათვის. დიდი დახმარება იქნებოდა, თუ ირანი სააგენტოს ნებას დართავდა მოენახულებინა ყველა შენობა, რომლის შემოწმებაც მას სურს. პირიქით, ვერაფერში დაგვეხმარებოდა, თუ ირანი სააგენტოს გამოუცხადებდა, მოდით, ნახეთ ის შენობები, რომლებიც დავანგრიეთ, მაგრამ სხვას ვერაფერს დაგათვალიერებინებთო.“

ირანი ამ ეტაპზე აცხადებს, რომ არ არის სააგენტოს მოთხოვნები დამაჯერებელი. ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელმა ფერეიდუნ აბასი დავანიმ, მაისში თქვა, რომ სააგენტოს მიერ წარდგენილი მიზეზები და დოკუმენტები, თეირანს ვერ არწმუნებს, რომ საჭიროა საერთაშორისო ინსპექტორების ფარჩინზე დაშვება. თუმცა 6 ივნისს ატომურ სააგენტოში ირანის წარმომადგენელმა ალი აშღარ სოლტანიემ მიანიშნა, რომ ირანი აპირებს სამხედრო ბაზის მონახულების ნებართვის გაცემას. მანვე თქვა, რომ ინსპექტორების იქ შეშვება დასრულდება სამარცხვინო შედეგებით მათთვის, ვინც ვარაუდობს, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG