Accessibility links

ჟენევის მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე - არავითარი ვარაუდები


ჟენევაში ხუთშაბათს დაიწყო მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს ექვს სახელმწიფოს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. ამ ორდღიან შეხვედრაში, რომელსაც 5+1-ის სახელით მოიხსენიებენ, ირანთან ერთად აშშ-ის, რუსეთის, ბრიტანეთის და საფრანგეთის, ასევე ჩინეთისა და გერმანიის, ანუ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებისა და გერმანიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. თუ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ამ მოლაპარაკებებზე მთავარ წარმომადგენელს, ჯავად ზარიფს დავესესხებით, შეთანხმების ჩარჩოს უკვე ამ კვირაში შეიმუშავებენ. ჟენევის მოლაპარაკების მოსამზადებელ შეხვედრებზე, ზარიფის თქმით, ატმოსფერო დადებითი იყო. დასავლეთის ქვეყნებს აქვთ ვარაუდი, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს და, სწორედ ამის გამო, თეირანისგან მოითხოვენ ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, რის სანაცვლოდაც სანქციების შერბილებას სთავაზობენ. ნდობის მოპოვების ეს ნაბიჯი გზას მოუმზადებდა მოლაპარაკებებს და კომპლექსურ შეთანხმებებს მომავალში. ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, გაიმართა ირანისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრები.

უმნიშვნელოვანესი იყო აშშ-ისა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა მოადგილეების შეხვედრა. გასულ თვეში მათი პირისპირ საუბარი პირველი იყო 2009 წლის შემდეგ. ჟენევის ყველა მოლაპარაკების შინაარსი საიდუმლოა, მათი დეტალები უცნობია. მოლაპარაკების ორივე მხარის ამ გადაწყვეტილებამ, კონფიდენციალური დარჩენილიყო შეხვედრის დეტალები, ჟურნალისტებს და მიმომხილველებს სპეკულაციებისთვის მცრიე არეალი დაუტოვა.

დღეს, 7 ნოემბერს, დილიდან გაიმართა შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის კეტრინ ეშტონს შორის. ეშტონი დასავლეთის სახელმწიფოთა სახელით უზის მოლაპარაკების მაგიდას. დღის განმავლობაში შეხვედრები საგარეო უწყებათა მოადგილეების დონეზე იმართებოდა.

ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციები თვითმიზანი არ არის. სანქციები, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, ორგვარი მიდგომის ნაწილია. სანქციების მორგება ყოველთვის შეიცვლება, თუ ადგილზე ვითარება იცვლება, და ესაა სანქციების მიზეზიც...
კეტრინ ეშტონის წარმომადგენელმა მაიკლ მენმა პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, რომ „მოლაპარაკებები უაღრესად კომპლექსურია და ახლა სერიოზულ ფაზაში შედის. შევთანხმდით, რომ არ ვისაუბრებთ დეტალებზე და იმის შინაარსზე, რასაც დარბაზში განიხილავენ, რადგან გვსურს, ყურადღება არსებით საკითხებზე გამახვილდეს. მაგრამ, რასაკვირველია, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დღეებში კონკრეტული პროგრესი იქნება მიღწეული“.

ბრიფინგზე მაიკლ მენმა სანქციების არსზე ილაპარაკა იმის განსამარტავად, რომ სანქციები თვითმიზანი არ არის:

„ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციები თვითმიზანი არ არის. სანქციები, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, ორგვარი მიდგომის ნაწილია. სანქციების მორგება ყოველთვის შეიცვლება, თუ ადგილზე ვითარება იცვლება, და ესაა სანქციების მიზეზიც. თუ სიტუაცია ადგილზე მოლაპარაკების შედეგად იცვლება, სანქციებიც შეიძლება შეიცვალოს“ - ასე გამოხატა დასავლეთის პოზიცია მაიკლ მენმა. მან ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა ასევე, რომ დასავლეთს საერთო პოზიცია აქვს, რომ მისი საყრდენი გაეროს რეზოლუციებია, სადაც ურანის გამდიდრების თაობაზე გამოთქმულია შეშფოთება. ეშტონის წარმომადგენლის თქმით, ამ მოლაპარაკებაზე დასავლეთს სურს მიღწეული იქნეს ფაზა, როცა ირანი ყველას დაარწმუნებს, რომ მისი მიზანი ბირთვული ენერგიის მხოლოდ სამშვიდობო მიზნებით გამოყენებაა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სეიედ აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დასავლეთი დადებითად შეხვდა და ის შეთანხმება, რომლის მიღწევასაც ცდილობენ და რის გამოც ირანი ოპტიმისტურად არის განწყობილი, თეირანის ამ წინადადებას ეფუძნება. ამასთან ერთად, „ფრანსპრესმა“ გაავრცელა ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლის პოზიცია, რომ 5+1-მა უნდა გამოიყენოს ბერკეტები და თეირანს მოსთხოვოს, შეწყვიტოს ურანის წარმოება და არაქის ბირთვული რეაქტორის მშენებლობა. პრემიერმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ დღეს განაცხადა, რომ ისრაელს ესმის, რომ განიხილება წინადადებები, რომლებიც შეასუსტებს თეირანზე ზეწოლას მის დასაყოლიებლად, წავიდეს დათმობებზე, რომლებიც არც კი არის დათმობები. ეს შეთავაზებები ირანს შეუნარჩუნებს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას, ფიქრობს ნეტანიაჰუ, რომელიც თავისი ქვეყნის პოზიციას გამოხატავს: ისრაელი კატეგორიული წინააღმდეგია ამ წინადადებებისა. ჩემი აზრით, თქვა ისრაელის პრემიერმა, მათი დამტკიცება ისტორიული განზომილების შეცდომა იქნება. საჭიროა მათი უარყოფა, თქვა ნეტანიაჰუმ.
XS
SM
MD
LG