Accessibility links

დაპირისპირება ირანის მიწვევის თაობაზე


გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

თეირანის პოზიციამ ბან კი მუნი აიძულა „ჟენევა 2“-ად წოდებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ირანისათვის გამოწერილი მოსაწვევი გაეუქმებინა. კვირას, მას შემდეგ, რაც თეირანისგან მიიღო დასტური, რომ ირანისთვის მისაღები იქნებოდა სირიის გარდამავალი მთავრობის შექმნა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გარეშე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ირანი კონფერენციაზე მიიწვია. ბან კი-მუნის წარმომადგენლის მარტინ ნესირკის განმარტებით, გენერალური მდივანი შეაწუხა ორშაბათს გაეროში ირანის ელჩის განცხადებამ, გარდამავალი მთავრობის შექმნის პირობა ირანისთვის მიუღებელიაო:

„გენერალური მდივანი ძალიან არის იმედგაცრუებული ირანის მიერ დღეს გაკეთებული საჯარო განცხადებით, რაც სრულებით არ შეესაბამება განცხადებულ პოლიტიკურ ხაზს“.

ბან კი მუნის გადაწყვეტილება დაემთხვა მკაცრ პოზიციას ვაშინგტონის მხრიდან, რომელიც სირიის კონფერენციაზე ირანის მონაწილეობის წინააღმდეგია. კონფერენციაზე, რომელიც 22 იანვარს შვეიცარიის ქალაქ მონტროში უნდა გაიმართოს, პირველად მიიღებენ მონაწილეობას სირიის ხელისუფლებისა და სირიის ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები, რომლებიც ორი წელია ჩაბმულნი არიან ერთმანეთის წინააღმდეგ სამოქალაქო ომში.

კონფერენციაზე ირანის არყოფნა არ შეუწყობს ხელს მუსლიმური სამყაროს ერთიანობისაკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ჩვენს და, მათ რიცხვში, ყველა მუსლიმანის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს...
სირიის ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ შაბათს განაცხადა, რომ იგი მოლაპარაკებებს ბოიკოტს გამოუცხადებდა, თუკი მასში ირანის დელეგაცია მიიღებდა მონაწილეობას.

ამავე დროს ბან კი მუნის გადაწყვეტილებას კრიტიკულად გამოეხმაურა მოსკოვი, რომელიც, ირანის მსგავსად, მხარს უჭერს ბაშარ ალ ასადის რეჟიმს. გაეროს გენერალური მდივნის ნაბიჯი „არ მატებს ავტორიტეტს“ ორგანიზაციასო, აღნიშნა ლავროვმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე:

„კონფერენციაზე ირანის არყოფნა არ შეუწყობს ხელს მუსლიმური სამყაროს ერთიანობისაკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც ჩვენს და, მათ რიცხვში, ყველა მუსლიმანის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს“.

მოსკოვისგან განსხვავებით, ვაშინგტონი მიესალმა ბან კი მუნის გადაწყვეტილებას მოსაწვევი არ გაეგზავნა ირანისთვის. აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ირანის გარეშე მხარეები და ასევე 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო შეხვედრაზე შედეგების მიღწევაზე იქნებიან ფოკუსირებულნი.

თუმცა, როგორც „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ წარმომადგენელმა განაცხადა, დავოსში ამ კვირაში მიმდინარე ფორუმის მსვლელობის პროცესში ირანის ხელისუფლების წევრებს „ჟენევა 2“-ის ბევრ წამყვან მოთამაშესთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცემათ. შვეიცარიაში, დავოსში, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიც“ 22 იანვარს დაიწყებს მუშაობას.
XS
SM
MD
LG