Accessibility links

ირანის პრეზიდენტი „ზომიერი გზის“ არჩევის პირობით გამოდის


ჰასან როჰანი

ჰასან როჰანი

ირანის ახალმა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ მმართველობის დროს „ზომიერი გზის“ არჩევას აპირებს. ამასთან, ახალი პრეზიდენტი გამოვიდა დაპირებით, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მეტ ღიაობას უზრუნველყოფს, რამაც გაამყარა არჩევნების შემდეგ დასავლელი ლიდერების მიერ გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებები თეირანთან ურთიერთობაში ახალი შესაძლებლობების გაჩენის შესახებ:

„ახალი მთავრობა თვლის, რომ გლობალურ დონეზე ურთიერთობებისთვის ახალი შესაძლებლობებია გაჩენილი“.

თუმცა როჰანიმ დასძინა, რომ მხარს არ დაუჭერს ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტას. სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს მთავარ წინაღობას ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გამართულ მოლაპარაკებებში. მისი თქმით, ის დრო, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ირანს ურანის გამდიდრების შეწყვეტის მოთხოვნებს უყენებდა, დამთავრდა. ირანის ახალმა პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ირანი ამ მოლაპარაკებების ფარგლებში ახალ შეთანხმებას მიაღწევს, რომელიც ურთიერთნდობას და გამჭვირვალობას დაეფუძნება:

„ჩვენი ბირთვული პროგრამები მთლიანად გამჭვირვალეა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ტრანსპარენტულობის ხარისხი და მთელ მსოფლიოს ნათლად ვაჩვენოთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო რეგულაციებსა და მექანიზმებთან“.

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე როჰანიმ უსამართლო და გაუმართლებელი უწოდა სანქციებს, რომლებიც ირანს ბირთვული პროგრამის გამო დაუწესეს.

ჩვენი ბირთვული პროგრამები მთლიანად გამჭვირვალეა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ტრანსპარენტულობის ხარისხი და მთელ მსოფლიოს ნათლად ვაჩვენოთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო რეგულაციებსა და მექანიზმებთან...
ამასთან, როჰანის თქმით, აშშ-მა უნდა აღიაროს ირანის უფლება იქონოს ბირთვული პროგრამა და პირობა უნდა დადოს, რომ არ ჩაერევა ირანის შიდაპოლიტიკურ საქმეებში. ახალი პრეზიდენტის თქმით, ეს ორი საკითხი წარმოადგენს პირობას, რათა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მოლაპარაკება შედგეს. ირანსა და ამერიკას შორის ურთიერთობის საკითხი კომპლექსური და რთულია - ეს ძველი ჭრილობაა, რომელიც კვლავაც მოშუშებას საჭიროებსო, განაცხადა ირანის ახალმა პრეზიდენტმა.

როჰანის ნათქვამი აქვს, რომ აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სურს. ეს კავშირები გაწყდა 1979 წლის მოვლენების ფონზე, როცა თეირანში ისლამისტმა სტუდენტებმა აშშ-ის საელჩო დაიკავეს.

64 წლის როჰანი ზომიერად კონსერვატორული შეხედულებების მქონე სასულიერო პირია. წარსულში ის ბირთვულ საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში ქვეყნის მთავარი წარმომადგენელი იყო. მან ირანში შაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 50,7 პროცენტით მოიპოვა გამარჯვება, რაშიც მნიშვნელოვნად დაეხმარა რეფორმატორთა მხარდაჭერა.
ორშაბათის პრესკონფერენციაზე როჰანიმ მის არჩევას „ახალი ეპოქის“ დასაწყისი უწოდა და განაცხადა, რომ მმართველობის დროს გაჰყვება „ზომიერებისა და სამართლიანობის და არა ექსტრემიზმის გზას“. როჰანის თქმით, მისი მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს შორის იქნება ეკონომიკა და სოციალური საკითხები.

ირანის ახალი პრეზიდეტის პრესკონფერენცია მოულოდნელად შეწყდა, როცა აუდიტორიაში მყოფი ერთ-ერთი კაცი რეფორმატორი ლიდერის - 2011 წლის შემდეგ შინაპატიმრობაში მყოფი მირ ჰუსეინ მუსავის - მხარდასაჭერი განცხადებით გამოვიდა.

როჰანი, გახსოვდეს, მირ ჰუსეინ მუსავი პოლიტიკურ თამაშს უნდა დაუბრუნდესო, დაიყვირა კაცმა, რომელიც უშიშროების წარმომადგენლებმა გაიყვანეს დარბაზიდან. მისი განცხადების შემდეგ ახალმა პრეზიდენტმა აუდიტორიას მადლობა გადაუხადა და პრესკონფერენცია დაასრულა.
XS
SM
MD
LG