Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს ირანში ხელმოწერილი განცხადება?


ჰასან როჰანი
ჰასან როჰანი
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ და ირანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ბირთვული პროგრამის საკითხში მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ამას იუწყებიან ირანიდან, სადაც განცხადებაზე ხელმოსაწერად ჩავიდა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო. რას მოასწავებს მიღწეული შეთანხმება?

ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელისა და ირანელი ოფიციალური პირების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება გზას უხსნის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ინსპექტორების მიერ ირანში რამდენიმე ობიექტის შემოწმებას და სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ზომების განხორციელებას. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა იუკია ამანომ თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, 11 ნოემბრიდან მოყოლებული, ირანში სამი თვის განმავლობაში განხორციელდება კონკრეტული ზომები.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის ვიზიტი მოჰყვა ირანის ბირთვულ პროგრამაზე ჟენევაში გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებას, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მაგრამ მოსალოდნელია, რომ 20 ნოემბერს გაიმართოს მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი.

ამანომ ორშაბათს თეირანში გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებას „კონკრეტული“ შედეგები მოჰყვება:

„იმედი მაქვს, რომ მომავალ შეხვედრაზე იქნება კონკრეტული შედეგები, როგორ უნდა წავიდეთ წინ ყველა დარჩენილი საკითხის მოსაგვარებლად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები ჰქონდეს“.

ამანო აღნიშნავს, რომ ირანში მისი შეხვედრები „დამოუკიდებელია“ ჟენევის მოლაპარაკებისაგან, რომელსაც ირანი აწარმოებს მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან - გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივ წევრთან და გერმანიასთან.

ამასთან, ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მისი უწყებისა და ირანის მოლაპარაკებებმა „ძალიან მნიშვნელოვან“ ეტაპს მიაღწია. ორშაბათს მიღწეული შეთანხმებით, რომელიც ემსახურება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მეტი ინფორმაციის მოპოვებას, თეირანი გაეროს ინსპექტორებს მისცემს გაჩინის ურანის საბადოსა და არაკში მძიმე წყლის საწარმოს შემოწმების უფლებას. ამას გარდა, ირანი ატომურ სააგენტოს მიაწვდის ინფორმაციას დაგეგმილი ახალი ბირთვული ობიექტების შესახებ და განმარტავს ადრე გაკეთებულ განცხადებებს ურანის გასამდიდრებელი დამატებითი საწარმოების თაობაზე.

ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომლებსაც ვერ გადააბიჯებ. ჩვენი წითელი ხაზებია ირანელი ხალხის უფლებები, ჩვენი წითელი ხაზებია ეროვნული ინტერესები და ეს მოიცავს საერთაშორისო რეგულაციების ჩარჩოებით გათვალისწინებულ უფლებებს და ირანის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრებას...
ჰასან როჰანი
ზოგადად, ირანის პრეზიდენტად ზომიერი პოლიტიკური კურსის მომხრე ჰასან როჰანის არჩევის შემდეგ ექსპერტები მოელიან დათმობებისათვის მეტ მზადყოფნას, ბირთვული პროგრამის საკითხში თეირანის მიმართ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

სანქციების შედეგად, შემცირებულია ირანიდან ნავთობის ექსპორტი, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის ეკონომიკისათვის, შეიზღუდა ირანის საერთაშორისო საბანკო ტრანსაქციები.

ამასთან, ირანი უარყოფს დასავლეთის ქვეყნების ბრალდებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ჟენევის მოლაპარაკებებზე ირანში კონსერვატიული ძალების უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ, პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ პირობა დადო, რომ თეირანი უარს არ იტყვის ბირთვული პროგრამის საერთაშორისო სამართლით კანონიერ ნაწილზე, მაგალითად, ურანის გამდიდრებაზე.

„ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომლებსაც ვერ გადააბიჯებ. ჩვენი წითელი ხაზებია ირანელი ხალხის უფლებები, ჩვენი წითელი ხაზებია ეროვნული ინტერესები და ეს მოიცავს საერთაშორისო რეგულაციების ჩარჩოებით გათვალისწინებულ უფლებებს და ირანის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრებას“, განაცხადა კვირას ირანის პრეზიდენტმა.

მეორე მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს იჩქაროს ირანთან შეთანხმების დადება.

აშშ-ის ტელევიზიასთან ინტერვიუში კერიმ განმარტა, რომ აშშ აპირებს, იმოქმედოს რეგიონში თავისი მოკავშირეების (მათ შორის, ისრაელის) ინტერესების გათვალისწინებით. საქმე ეხება ქვეყნებს, რომელთა შეშფოთებასაც იწვევს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პარსპექტივა.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ეს იქნება კარგი შეთანხმება ან საერთოდ არ იქნება შეთანხმება. ამიტომ არის ასე ძნელი. ამიტომ არ გავაფორმეთ შეთანხმება აქ ბოლო რამდენიმე დღეში, რადგან ჩვენ ვართ ერთად, საერთო პოზიციით და ვცდილობთ, წინ წავწიოთ საკითხები, რომლებიც გვჯერა, რომ შექმნის გარანტიებს, რომლებსაც ისრაელი და დანარჩენი მსოფლიო მოითხოვს“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას ისევ გააკრიტიკა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის შესაძლო შეთანხმება. მისი განცხადებით, ისრაელი კვლავაც მოითხოვს იმის უზრუნველყოფას, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალი.
XS
SM
MD
LG