Accessibility links

logo-print
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ადამიანმა აღნიშნა ისლამისტური რევოლუციის 35-ე წლისთავი, მოვლენის ეპიცენტრში კი თეირანის ცენტრალური - აზადის - მოედანი იყო, სადაც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა საზეიმო თავყრილობაში. აზადის მოედნიდან მოსახლეობას მიმართა ქვეყნის პრეზიდენტმა, ზომიერი შეხედულებების ჰასან როჰანიმ, რომლის გამოჩენასაც ბრბო შეხვდა შეძახილებით „ძირს აშშ“ და „სიკვდილი ისრაელს“. თავად ირანის პრეზიდენტი მოზომილად ლაპარაკობდა საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე. როჰანიმ განაცხადა, რომ იგი მზად არის განაგრძოს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებები, რასაც დასავლეთისათვის „სერიოზული გამოცდა“ უწოდა:

„მოლაპარაკებები ბირთვული პროგრამის გარშემო ისტორიული გამოცდაა ევროპისა და აშშ-ისათვის. თუ ისინი ამ მოლაპარაკებებზე კანონების, ირანის სახელმწიფოს უფლებების, ორმხრივი ინტერესების პატივისცემისა და თანამშრომლობის ჩარჩოებში იმოქმედებენ, ისინი ირანისა და დიდი ირანელი ხალხის მხრიდან შესაბამის და პოზიტიურ პასუხს გაიგონებენ“.

ირანის პრეზიდენტმა საზეიმო მიმართვაში ილაპარაკა ირანის მიმართ დაწესებულ სანქციებზე, რომელთაც „უსამართლო“ და ბავშვური გადაწყვეტილება უწოდა:

„ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სანქციები მკაცრი, უსამართლო და არასწორია. მსოფლიომ არ უნდა განაგრძოს ეს სანქციები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“.

ჰასან როჰანი, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა გასული წლის აგვისტოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, დასავლეთთან მოლაპარაკების ინიციატივით გამოვიდა. ნოემბერში ირანისა და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შეხვედრაზე, ეკონომიკური სანქციების შერბილების სანაცვლოდ, ირანი ურანის გამდიდრებისა და სხვა ბირთვული აქტივობების შემცირებაზე დათანხმდა. მოელიან, რომ ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოს შორის მომავალ კვირაში განახლდება მოლაპარაკება, რომელზეც ირანის ბირთვული პრობლემის მოწესრიგების გრძელვადიან შეთანხმებაზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG