Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში გალერეა „კონტეინერმა“ უმასპინძლა ირანელი მხატვრისა და ფოტოგრაფის გამოფენას, სახელწოდებით „გზად“. ის სამი წელია თბილისში ცხოვრობს და მისი ნამუშევრები, ნახატები და ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელმა ნახა, სწორედ თბილისშია შექმნილი. რით დაინტერესდა აქ ფარვიზი?

თბილისში საბჭოთა არქიტექტურით ნაშენები სახლების სადარბაზოებზე 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოკიდებული რკინის კარი ერთი ისეთი რამაა, რასაც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი, სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლებად აღიქვამს საინტერესო და საყურადღებო საგნად. მაქსიმუმ მაშინ შეიძლება გამოიჩინოს ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანმა ამ კარის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება, როცა მასზე დამონტაჟებული ე.წ. გასაღები-კოდის ციფრები ავიწყდება და იწყებს ამ ციფრებისგან სხვადასხვა კომბინაციების შექმნას, რომ როგორმე სახლის სადარბაზოს კარი გააღოს. აი, შეიძლება სწორედ ასეთ დროს მიაქციოს კაცმა ყურადღება, მაგალითად, ამ კარზე გაკრულ სხვადასხვა განცხადებებს, ისეთებს, როგორიცაა: „გადავაყენებ ვინდოუსს“, „ვამზადებ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის“, „შევაკეთებ ტექნიკას“, „ვიბარებ თმას“ და ა.შ.

„კარი, რომლიდანაც სახლში შედიხარ - ამჟამად, ეს არის ჩემი ინტერესის სფერო“, მეუბნება ირანელი მხატვარი და ფოტოგრაფი ფარვიზ მასუდი და ამატებს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ძველ ქალაქში - და არამხოლოდ იქ - მრავლად გადააწყდება ადამიანი ლამაზ, ჩუქურთმიან, უნიკალურ სადარბაზოების კარებს, მე რატომღაც სწორედ ამ, ერთი შეხედვით, უსახურმა, ყრუ რკინის კარმა დამაინტერესა. გგონია, რომ შეაღებ სადარბაზოს ამ მძიმე კარს და მის მიღმა უფერული, უინტერესო, სევდიანი ბინები უნდა დაგხვდეს, მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. იქ ცხოვრობენ ადამიანები, თავიანთი მრავალფეროვანი ცხოვრებით, ზოგჯერ შეიძლება სევდიანებიც, მაგრამ ეს მხოლოდ ზოგჯერ, - ჰყვება 69 წლის ხელოვანი, რომლის ფოტოები და ნახატები გალერეა „კონტეინერში“ გამოიფინა. სიურპრიზი ელოდა გალერეაში მისულ დამთვალიერებელს. საგამოფენო კედელზე - არც მეტი, არც ნაკლები - ყველასათვის ნაცნობი და ერთმანეთისგან თითქმის არაფრით გამორჩეული სადარბაზოების რკინის კარების ფოტოები ეკიდა. ფარვაზს 500-მდე მსგავსი ფოტო აქვს გადაღებული, თუმცა გამოფენისთვის მხოლოდ რამდენიმე შეარჩია. ფარვაზი იხსენებს გადაღების პროცესსაც, როდესაც დადიოდა ქალაქის ქუჩებში და აგროვებდა ფოტოებს:

„ბევრი ძალიან უცნაურად მიყურებდა და თვალებში ეწერათ კითხვა, ვინ არის ეს გიჟი, რატომ იღებს ამ სადარბაზოს კარსო. მაგრამ მე ეს ხელს არ მიშლიდა. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, მართლა ბევრი ლამაზი ადგილია ისეთი, რომლის გადაღებაც მოუნდება ფოტოგრაფს, მაგრამ სილამაზეს ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს. და ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ლამაზი შეიძლება იყოს კარი, რომელზეც მიწებებულია განცხადებები“.

არ ვიცი, ეს ცნობიერი აქტია მისი მხრიდან თუ არაცნობიერი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მუსლუმანურ კულტურაში გამოსახულება აკრძალულია. ამიტომ იქ აბსტრაქცია და დეკორაცია არის გამოსავალი, გამოთქვა აზრი...

ფარვიზ მასუდი 1946 წელს ჩრდილოეთ ირანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე, დაიბადა. დათვლილი აქვს: ცხოვრების მანძილზე 19-ჯერ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. თავდაპირველად ფარვიზისა და მისი მრავალსულიანი ოჯახის დაუსრულებელი გადაბარგება ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, მისი სიტყვებით, უკმაყოფილებას უკავშირდებოდა. შემდეგ უფრო აკონკრეტებს, პოლიტიკურ უკმაყოფილებასო. 16 წლის იყო, ოჯახი თეირანში რომ გადავიდა საცხოვრებლად. მოგვიანებით ფარვიზი იტალიასა და გერმანიაში მიდის სასწავლებლად. შტუტგარტში პოლიგრაფიული ტექნოლოგიების სწავლის შემდეგ, ის ირანში ბრუნდება და რეპროგრაფიულ ფირმას აარსებს. 1991 წელს ფარვიზი ოჯახთან ერთად გერმანიაში გადადის საცხოვრებლად და მეუბნება, ჩემი დაუსრულებელი მოგზაურობა დასრულდა გერმანიაში, მას შემდეგ, რაც მომავალი მეუღლე გავიცანი და მიუნხენში დავსახლდიო. „გზად“ - ასე ჰქვია ფარვიზის გამოფენას თბილისში, სადაც, გარდა ფოტოებისა, მან აკვარელსა და ზეთში შესრულებული აბსტრაქციები წარმოადგინა, ევროპული და აზიური ხელოვნების ნაზავი. ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი მის ნამუშევრებს მედიტაციურს უწოდებს და ერთ მიგნებაზე ლაპარაკობს, რომელიც მან ირანელი ხელოვანის ნამუშევრებში აღმოაჩინა:

„არ ვიცი, ეს ცნობიერი აქტია მისი მხრიდან თუ არაცნობიერი, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მუსლუმანურ კულტურაში გამოსახულება აკრძალულია. ამიტომ იქ აბსტრაქცია და დეკორაცია არის გამოსავალი, გამოთქვა აზრი. მის ფოტოგრაფიაშიც იგრძნობა ეს კონსტრუქციულ-აბსტრაქციული აზროვნება, თუმცა იქ ნათლად ხედავ, რომ კარია გადაღებული, მაგრამ ხელოვანის ლაქობრივი აზროვნება მის ფოტოებსაც ეტყობა“.

ფარვიზ მასუდი საგამოფენო სივრცის - „კონტეინერის“ - გალერისტმა თინათინ კიღურაძემ სწორედ გალერეა „კონტეინერში“ერთ-ერთ გამოფენაზე გაიცნო. როგორც ის ჰყვება, სწორედ მაშინ დაიბადა ფარვიზის გამოფენის მოწყობის იდეა. „კონტეინერი“ აღმოჩნდა ის სივრცე, რომელიც ირანელ ხელოვანს თავისი ნამუშევრების გამოსაფენად მოეწონა:

„სამი წელია აქ ცხოვრობს და მანამდე სურვილი არ გასჩენია, რომ გამოეფინა თავისი ნამუშევრები. ჩვენთან მოსვლის შემდეგ კი თქვა, ეს არის შესაფერისი სივრცე ჩემი ნახატების გამოსაფენადო“.

გურამ წიბახაშვილი გამოფენისთვის მზადების პერიოდს იხსენებს:

„მან დარბაზი თვითონ მოაწესრიგა. მაგალითად, არ მოეწონა ორი ფანჯარა, რომელიც ჩვენს საგამოფენო სივრცეში იყო, და ამოქოლა ისინი და თქვა, მე მინდა ეს იყოს თეთრი, სადა კედელი, რომ ფანჯარა არ უშლიდეს ჩემს ნამუშევრებსო. ეს არის უკვე ევროპაში შეძენილი აზროვნება, რომლითაც ის აწესრიგებს არა მარტო თავის ნამუშევარს, არამედ მთელ საგამოფენო სივრცეს, რომ დამთვალიერებლისთვის ეს იყოს უფრო სწორად აღსაქმელი და ადვილად მისაღები და ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომა ქართველებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენც ვისწავლოთ საქმის ბოლომდე კეთება... და მან ეს გააკეთა“.

ეს ფოტოები განსაკუთრებით საინტერესოა დღეს, რადგან ის სახლი, რომელშიც ჩრდილოეთ ირანში ვცხოვრობდით, ძალიან ჰგავს აქაურ ძველებურ სახლებს, ხით ნაკეთი აივნებით და ჩუქურთმებით...

ფარვიზის გატაცება მხატვრობით ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში, 5 წლის ასაკში, დაიწყო. ფარვიზის ბიძა მხატვარი იყო. და როცა მისი თანატოლები ქუჩაში გარბოდნენ სათამაშოდ, პატარა ფარვიზი სახლში რჩებოდა და უყურებდა, როგორ ხატავდა ბიძა. რაც შეეხება ფოტოგრაფიას, 15 წლის იყო, მამამ ფოტოაპარატი რომ აჩუქა. სწორედ იმ ფოტოაპარატით დაიწყო გადაღება ფარვიზმა. ძირითადად ოჯახის წევრებს და მის გარშემო არსებულ ცხოვრებას იღებდა. თუმცა არის რამდენიმე ფოტო, რომელიც მან იმ პერიოდში გადაიღო და როლებიც დღემდე გამორჩეულად უყვარს:

„ეს ფოტოები გადაღებულია ჩვენს სახლში, ჩრდილოეთ ირანში. აი, მაგალითად, ერთი ფოტოა, რომელზეც ჩემი ბიძაშვილი აღვბეჭდე. ის ჩემზე 6 წლით უფროსი იყო. ამ ფოტოზე მას ჰალსტუხი უკეთია. კარგად მახსოვს ეს ფოტო და ძალიან მიყვარს. და ეს ფოტოები განსაკუთრებით საინტერესოა დღეს, რადგან ის სახლი, რომელშიც ჩრდილოეთ ირანში ვცხოვრობდით, ძალიან ჰგავს აქაურ ძველებურ სახლებს, ხით ნაკეთი აივნებით და ჩუქურთმებით“.

ფარვიზ მასუდი 2003-07 წლებში მიუნხენში რამდენიმე ათეული გამოფენის ორგანიზატორი და კურატორი იყო. როგორც ის ამბობს, ხელოვნებასთან მუდმივი კავშირი მას სტიმულსა და მოტივაციას აძლევს მომავალი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარდა გამოფენების ორგანიზებისა, ფარვიზ მასუდის ნამუშევრები მუდმივად იფინება გერმანიაში.

ყველა ნახატი, რომელიც ფარვიზმა გალერეა „კონტეინერში“ გამოფინა, თბილისშია დახატული. მისი თქმით, ის აბსტრაქციები, ის ფერები, რასაც ის ხატავს, იმ გარემოს და ყოფას ასახავს, რომელშიც ის დღეს ცხოვრობს. ფარვიზი და მისი ცოლი უკვე სამი წელია თბილისში სამსახურებრივი მისიით იმყოფებიან. თბილისი კი ფარვიზის შემოქმედებაში თბილი და მშვიდი ფერებით გამოიხატება. შეიძლება ითქვას, რომ ფარვიზი სულ ხატავს და ამას ასე ხსნის: ხატვა მხოლოდ ხატვის პროცესი არ არის, ეს გაცილებით ხანგრძლივი პროცესია - ფიქრიდან დაწყებული, პალიტრამდე მისვლით დამთავრებულიო. რაც შეეხება ფოტოგრაფიას, ის ყოველდღე ორ-სამ საათს ატარებს ქუჩებში იმისათვის, რომ თავისთვის საინტერესო კადრები აღმოაჩინოს. ის არასდროს იღებს ადამიანებს. და ეს იმიტომ არა, რომ ადამიანების გადაღება საინტერესო არ არის, მეუბნება ფარვიზი. მას ამის კონკრეტული მიზეზი აქვს: არ უყვარს, როცა ადამიანებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. ფიქრობს, რომ როცა ადამიანს ფოტოს გადაღებას სთხოვს, ისინი ცოტათი მაინც წუხდებიან... სამაგიეროდ, ფარვიზი იღებს იმ სადარბაზოების კარს, რომელთა მიღმაც ის ადამიანები ცხოვრობენ, ვისი შეწუხებაც ერიდება. და არც მეტი, არც ნაკლები, მისი ფოტოკამერის ობიექტი უბრალოდ წარმოიდგენს, როგორი ადამიანები შეიძლება ცხოვრობდნენ უსახური, ნაირნაირი განცხადებებით აჭრელებული რკინის კარის უკან.

XS
SM
MD
LG