Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი როკმუსიკოსები კოლეგამ დახოცა


ნიუ-იორკის პოლიცია იძიებს სამი კაცის მკვლელობას, რომლის ჩამდენმაც მოგვიანებით იმავე ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. შეიარაღებული პირი აღმოჩნდა ირანელი როკმუსიკოსი, რომელმაც, პოლიციის თანახმად, თავისი ანსამბლის ყოფილი წევრები დახოცა.

ალი აკბარ მოჰამად რაფიიმ, პოლიციის ინფორმაციით, ორშაბათ დილით, ვიდრე სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა, ცეცხლსასროლი იარაღით სამი ირანელი მამაკაცი მოკლა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად სახელდება როკჯგუფ „სამი გასაღებიდან“ მისი განთავისუფლება, რამაც რაფიი მწყობრიდან გამოიყვანა.

აი, რას ამბობს რეი კელი, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის კომისარი:

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამივე მოკლული ირანელი ანდა ირანში დაბადებულია. მათი აქაური სტატუსი ჯერ უცნობია, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, უთანხმოება მათ შორის წარმოიშვა რაღაც ფულის გამო, რაც მუსიკოსების ჯგუფს უკავშირდებოდა“.

ისინი ჩემი მეგობრები არიან. მე აქ ორწელიწად-ნახევარია, რაც ვცხოვრობ და ისინი ერთ-ერთი პირველები არიან, ვისაც მე აქ ჩამოსვლის შემდეგ შევხვდი...
დენი კრუგი
ორი მოკლული, გარდა საკუთარისა, შეთავსებით, კიდევ სხვა ანსამბლის, „ყვითელ ძაღლების“, წევრი იყო. ძმები სურუშ და არაშ ფარაზმანდები აშშ-ში სამი წლის წინ ჩავიდნენ, მას შემდეგ, რაც ირანში გადაღებულ იმ ფილმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ქვეყანაში ანდერგრაუნდის მუსიკას შეეხებოდა. მათი მენეჯერი ამბობს, რომ მათ სურდათ ღია სივრცეში შეესრულებინათ როკმუსიკა.

მუსიკოსებს ასე ახასიათებს დენი კრუგი, ფოტოგრაფი და ჯგუფის მეგობარი:

„ისინი ჩემი მეგობრები არიან. მე აქ ორწელიწად-ნახევარია, რაც ვცხოვრობ და ისინი ერთ-ერთი პირველები არიან, ვისაც მე აქ ჩამოსვლის შემდეგ შევხვდი“.

მესამე მსხვერპლი, ალი ისკანდერიანი, ასევე მუსიკოსია. მსახიობად მოიხსენიება მეოთხე პირი, რომელიც მრისხანების დროს დაიჭრა.

საუნდბაითი: „მე შოკირებული ვარ. ვფიქრობ... არ ვიცი“.

ნიუ-იორკში მომხდარმა ძალადობამ შეძრა ჯგუფის წევრთა მეგობრები და მეზობლები. პოლიცია იძიებს როგორც დანაშაულის მოტივს, ისე მსხვერპლსა და თავდამსხმელს შორის არსებულ კავშირებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG