Accessibility links

საუდის არაბეთი და ირანი კონფრონტაციის კურსზე


ირანში საუდის არაბეთის საელჩოს შენობა თავდასხმის შემდეგ

ირანში საუდის არაბეთის საელჩოს შენობა თავდასხმის შემდეგ

საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა ირანთან, რეგიონში თავის მეტოქესთან, მას შემდეგ, რაც ირანში თავს დაესხნენ საუდის არაბეთის საელჩოსა და საკონსულოს. თეირანში შიიტი დემონსტრანტების ეს ძალადობა მოჰყვა საუდის არაბეთში ცნობილი შიიტი მოძღვრის, შეიხ ნიმრ ალ-ნიმრის, სიკვდილით დასჯას. დაპირისპირება ცხადყოფს ახლო აღმოსავლეთში წამყვან სუნიტურ და შიიტურ ქვეყნებს შორის დაძაბულობის მატებას.

საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ადელ ალ-ჯუბეირმა 3 იანვრის საღამოს გამოაცხადა, რომ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია: „სამეფო, ამ მოვლენების გათვალისწინებით, აცხადებს, რომ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია და ირანის დიპლომატიური მისიების - საელჩოს, საკონსულოს და სხვა უწყებების - წარმომადგენლებს სთხოვს, 48 საათის განმავლობაში გაემგზავრონ. ელჩი დაბარებულია მისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად“.

მოვლენები, რომელთა გათვალისწინებითაც, როგორც ჯუბეირმა რიადში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, საუდის არაბეთმა ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღო, იყო 3 იანვრის დილას დემონსტრანტების შეჭრა თეირანში საუდის არაბეთის საელჩოსა და საკონსულოში. ინციდენტის დროს შენობას რამდენიმე ადგილას ცეცხლი წაუკიდეს, ქაღალდები გადმოყარეს შენობის სახურავიდან. იუწყებიან აგრეთვე, რომ ირანში საუდის არაბეთის ყველა დიპლომატს დაევალა სამშობლოში დაბრუნდეს სამეფოს საელჩოზე თავდასხმის შემდეგ. ამასობაში, ბაჰრეინმა და სუდანმაც გამოაცხადეს, რომ წყვეტენ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (ასევე საუდის არაბეთის მოკავშირე სახელმწიფომ) გამოაცხადა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის შეზღუდვის შესახებ.

ამ ცნობების ფონს ქმნის საუდის არაბეთსა და ირანს შორის სულ უფრო კონფრონტაციული განცხადებები.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ საუდის არაბეთი გააფრთხილა, რომ მას „ღვთის შურისძიება“ ემუქრება შიიტი სასულიერო პირის შეიხ ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯისთვის.

„მართლაც, დანაშაულია, მოკლა სათნო, ღვთისმოსავი რელიგიური სწავლული, რომლის საქმიანობაც საკეთის გაბატონებასა და ბოროტების აღკვეთას ემსახურებოდა. მისმა სისხლმა ის წამებულად აქცია. ეს არის ძალიან დიდი დანაშაული! ეს არის ბოროტი საქმე, რადგან მისი სისხლი, ეჭვი არ არის, მათ მოსვენებას არ მისცემს. ამაში ეჭვი არ მეპარება! საუდის არაბეთში პოლიტიკოსებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა სათანადო შეფასების გარეშე არ უნდა დატოვონ, რომ სისხლი მათ მოსვენებას არ მისცემს, გატანჯავს მათ“, - ეს სიტყვები წარმოთქვა აიათოლა ალი ხამენეიმ 3 იანვარს, როცა მიმართავდა თეირანში ირანელი შიიტი სასულიერო პირების შეკრებას.

თავის მხრივ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიადში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის რეჟიმს აქვს უცხოეთის დიპლომატიურ მისიებში შეჭრის ხანგრძლივი ტრადიცია, 1979 წელს აშშ-ის საელჩოს ოკუპაციის გათვალისწინებით. მინისტრმა თეირანი ტერორიზმის ხელშეწყობაშიც დაადანაშაულა: „მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, არ მივცეთ ირანს ჩვენი უსაფრთხოების შეზღუდვის უფლება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, არ მივცეთ ირანს ჩვენს ქვეყანაში ან ჩვენს მოკავშირეთა ქვეყნებში ტერორისტული უჯრედების მობილიზების ან შექმნის შესაძლებლობა“.

საუდის არაბეთი, რომელსაც სუნიტური სამეფო დინასტია მართავს, ახლო აღმოსავლეთში გავლენისათვის ბრძოლაში უპირისპირდება შიიტურ ირანს. ორივე ქვეყანა იყენებს მოკავშირეებს, რათა პოზიციები გაიძლიეროს ქვეყნებში, როგორიც არის იემენი, ბაჰრეინი, ერაყი, სირია.

შიიტი სასულიერო პირის ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯა, რომლის შესახებაც 2 იანვარს გამოაცხადა საუდის არაბეთმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს დაპირისპირებას. ალ- ნიმრი იყო საუდის არაბეთში მარგინალიზებული შიიტური უმცირესობის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციების ხელმძღვანელი, ვიდრე მას 2012 წელს დააკავებდნენ და ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლებდნენ. მის გარდა, სიკვდილით იქნა დასჯილი 46 ადამიანი, მათ შორის, სამი შიიტი დისიდენტი. ალ-ნიმრის მოკვლამ შიიტების აღშფოთება გამოიწვია მთელ რეგიონში.

უცხოეთში შეშფოთებით ადევნებენ თვალს საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობის მკვეთრად გაუარესებას. შეერთებულმა შტატებმა რეგიონის ლიდერებს მოუწოდა გადადგან ნაბიჯები დაძაბულობის განსამუხტად. მხარეებს დიალოგისაკენ მოუწოდებენ ევროპის ქვეყნებიც, მათ შორის, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG