Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯაროდ სიკვდილით დასჯა და მიბაძვის საზარელი შედეგი


ირანში ყოველწლიურად ათეულობით ადამიანს სჯიან სიკვდილით საჯაროდ. ასე იყო 2013-შიც. ამგვარად ჩამოხრჩობილებს ვერ მიათვლი 12 წლის ქირმანშაჰელ ბიჭუნას, მეჰრანს, რომელიც თავის ძმასთან ერთად ჩამოხრჩობანას თამაშს ემსხვერპლა. მეჰრანი და მისი ძმა არაერთხელ შესწრებიან ამ სანახაობას - საჯაროდ ადამიანის ჩამოხრჩობას, რისი მიბაძვითაც გაითამაშეს მათ სცენა. მეჰრანმა ძმის დახმარებით თავზე ჩამოიცვა ყულფი და, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობაზე არც კი უფიქრია. მეჰრანის სიკვდილის შემდეგ სოფელში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, ქელაშლულემში, ირანელი ჟურნალისტი მოხთარ ხანდანი იმყოფებოდა, რომელიც მოქრიანის საინფორმაციო სააგენტოში საქმიანობს:

„ოჯახის წევრებს, დედას, მამას, ასევე ბიძას ველაპარაკე, - ჰყვება ის. - როგორც მათ თქვეს, უმცროს ძმას თოკი მოუმზადებია, შემდეგ 12 წლის მეჰრანს თავი ყულფში გაუყვია და თავი ჩამოუხრჩვია. უმცროს ძმას თავიდან ჰგონებია, რომ ხუმრობდა, მერე შეშინებია და უფროსებისთვის დაუძახია, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა: მეჰრანი უკვე მკვდარი იყო, როცა ისინი მისულან“.

თამაშმა მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა, სანამ ძმები თოკს სინათლის ბოძზე მიამაგრებდნენ, მერე მეჰრანი ურიკაზე შედგებოდა, ყულფს თავზე ჩამოიცვამდა და მისი რვა წლის ძმა ურიკას ფეხს გაჰკრავდა. როცა სუნთქვა შეეკრა, მეჰრანი აცახცახდა, მაგრამ საჯაროდ ჩამოხრჩობილებს კი არ ბაძავდა, როგორც ძმას ეგონა, არამედ მართლა კვდებოდა. მეჰრანი მოულოდნელი მსხვერპლია ირანის ისლამური რესპუბლიკის საჯაროდ ჩამოხრჩობის წესისა, რომელიც 2012 წელს 63-ჯერ აღსრულდა, წელს კი დაახლოებით ათით მეტჯერ. ბევრად დიდია რიცხვი საერთოდ სიკვდილით დასჯილი ადამიანებისა, ის რამდენიმე ასეულს აღწევს, მაგრამ განაჩენი, უმეტესად, ციხეებში მოჰყავთ სისრულეში. მთავრობა მხოლოდ 330 შემთხვევას აღიარებს, რომელთა შესახებ პრესაც იუწყებოდა. ხელისუფლების მიერ არაღიარებული 195 შემთხვევის თაობაზე უფლებადაცვის აქტივისტები იტყობინებიან. ირანში სიკვდილით დასჯილთა უმეტესობა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში იყო ბრალდებული. ირანის კანონის თანახმად, საჯაროდ სიკვდილით დასჯა მოსახლეობაში დანაშაულის ჩადენის შიშს იწვევს. ისლამური რესპუბლიკის კანონით, ჩამოხრჩობით სიკვდილით სჯიან მკვლელებს, სექსუალურ მოძალადეებსა და ნარკოტიკებით მოვაჭრეებს. როგორც ჩანს, საჯაროდ ჩამოხრჩობა მხოლოდ უფროსთა საყურებელი არ არის. მოხთარ ხანდანი ამბობს, რომ მას თავის მხარეში არაერთხელ უნახავს საჯარო ჩამოხრჩობის მაყურებელი ბავშვები:

ბავშვებს, რომლებიც ძალადობის მიმართ იმუნური ხდებიან ასეთი სცენების ყურებით (თუნდაც არ იყვნენ მსხვერპლი, იმ ბიჭუნას მსგავსად), მომავალში, როცა გაიზრდებიან, ძლიერი მიდრეკილება აქვთ ძალადობის მიმართ, ის მათში ღრმად არის ხოლმე გამჯდარი...
ფარია ბარლასი
„ქირმანშაჰში, სადაც მე ვცხოვრობ, არერთხელ შევსწრებივარ საჯარო ჩამოხრჩობას. სამწუხაროდ, ხშირად დაინახავთ ამ დროს იქ ბავშვებს. ბავშვებმა ეს ჩამოხრჩობა თამაშად შეიძლება აღიქვან“.

ირანში იმპროვიზებული სახრჩობელის როლს ამწე თამაშობს. სიკვდილმისჯილს თვალებს უხვევენ, ხელბორკილებს ადებენ და შეიარაღებული გუშაგების თანხლებით გამოჰყავთ ხალხის წინაშე მოედანზე. ხშირად რამდენიმე პირს ჩამოახრჩობენ ხოლმე თანმიმდევრობით. შეკრებილთა უმეტესობა შოკირებულია ნანახით. არიან ისეთებიც, რომლებიც დასჯილს ან დასცინიან, ან, უბრალოდ, იცინიან ხოლმე. რას ფიქრობენ ბავშვები ასეთ დროს, ძნელი სათქმელია, მაგრამ საფიქრებელია და ამას ფსიქოლოგებიც ადასტურებენ, რომ ასეთი სანახაობა მათ გულგრილს არ ტოვებს. ფარია ბარლასი, კლინიკური ფსიქოლოგი, რომელიც ლონდონში მუშაობს, ამბობს, რომ ზოგიერთი ბავშვი, მეჰრანის მსგავსად, ნახულს თეატრად აღიქვამს. სხვები ხვდებიან, რომ ეს სინამდვილეა და სისასტიკეს ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ. ეს კი იწვევს ძალადობის მიმართ მათ უგრძნობლობას, რაც მომავალში მათშივე ძალადობისთვის მეტ მზადყოფნას აღვივებს:

„ბავშვებს, რომლებიც ძალადობის მიმართ იმუნური ხდებიან ასეთი სცენების ყურებით (თუნდაც არ იყვნენ მსხვერპლი, იმ ბიჭუნას მსგავსად), მომავალში, როცა გაიზრდებიან, ძლიერი მიდრეკილება აქვთ ძალადობის მიმართ, ის მათში ღრმად არის ხოლმე გამჯდარი. ასეთი ბავშვების მიერ ძალადობის გამოვლენის ალბათობა, განზრახ თუ უნებურად, ბევრად უფრო მაღალია ხოლმე“.

ირანი, სიკვდილით დასჯილთა რაოდენობით, ჩინეთის შემდეგ მეორეა მსოფლიოში. პეკინი არ აქვეყნებს სტატისტიკას, მაგრამ მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ჩინეთში ათასობით ადამიანს სჯიან სიკვდილით ყოველწლიურად. სიკვდილით დასჯის ასე გავრცელებული პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის მთელ მსოფლიოში გაბატონებულ ტენდენციასთან, იმ ფაქტთან, რომ სულ უფრო მცირდება ქვეყნების რიცხვი, სადაც ადამიანს ჩადენილი დანაშაულის გამო კლავენ. 1995 წელს 41 ქვეყანა მიმართავდა სიკვდილით დასჯას. შარშან მათი რიცხვი უკვე ოცით ნაკლები იყო.
ყოველი წლის ათ ოქტომბერს აღინიშნება სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო მსოფლიო დღე. მისი დამფუძნებელი „კოალიცია სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ“ მიზნად ისახავს დედამიწაზე სიკვდილით დასჯის გაუქმებას მიაღწიოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG