Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამასა და ნეთანიაჰუს შორის ირანის ბირთვული პროგრამის გამო უთანხმოება გრძელდება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განსხვავებულად აფასებენ ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელსაც თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ირანმა და „ექვსეულმა“ 2 აპრილს ლოზანაში მოაწერეს ხელი. ბარაკ ობამამ შეთანხმებას „უიშვიათესი შესაძლებლობა“ უწოდა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი - „ისტორიულად ცუდი დოკუმენტი“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული ჩარჩო-შეთანხმება არის ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნისათვის ხელის შეშლისა და ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების დამკვიდრების უიშვიათესი შესაძლებლობა. „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრული შესაძლო სარგებელი ბევრად აჭარბებს მოსალოდნელ საფრთხეებს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ჩარჩო-შეთანხმება შეაფასა როგორც „ცუდი დოკუმენტი“. „სიენენთან“ ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება „არ შეუშლის ხელს ირანის ბირთვულ პროგრამას“, რადგან ქვეყნის ტერიტორიაზე ტოვებს „ატომური ინფრასტრუქტურის“ უდიდეს ნაწილს:

„მე არავითარი შეთანხმების დარღვევას არ ვცდილობ. მე მინდა დავარღვიო ცუდი გარიგება. თქვენ ამას ისტორიულ გადაწყვეტილებას, ისტორიულ შეთანხმებას უწოდებთ. ეს იქნება ისტორიულად ცუდი შეთანხმება, რადგან ჩვენი დროის გამოჩენილ ტერორისტულ სახელმწიფოს უტოვებს მძლავრ ატომურ ინფრასტრუქტურას. დაიხსომეთ, არც ერთი ცენტრიფუგა არ განადგურებულა - დარჩება ათასობით ცენტრიფუგა ურანის მისაღებად და არც ერთი სადგური - მათ შორის, არც ერთი მიწისქვეშა ატომური სადგური - არ დაიხურება“.

ირანმა და მსოფლიო ექვსეულმა ჩარჩო-შეთანხმება დადეს 2 აპრილს შვეიცარიაში რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ. საბოლოო შეთანხმება 30 ივნისამდეუნდა იყოს მიღწეული. ჩარჩო-შეთანხმებაზე ვრცლად ისაუბრა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩევლის მოადგილემ ბენ როუდსმა. 5 აპრილს ტელეკომპანია „სიენენზე“ ფარიდ ზაქარიას საავტოროო გადაცემაში სტუმრად მყოფმა ბენ როუდსმა ყურადღება გაამახვილა შეთანხმების დადებით მხარეებზე და იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც ირანის მხრიდან პირობების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს:

„ჩვენ განვიხილავთ, როგორც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რამდენიმე ვარიანტს. არსებითია პირველი - ისეთი გრძელვადიანი, კონტროლს დაქვემდებარებული, შეთანხმება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნას; მეორე - ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ სამხედრო ზომები, რის გამოც მსგავსი შეთანხმებით უკვე ვეღარ მოხერხდება ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, რაც რეგიონისათვის დიდი საფრთხის შემცველია; და მესამე - შესაძლოა უფრო მეტი სანქცია დავუწესოთ ირანს, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც სანქციებს ვუწესებდით, თეირანი აუმჯობესებდა საკუთარ ბირთვულ პროგრამას. და თუ ისინი ამას გააკეთებენ საბოლოო შეთანხმებისათვის დარჩენილ ამ ორ-სამთვიანი ინტერვალის განმავლობაში, მაშინ ეს პირობა დაირღვევა და ჩვენ იძულებულები გავხდებით გადავწყვიტოთ, ჩავატაროთ თუ არა სამხედრო ოპერაცია. ასე რომ, ალტერნატივის თვალსაზრისით, ეს შეთანხმება ყველაზე საუკეთესო ალტერნატივაა“.

თავის მხრივ, ალტერნატიულ გეგმაზე საუბრობს ირანი. საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, თეირანმა შესაძლოა სრულად გააგრძელოს ბირთვული პროგრამა, თუკი დასავლეთი გავა შეთანხმებიდან, რომლის საბოლოო ვერსიაც ივნისში უნდა გაფორმდეს. ირანს აქვს შესაძლებლობა „შესაბამისი ნაბიჯები“ გადადგას და არსებულ დონეზე „შეძლებს დაუბრუნდეს“ თავის ბირთვულ პროგრამას, მეორე მხარე თუ პატივს არ სცემს შეთანხმებასო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ირანის მთავარი წარმომადგენელი იყო ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. ზარიფმა ამ განცხადებით პასუხი გასცა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემაში დასმულ შეკითხვას. ანალიტიკოსების შეფასებით, მისი განცხადება, უწინარესად, მიმართული იყო კონსერვატიული შეხედულებების მქონე ირანელი პოლიტიკოსებისკენ, რომლებიც მწვავედ ეწინააღმდეგებიან 2 აპრილს შვეიცარიაში მიღწეულ შეთანხმების ჩარჩოს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG