Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება - რეფორმების დასაწყისი?


ჰასან როჰანი
ჰასან როჰანი
ირანში პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას მიესალმნენ უფლებადამცავები. ბევრმა ეს აქტი ირანის რეჟიმის ზომიერი პოლიტიკის პირველ ნიშნად აღიქვა.

განთავისუფლებულთა რაოდენობა თერთმეტია. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი უფლებადამცავები, როგორიცაა ადვოკატი ნასრინ სოთუდე და რეფორმისტი პოლიტიკოსი მოჰსენ ამინზადე. განთავისუფლებულები სასჯელს იხდიდნენ 2009 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აქტიური საპროტესტო მოქმედებისთვის და მათ ვადა შეუმცირეს. სოთუდე ნობელის პრემიის ლაურეატის შირინ ებადის ადვოკატი იყო. ის 2010 წელს დააპატიმრეს და ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას, ირანელ კინორეჟისორ ჯაფარ ფანაჰისთან ერთად, ევროპის კავშირის სახაროვის პრემია მიენიჭა. ევროპის პარლამენტის წევრმა მარიეტე სხააკემ, რომელმაც თავის დროზე პრემიაზე წარადგინა სოთუდე, რადიო თავისუფლებას უთხრა:

„ამაღელვებელი, ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ საქმე მოჰყვეს სიტყვებს და დაპირებას, ასევე მიზანს, რომ მეტი ღიაობა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ირანელი ხალხის თავისუფლებებისა და უფლებების მიმართ მეტი პატივისცემა იქნება“.

თეირანის ეს ნაბიჯი წინ უძღვის პრეზიდენტ ჰასან როჰანის ვიზიტს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. უფლებადამცავი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის განყოფილების დირექტორის მოადგილემ ჰასიბა ჰაჯ საჰრაუიმ განაცხადა, რომ პოლიტპატიმართა განთავისუფლება ადამიანის უფლებების, ასევე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისა და აქტივისტების მიმართ რეჟიმის დამოკიდებულების საკითხში ირანის საფუძვლიან ცვლილებას მოასწავებს. ეს თუ ასე არაა, განაცხადა მან, მაშინ ირანი რისკს სწევს, ეს აქტი გაეროს თავყრილობის წინასაჩვენებელ სვლად იქნეს მიჩნეული. საერთაშორისო უფლებადამცავმა ჯგუფებმა მოუწონეს პრეზიდენტ ჰასან როჰანის ეს ქმედება და მოუწოდეს გააგრძელოს უფლებადაცვის სფეროში ვითარების გაუმჯობესებისკენ სვლა.

პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება მოჰყვა ირანის რელიგიური ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მოწოდებას „გმირული მოქნილობისკენ დიპლომატიაში“. ეს გაგებული იქნა, როგორც ალი ხამენეის მინიშნება აშშ-თან, ასევე დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ირანის ურთიერთობაზე. აშშ-ის
ვფიქრობ, საქმე გვაქვს მცდელობასთან, როჰანიმ შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები და დააწყნაროს ვითარება ქვეყნის შიგნით, სადაც, გარედან ეკონომიკური ზეწოლის გამო, სიტუაცია სულ უფრო უარესდება...
ნადერ ჰაშემი
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილემ მარი ჰარფმა განაცხადა,რომ აშშ მიესალმება სოთუდეს განთავისუფლებას. აღნიშნულ აქტს ზოგიერთი მიმომხილველი უყურებს როგორც თეირანის მცდელობას, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომამდე იმიჯი გაიუმჯობესოს. სხვები ამ ნაბიჯში მეტს ხედავენ, ვიდრე მხოლოდ სიმბოლური ჟესტია. მათ რიგშია ალი მაზრუეი, რეფორმისტი იურისტი:

„ეს არის „გმირული მოქნილობის“ დასაწყისი. თუ ირანი საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვას ესწრაფვის, პრიორიტეტი საშინაო ფრონტი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ეს იმ დალოცვილი გზის დასაწყისია, რომელიც, იმედი მაქვს, მიგვიყვანს ყველა პოლიტიკური პატიმრის განთავისუფლებამდე, რაც მოგვიტანს სოციალურ მშვიდობას და, საბოლოოდ, მიგვიყვანს გარე სამყაროსთან დაძაბულობის შემცირების გეგმის განხორციელებამდე“.

დენვერის უნივერსტიტეტში ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის პროფესორი ნადერ ჰაშემი ამ თემას - კერძოდ, პატიმრების განთავისუფლებას - აანალიზებს:

„პოლიტიკური პატიმრების საკითხი დიდი ხანია ირანში მრავალი ადამიანის გულისწყრომას იწვევს. ვფიქრობ, საქმე გვაქვს მცდელობასთან, როჰანიმ შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები და დააწყნაროს ვითარება ქვეყნის შიგნით, სადაც, გარედან ეკონომიკური ზეწოლის გამო, სიტუაცია სულ უფრო უარესდება“.

დაბოლოს, იმასაც გამცნობთ, რომ პოლიტპატიმრების გარდა არის სხვა სიახლეც, კერძოდ ის, რომ სტუდენტები, რომელთაც პოლიტიკური აქტიურობის გამო უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალეს, კვლავ დაუშვეს ლექციებზე.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG