Accessibility links

logo-print

მიიღებს თუ არა საქართველო ირანულ გაზს


გაზის გამანაწილებელი სადგური ირანში

გაზის გამანაწილებელი სადგური ირანში

საქართველოსა და ირანს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის საკმარისი მოცულობით მოწოდების შესახებ როგორც შიდა მოხმარების, ისე ტრანზიტისთვის. ამ ინფორმაციას ავრცელებს გაზეთი „რეზონანსი“, საქართველოში ირანის ელჩზე დაყრდნობით. ამაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც, რომლის თქმითაც, ენერგეტიკის მინისტრი უახლოეს მომავალში აპირებს ვიზიტით ეწვიოს თეირანს.

იმას, რომ ირანიდან ბუნებრივი აირის საქართველოსთვის მოწოდებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი. ის ამბობს, რომ ამ მოტივით, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ფარგლებში, ირანთან პირველი სამუშაო შეხვედრა ჯერ კიდევ გასულ წელს შედგა, სადაც მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა, მისი სიტყვებით, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მარიამ ვალიშვილის თქმით, მოლაპარაკებები ირანთან კვლავაც გრძელდება:

„იგეგმება მინისტრის ვიზიტი ირანში, რომ ქვეყანა ამ ანერგეტიკულ ვაჭრობაში იყოს ჩართული. ამის ინტერესი აქვს ყველა ქვეყანას, იმიტომ რომ სომხეთს დღეს მიეწოდება ირანული გაზი. სანქციების გაუქმების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დაინტერესდება დასავლეთიც ირანული რესურსის მობილიზაციით თავისი ბაზრისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, დაინტერესებულნი ვართ, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში და, მეორე მხრივ, იმ დეფიციტების შევსება, რომელიც შეიძლება დაგვიდგეს დღის წესრიგში, კონკურენტული ფასის პირობებში, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ თუ ეს წინადადება კომერციულად მისაღები იქნება და ტექნიკური შესაძლებლობები მოგვცემს შესაძლებლობას, გარკვეული ვაჭრობის პერსპექტივებიც დავხატოთ“.

გაზეთ „რეზონანსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აბას თალები ფარი ამბობს, რომ ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობა როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის ევროპაში. და ის გამოცემასთან საუბარში მიუთითებს, რომ ირანი ამ ნაბიჯით სხვა ქვეყნებთან კონკურენციაში არ შედის და მიაჩნია, რომ საქართველომ უნდა იმოქმედოს ქვეყნის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მოძიებას. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ ირანის ელჩზე დაყრდნობით წერს, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები და განიხილება რამდენიმე მარშრუტის ვარიანტი, თუ საიდან შეიძლება მიიღოს საქართველომ გაზი ირანისგან. ირანიდან საქართველოსთვის გაზის მოწოდება კი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით - ან აზერბაიჯანის, ან სომხეთის გავლით.აქედან გამომდინარე, როგორც მარიამ ვალიშვილი განმარტავს, აღნიშნულ გზებზე არსებული ინფრასტრუქტურა შესწავლის პროცესშია. გარდა ამისა, მარიამ ვალიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება არ ხდება მხოლოდ საქართველოსთვის ალტერნატიული ენერგორესურსების მოსაძიებლად, არამედ ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის დასადგენად, ანუ ირანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის. მისი თქმით, ამის თაობაზე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ევროკომისიაში:

„მათ გამოთქვეს დაინტერესება, რომ სამხრეთ გაზის დერეფანში, რომელსაც ჩვენ ახლა ვავითარებთ და ჯერჯერობით აზერბაიჯანული რესურსის ტრანსპორტირება ხდება, ამოცანა არის, რომ თურქმენული და ირანული გაზის მობილიზაციაც მოხდეს ამ დერეფანში, რომელიც ემსახურება კასპიის რეგიონის ქვეყნების რესურსების მიმართვას ევროპის დიდ ენერგეტიკულ ბაზარზე“.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო კვლავაც აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოწოდების თაობაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან“, რომელიც საქართველოს, სომხეთისკენ გატარებული გაზის 10 %-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას სთავაზობს. მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ თუკი საქართველო ფულად ანაზღაურებაზე გადავა, მას აუცილებლად მოუწევს 200-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვამომხმარებელთა ბოლომდე დასაკმაყოფილებლად. ამისათვის კი, ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, არსებობს რამდენიმე გზა. მათ შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანული კომპანია „სოკარია“, ხოლო მეორე - ირანი. თუმცა მისი თქმით, საქართველო მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით დათანხმდება ირანისგან გაზის მიღებაზე, თუკი ის საქართველოს ბუნებრივ აირს კონკურენტულ ფასში შესთავაზებს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე აზერბაიჯანულ და რუსულ ფასთან შედარებით, ირანი ბუნებრივი აირისთვის საკმაოდ მაღალ ფასს აწესებს.

რა შეიძლება რუსეთმა საქართველოს მოსთხოვოს ამ პროექტის, ანუ ირანიდან მიღებული ბუნებრივი აირის, სანაცვლოდ? ამ კითხვას სვამს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე. მისი სიტყვებით, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ რა ესაქმება რუსეთს ირანის, სომხეთისა და საქართველოს ენერგეტიკულ ურთიერთობებში. როგორც გიორგი გობრონიძე განმარტავს, სომხეთში ბუნებრივი აირის გამანაწილებელ სისტემას ფლობს „გაზპრომი“ და, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ირანი სომხეთს დაუკავშირდება მხოლოდ რუსული ინფრასტრუქტურის მეშვეობით:

„შესაბამისად, საქართველოს მოუწევს ითანამშრომლოს „გაზპრომთან“ ამ ყველაფრის შესასრულებლად და აქ შეიძლება დაისვას ისევ და ისევ ეს ყბადაღებული მაგისტრალური გაზსადენის „გაზპრომისთვის“ მიყიდვის საკითხი, რაც საქართველოსთვის იქნება ცალსახად წამგებიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია ეს მაგისტრალური გაზსადენი, რომლითაც ამ ეტაპზე, მაგალითად, სომხეთის რესპუბლიკა მარაგდება ბუნებრივი აირით რუსეთის ფედერაციისაგან“.

სწორედ ამიტომ, გიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ რამდენადაც პროცესი საქართველოსთვის საინტერესოა, იმდენად რისკების შემცველია, რადგან ნებისმიერი ეკონომიკური პროცესი, რომელშიც საქართველო ჩართულია რუსეთის ფედერაციასთან ერთად, გულისხმობს საფრთხეებს. გიორგი გობრონიძე ამ შემთხვევაში იხსენებს 2006 წლის ე.წ. ენერგობლოკადას ზამთრის ყინვიან დღეებში. თუმცა, მეორე მხრივ, მისი აზრით, ირანისა და საქართველოს ენერგეტიკული ურთიერთობების განვითარებით გაიზრდება საქართველოს რეგიონალური როლი. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი იმასაც ამბობს, რომ საქართველო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს არ გაიზარდოს ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. მისი სიტყვებით, ეს ფორმატი გამოყენებული უნდა იქნეს ირანსა და სომხეთთან ენერგეტიკული ურთიერთობის მაქსიმალური გაუმჯობესებისთვის და, ამასთანავე, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე მოსკოვთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG