Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმია კოალიციის მხარდაჭერით რამადის დასაბრუნებლად ემზადება


ერაყის ოფიციალურ პირთა თანახმად, შიიტთა გასამხედროებული რაზმები შეუერთდნენ მთავრობის ჯარს, რათა დაიბრუნონ კონტროლი ქალაქ რამადიზე, სუნიტებით დასახლებული რეგიონის, ანბარის, დედაქალაქზე, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა შაბათ-კვირას დაიკავეს.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი ანბარის პროვინციიდან იუწყება, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მთლიანად აკონტროლებენ ქალაქ რამადის, თუმცა ერაყის სამთავრობო ჯარმა, რომელსაც დახმარებას შიიტური სახალხო რაზმის მებრძოლები უწევენ, შეძლეს პოზიციების შენარჩუნება ქალაქის ახლომდებარე რამდენიმე სოფელსა და ქალაქის დასავლეთ ნაწილზე. დედაქალაქ ბაღდადიდან 110 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ რამადისაკენ უკვე დაიძრა მძიმე ტექნიკა და დამატებითი ძალაც, რომლის მობილიზებაც მთავრობამ რამადის უკან დასაბრუნებლად დაიწყო. ერაყის არმიის შვეულმფრენთაა ჯგუფს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ავიაცია უწევს დახმარებას.

მანამდე ანბარის გარშემო შექმნილი ვითარებისა და ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰეიდარ ალ აბადის 17 მაისს აშშ-ის ცენტრალური დაჯგუფების სარდალი გენერალი ლოიდ ოსტინი შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 18 მაისს განაცხადა, რომ იგი ისლამისტების უკუგდებაში დარწმუნებულია:

„’ისლამური სახელმწიფოს’ ექსტრემისტების კომუნიკაცია შემცირდა, მათი ბიუჯეტი და დაფინანსების მექანიზმები შემცირდა და, მთლიანობაში, შემცირდა მათი გადაადგილებაც ძირითადად იმ რაიონებში, სადაც საავიაციო პატრულირება და სხვა ქმედებები ხორციელდება, მაგრამ ყველგან ასე არაა. ამიტომ შესაძლოა განხორციელდეს ისეთი იერიშები, როგორიც რამადიში ვიხილეთ. თუმცა სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეებში ვითარება შეიცვლება“.

ანბარის პროვინციის საბჭოს თავმჯდომარემ საბა კარჰუტმა განაცხადა, რომ შიიტი მეომრები ჩავიდნენ რამადის მახლობლად, ბაღდადიდან 110 კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზაზე და შეუერთდნენ მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ სახალხო მობილიზაციის ლაშქარს, ჰაშედ ალ-შააბის. როლი შიიტთა რაზმისა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, გადამწყვეტი იყო თიქრითის აღებაში, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰქონდა დაკავებული აპრილის დასაწყისში. თუმცა რაზმს ადანაშაულებენ შურისძიების მიზნით სუნიტ მუსლიმებზე თავდასხმაში, მანამდე შიიტების მიმართ გამოვლენილი სისასტიკის საპასუხოდ. ერაყის პრემიერი ჰაიდარ ალ აბადი, მთავრობის მომხრე სუნიტი ლიდერები ანბარში, ასევე აშშ, არ უჭერდნენ მხარს შიიტთა რაზმის რამადისთან განთავსებას, მაგრამ, ანბარის სუნიტი ლიდერების თქმით, სახალხო ლაშქრის გარეშე მთავრობის ჯარს გაუჭირდება რამადის აღება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG