Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელ ტურისტებს სულ უფრო მეტად იზიდავთ საქართველო


ერაყული რესტორნის აბრა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე
ერაყული რესტორნის აბრა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე
საქართველო, როგორც დასვენების ადგილი და ტურისტული ქვეყანა, სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა ერაყელთა შორის, რომლებსაც დიქტატორული რეჟიმისგან განთავისუფლებამ მოგზაურობის საშუალება მისცა. საქართველო კი ერაყელებისათვის არა მხოლოდ ლამაზი ბუნებით, არამედ გამარტივებული სავიზო რეჟიმითა და იაფი მომსახურებითაცაა მიმზიდველი.

მაშინ როცა ხანგრძლივი და რთული საკონსულო პროცედურის გავლის შემდეგაც კი მეზობელი არაბული ქვეყნები იშვიათად აძლევენ ერაყის მოქალაქეებს ვიზებს, საქართველოში ერაყელი ტურისტები თავისუფლად შემოდიან და ერთწლიან ვიზას პირდაპირ აეროპორტში ყიდულობენ. სწორედ ასე იმოგზაურა რამდენჯერმე საქართველოში ერაყელმა სორან მაჯიდმა, რომელიც საქართველოში ბოლოს, მეგობრებთან ერთად, საკუთარი მანქანით იმყოფებოდა:

„პირველად საქართველოში ერთი კვირით გავჩერდი, ხოლო შემდეგ 10 დღით ჩავედი. პირველ ყოვლისა, მოგზაურობა იაფია, მეორეც, საქართველოს, ისევე როგორც ლიბანს, აქვს ბევრი მიმზიდველი ტურისტული ადგილი - საკუთარი ზღვა და მთიანი კურორტები. ერაყიდან საქართველოში ჩასვლა 80 დოლარი ჯდება. ერბილიდან 15-18 საათის სამანქანო გზაა, ავტობუსით მგზავრობას კი, დაახლოებით, 30 საათი სჭირდება. მე და ჩემი მეგობრები ჩემი ლენდ კრუზიერის ჯიპით წავედით და, მანქანის ბენზინით გასამართად და საკვების მისაღებად აუცილებელი შესვენებების ჩათვლით, დაახლოებით 16 საათში ჩავედით“.
ასეთი აბრები თბილისში მრავლად შეგხვდებათ
ასეთი აბრები თბილისში მრავლად შეგხვდებათ

ერაყელი მურთადა კი ბაღდადში მდებარე ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს მენეჯერია. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ბევრი ერაყელი საქართველოს იმ ძალიან ხელსაყრელი ფასების გამო ეტანება, რასაც მათ ტურისტული კომპანიები სთავაზობენ:

„ბევრი მიდის საქართველოში გასართობად და დასასვენებლად და, გარდა ამისა, დაბალი ფასების გამო. ეს ქვეყანა ტურისტებისათვის ახალი მისამართია. ხალხი ეძებს ხელმისაწვდომ გასართობ ადგილს, ხოლო საქართველომ კარი გაუღო იმათ, ვისაც ახალი შთაბეჭდილებები სურს. ვიზიტი, რომელშიც შედის პირდაპირ რეისზე თვითმფრინავის ორმხრივი ბილეთი, ერთი ღამე ოთხვარსკვლავიან სასტუმროში, თავისი საუზმითა და ექსკურსიით, 1000-დან 1200 ამერიკულ დოლარამდე ღირს“.

მალე საქართველოს, ჩვენს ერაყელ კოლეგასთან ერთად, ახალგაზრდა ერაყელი მოჰამედ ქარემი ესტუმრება, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს მიმზიდველობა იცის კარგად, არამედ ის სირთულეებიც, რომლებსაც ერაყელი ტურისტები აწყდებიან:

„ბევრ პოპულარულ ტურისტულ ადგილში ნახავთ ხალხს, რომელიც
ატყუებს და ფულს სძალავს ტურისტებს. ერაყელებისათვის საქმეს კიდევ უფრო ართულებს ენობრივი ბარიერი, მაგრამ საქართველოში წასვლის მსურველ ახალგაზრდა ერაყელთა რიცხვი ამის გამო არ მცირდება. თვით თურქეთში და, კერძოდ, სტამბულშიც ნახავთ ბევრ ერაყელ ტურისტს, რომლებიც ექსპლუატაციის სამიზნეს წარმოადგენენ. სურვილი, ისარგებლონ მეგობრული კლიმატით, ხელს უწყობს იოლ სამიზნედ მათ ქცევას. და კიდევ, დასავლეთის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ამ ქვეყანაში შესვლის უფლების მოპოვება იოლია და ეს იზიდავს ერაყელებს, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ ბომბებსა თუ სხვა საფრთხეებს“.

მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, მოჰამედ ქარემის თქმით, სტამბულისა და ბეირუთის შემდეგ, საქართველო იმ წამყვანი ქვეყნების სამეულშია, სადაც იგი თანამემამულეებს უყოყმანოდ ურჩევს წასვლას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG