Accessibility links

logo-print

მმართველი პარტია უკმაყოფილოა და სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებს არ ენდობა; საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ გამარჯვება ახლოსაა; არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული რეიტინგები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ემსახურება და არა არსებული აზრის კვლევას - ასეთია პოლიტიკოსთა ზოგადი შეფასებები, რომელიც მოჰყვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების უკვე ოფიციალურად გამოქვეყნებას. ამ შედეგების თანახმად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავება, მხარდაჭერის თვალსაზრისით, მხოლოდ 1 %-ია .

მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) მიერ დასმულ ამ შეკითხვას გამოკითხულთა 20 % პასუხობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 19 % კი - „ნაციონალურ მოძრაობას“; რესპონდენტთა 13 % მხარს დაუჭერდა „თავისუფალ დემოკრატებს“, 8 % - ლეიბორისტულ პარტიას, 4 % - „პატრიოტთა ალიანსს“, 3 % - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, 15 % კი -არც ერთს.

თუკი კითხვა დაისმებოდა ასე - ვის არ მისცემდნენ ხმას არასოდეს, გამოკითხულთა 31 % ასახელებს „ქართულ ოცნებას“, 25 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 10 % - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, 8 % - „მწვანეთა პარტიას“, 5 % - „პატრიოტთა ალიანსს“, 5 % - ლეიბორისტულ პარტიას, 3 % - სოციალ- დემოკრატებს, 3 % - „თავისუფალ საქართველოს“, 2 % -2 % კი - „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“.

ეს ორივე ორგანიზაცია მუშაობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემზადების ერთგვარი მცდელობა, რომ შემოდგომაზე ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები...

​IRI-ის გამოკვლევის მიმართ, მსგავსად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევისა, მმართველი პარტიის დამოკიდებულება სკეპტიკურია და, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან, თამაზ მეჭიაური აცხადებს, ეს ორივე ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება:

„ეს ორივე ორგანიზაცია მუშაობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემზადების ერთგვარი მცდელობა, რომ შემოდგომაზე ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ფიქრობენ, რომ გამოკვლევის შედეგები ქვეყანაში არსებულ რეალურ განწყობებს ასახავს. ჩიორა თაქთაქიშვილმა მედიასთან საუბრისას IRI-ის რეიტინგები ასე შეაფასა:

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ე. წ. „საუკეთესო“ წელს არის ყველაზე გაუარესებული მდგომარეობა და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 2016 წელს არჩევნებით, როდესაც ხელისუფლებაში მოვა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის რეალური პრობლემების გადაჭრისთვის იმუშავებს და არ მოემსახურება ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებს“.

IRI-ის გამოკვლევის თანახმად, ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულება ასეთია: გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მეტად კეთილგანწყობილია ”საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელის პაატა ბურჭულაძის მიმართ და მას 75 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

რეიტინგში მეორე ადგილი აქვს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, რომლის მიმართაც კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 64 %, მესამე ადგილს 60-60 %-ით ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იკავებენ. მათ მოსდევს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, 56 %-იანი კეთილგანწყობით, და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, რომლის მიმართაც კეთილგანწყობილთა მაჩვენებელი 54 %-ს შეადგენს.

ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოკითხულთა 50 %-ის კეთილგანწყობით სარგებლობს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ამ რეიტინგში აქვს 48 %, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს კი - 36 %.

„თავისუფალ დემოკრატებში“ მიიჩნევენ, რომ პარტიას მომავალ არჩევნებზე რეალური შანსი აქვს და ამას ეს გამოკვლევაც ადასტურებს. ასე ფიქრობს პარტიის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ჩიქოვანი:

„ის სხვაობა, რომელიც არსებობს ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ პარტიას შორის, გვგონია, რომ მარტივად დასაძლევია არჩევნებამდე დარჩენილი 6 თვის განმავლობაში, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 70 %, მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება“.

მანანა ნაჭყებია

მანანა ნაჭყებია

რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებებს, „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მანანა ნაჭყებია, მაგალითად, მიიჩნევს, რომ ბოლო დროს გამოქვეყნებულმა ორივე სოციოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა ხალხში არსებული ნიჰილიზმი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მიმართ:

„ამ გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ ხელისუფლების და მისი პოლიტიკური კურსის მიმართ არის ძალიან სერიოზული უნდობლობა, ხოლო ხალხში, ზოგადად, პოლიტიკას და პოლიტიკოსებს დაკარგული აქვთ ნდობა. ეს ყველაფერი კი მოიტანა „ქართული ოცნების“ რაღაც არანორმალურმა დაპირებებმა, რომელიც არ ასრულდა“.

გამოკითხულთა 22 % მიიჩნევს, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს, 52 % კი ფიქრობს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამავე დროს, რუსეთთან კავშირები უნდა შეინარჩუნოს. 11 %-ის აზრით, საქართველოს პრორუსული კურსი უნდა გააჩნდეს, მაგრამ, ამავე დროს, დასავლეთთან ურთიერთობა შეინარჩუნოს, ხოლო 4 % ფიქრობს, რომ ქვეყნის კურსი უნდა იყოს პრორუსული.

კითხვაზე, თუ რამდენად დაცულად გრძნობენ თავს საქართველოში რუსეთთან არსებული ურთიერთობის გამო, 12 % ამბობს, რომ ”ძალიან დაცულია”, 41 % - ”უფრო მეტად დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე დაუცველად”, 32 % - ”უფრო მეტად დაუცველად, ვიდრე დაცულად”, ხოლო 10 % - ”დაუცველად”. რაც შეეხება რუსეთთან დიალოგს, 59 % სრულიად უჭერს მხარს, 24 % - ნაწილობრივ, ხოლო 10 % სრულიად ეწინააღმდეგება.

გამოკითხულთა 70 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გასულ წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 15 %-თ გაუარესდა. კვლევის მონაწილეთა 65 % აცხადებს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო მათი ოჯახების მთავარ პრობლემად დასახელდა ლარის გაუფასურება, საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდა და მაღალი გადასახადები.

გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, გამოკითხულებს ადარდებთ ეკონომიკური მდგომარეობა და მესამე ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობა. 84 %-ისთვის ყველაზე პრობლემატური საკითხია ლარის კურსი, 52 % -ისთვის კი - კომუნალური გადასახადები.

ნატოში გაწევრიანებას 79 % ემხრობა, 85 % კი ემხრობა ევროკავშირში შესვლას. 58 % ფიქრობს, რომ რუსეთთან უნდ გაგრძელდეს დიალოგი, 53 % ევროპულ კურსს უჭერს მხარს.

კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი გამოკვლევის შედეგების კომენტირებისას შენიშნავს, რომ ხალხის განწყობაზე პირდაპირ აისახება ქვეყანაში არსებული არცთუ სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა და გასაკვირი არ არის, რომ ეს იწვევს მმართველი ძალის რეიტინგის ვარდნას:

„ვერ ვხედავთ ეკონომიკურ ზრდას და, ცხადია, ეს მოქმედებს განწყობებზე. პირველ რიგში პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის მმართველი ძალა, რომლის რეიტინგიც საკმაოდ სწრაფი ტემპით ეცემა. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ კოალიცია პრაქტიკულად დაშლილია, ასე რომ, მათი მხარდამჭერების რიცხვი, ცხადია, რომ იცვლება“.

საინტერესოა არა პროცენტული მაჩვენებლები, არამედ ტენდენციები, - უთხრა რადიო თავისუფლებას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. - ეს ტენდენცია აჩვენებს, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, რა სურათი გვექნებოდა:

„კოალიციის რეიტინგი იდენტურია ძალის ცენტრის, ანუ ბიძინა ივანიშვილის, ავტორიტეტთან, რადგან ცალკეულ სუბიექტებს იქ თავიანთი რეიტინგი არც გააჩნდათ. შესაბამისად, ეს არის რეიტინგი იმ ძალისა, რომელიც ივანიშვილთან იდენტიფიცირდება. სხვა ნამსხვრევებს კი, ალბათ, მოუწევთ დღეს აპათიაში მყოფ ამომრჩევლებს შორის თავიანთი საარჩევნო სეგმენტის მოძებნა, რაც ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანი საკითხია“.

როგორც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ პროგრამის ოფიცერი ლადო რაზმაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, კვლევის საველე სამუშაოები 12 მარტიდან 2 აპრილამდე მიმდინარეობდა. გამოიკითხა, საქართველოს მასშტაბით, 1 500 ამომრჩეველი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG