Accessibility links

logo-print
ირმა ტაველიძის მოთხრობების ახალი კრებული, ,,აღმოსავლეთის გამოგონება”, შარშანდელი წლის მიწურულს დასტამბა გამომცემლობა ,,დიოგენემ”. კრებული სულ ხუთ მოთხრობას მოიცავს, რომლებიც თემატურად და ჟანრობრივად ერთმანეთისაგან გასხვავდება, მაგრამ ერთი ნიშანი მათ მაინც აერთიანებთ: ენასთან, უფრო სწორად, სინტაქსთან მწერლის განსაკუთრებული დამოკიდებულება.
ამ კრებულში ეს ტექსტები არის რაღაცნაირად ერთი ნიშნით გაერთიანებული. ეს არის ენასთან თამაში, რომელიც საერთოდ ახასიათებს ამ მწერალს, მაგრამ აქ უკვე კიდევ უფრო სხვა დონეზე ადის...

ირმა არჩვეულებრივი სტილისტია. სიტყვის შესანიშნავ გრძნობასთან ერთად, ეს ერთგვარად პროფესიული უნარიცაა, რაც სხვათა ტექსტებზე რედაქტორის პოზიციიდან მუშაობითა თუ მთარგმნელობითი საქმიანობითაც არის შეპირობებული.

ირმა აქამდე ბევრს თარგმნიდა, ამ საქმეს შესანიშნავად აკეთებდა და, როგორც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, გაჩნდა იმის საშიშროებაც, რომ მთარგმნელობით საქმიანობას არ გადაეწონა მთავარი – მისი საკუთარი ტექსტები, რაც სხვასთან, სხვა ლიტერატორთან ეგებ არც ისეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო, მაგრამ არა ირმა ტაველიძესთან მიმართებით, რადგან, ჩემი აზრით, იგი, უპირველესად, შესანიშნავი მწერალია და მერე სხვა დანარჩენი – კარგი რედაქტორი თუ ბრწყინვალე მთარგმნელი.

თვითონ ირმა ტაველიძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:

,,თარგმანის გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის ისეთი ღირებული, რომელსაც ვერ დავთმობდი. თარგმანებზე მუშაობამ მასწავლა ისეთი რამე, რასაც სხვანაირად ვერ ვისწავლიდი: ეს იყო სრულიად შეუდარებელი გამოცდილება და ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ქართული ენა არის ძალიან მდიდარი ენა და მე ძალიან გამიმართლა, რომ ეს ენაა ჩემი მშობლიური ენა. უამრავი შესაძლებლობა აქვს როგორც მთარგმნელს, ასევე ავტორს”.

ალბათ, ამ შესაძლებლობათა გაცნობიერებამ ჩამოაყალიბა ირმა ტაველიძე ერთ ერთ-საუკეთესო მთარგმნელად. ვისაც მისი გადმოქართულებული უელბეკისა თუ სხვა ავტორების ნაწარმოებები წაუკითხავს, ვგონებ, ჩემი შეფასება გადაჭარბებული არ მოეჩვენება, მაგრამ, ამის მიუხედავად, მასში მაინც მთავარია მწერლის ის ძვირფასი ნიჭი, რასაც შეუძლია ჩვეულებრივი ყოფითი სიტუაციებიც კი არაჩვეულებრივ მხატვრულ პრიზმაში გადატეხოს და ნამდვილი ლიტერატურის ფაქტად აქციოს.

ამისათვის მას აქვს ყველაფერი: ენის შეგრძნება, გემოვნება, ფაქიზი ლიტერატურული ყნოსვა და, რაც მთავარია, მხატვრული მასშტაბი, რომელიც უმცირესი დეტალიდან ზოგადი პანორამის აღქმის ვებერთელა არეალს მოიცავს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ჩვეთან საუბარში დრამატურგმა და კრიტიკოსმა დავით გაბუნიამ, რომელმაც აღნიშნა:

დავით გაბუნია

დავით გაბუნია

,,საერთოდ, როდესაც კრებული გამოდის, - მოთხობების იქნება, ლექსების თუ პიესების, - ხშირად მაქვს პრეტენზია, რომ ეს არის, უბრალოდ, ბოლო დროს დაწერილი ტექსტები, რომლებიც ჩაყარეს ერთად და გამოსცეს ერთ წიგნად, მაგრამ ირმას ამ წიგნის შემთხვევაში ეს შეგრძნება არ მქონია, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას. ამ კრებულში ეს ტექსტები არის რაღაცნაირად ერთი ნიშნით გაერთიანებული. ეს არის ენასთან თამაში, რომელიც საერთოდ ახასიათებს ამ მწერალს, მაგრამ აქ უკვე კიდევ უფრო სხვა დონეზე ადის. საერთოდ, მისთვის პირველადი არ არის სიუჟეტი, სიუჟეტური ინტრიგა, რომ ძალიან ჩაგითრიოს ამ ამბავში და ვერ მოსწყდე, ნეტა რა მოხდება ტექსტში. ასეთი პირველადი მნიშვნელობის არ არის სიუჟეტი, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველა ტექსტში თითქოს სხვადახვანაირ ექსპერიმენტს ატარებს ენობრივს, აი, ვთქვათ, მოთხრობა, რომელიც კრებულის სათაურშია გამოტანილი - ,,აღმოსავლეთის გამოგონება”, თავიდან ბოლომდე არის ენასთან თამაში, ფორმებით თამაში, რაღაც საინტერესო უჩვეულო და უცნაური შეგრძნებების გადმოცემის მცდელობა სწორედ ენობრივი ხერხებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რაღაცნაირად დისტილირებული ლიტერატურა, გამოხდილი და ბოლომდე დაწურული. ამიტომ არის ეს კრებული საინტერესო, რომ იქ შედის ძალიან სხვადასხვანაირი მოთხრობები, ვთქვათ, იგივე ,,გორის ციხე”, რომელიც ყველაზე მეტად ამ მხრივ საინტერესოა, სიუჟეტის მხრივ გამორჩეულია და იგივე ,,აღმოსავლეთის გამოგონებაც”, რომელიც ვერც კი დაიჯერებ, რომ ერთი და იგივე მწერლის დაწერილია და შეიძლება, რომ ერთ მწერალს ასეთი გრადაცია ჰქონდეს ტექნიკაშიც, სიუჟეტის აგებაშიც და ასე შემდეგ”.

დავით გაბუნიასაგან განსხვავებით, მე მაინც არ დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ირმა ტაველიძის ამ კრებულში შეტანილი მოთხრობებისათვის ამბავი მეორეხარისხოვანი რამ იყოს. ჩემი აზრით, აქ ნარატივი ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ნარატივს მოჰყვება სხვადასხვა ენობრივი მიმოქცევა, რაც მთელ სინტაქსურ თუ სტილისტურ თამაშებსაც განაპირობებს.

თუმცა, თვითონ ირმა ტაველიძეც, არსებითად, გაბუნიას თვალსაზრისს ეთანხმება, როცა ამბობს:

,,ერთი, ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც არის, აქ ენის ამბავია მთავარი ამბავი და მთავარი პერსონაჟიც, შეიძლება ითქვას, რომ ენაა. თავად ამბავი, პერსონაჟები კი ყოველთვის იყო მეორეხარისხოვანი (შეიძლება, ამის ხმამაღლა თქმა არ არის კარგი, მაგრამ ასე იყო) და აი, ამ ცარიელ ადგილს იკავებდა ენა”.
ძალიან მიხარია, თუ სენტიმენტალური არ არის, იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად ალბათ ყველა ჩვენს ამბავზე ვყვებით და ძალიან ძნელია, ეს ისე მოყვე, რომ არ იყოს გულისამაჩუყებელი თვითონ შენთვის, ავტორისთვის...

ზოგადად, ,,სიუჟეტის კრიზისის” ფართოდ გავრცელებული თვალსაზრისის გათვალისწინებით, ამ მოთხრობებში ეგებ მართლაც არ გვხვდებოდეს სიუჟეტის აგების კლასიკურ პროზაში აპრობირებული მოდელი, მაგრამ ყველა მოთხრობაში არის ერთი ნარატიული ბირთვი, რომელიც თავის გარშემო შემოიკრებს და ძირეულად ამართლებს მთელ ენობრივ და სინტაქსურ ექსპერიმენტებს.

წიგნის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოთხრობაც, ,,გორის ციხე”, საქართველოს ამ ქალაქში მცხოვრები მოზარდი ბიჭის თავგადასავალს ჰყვება. ცხადია, დროის მონაკვეთი შემოსაზღვრულია და მწერალი პერსონაჟს გარკვეული სიტუაციიდან წარმოგვიდგენს, მაგრამ მისი ცხოვრების ისეთ საკვანძო ეტაპზე, როცა მთელი წარსულიცა და სამომავლო პერსპექტივაც აშკარად იკვეთება. ეს არის მოზარდი ბიჭის მიერ თავის თავში მამაკაცის აღმოჩენა, როცა თითქმის მთლიანად და ძირეულად იცვლება ხოლმე მისი მიმართებები საკუთარ თავთანაც და გარე სამყაროსთანაც. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს პერიპეტიები მწერალი ქალის დაწერილია და, ამის მიუხედავად, პერსონაჟი მკითხველის თვალში არ კარგავს სიმართლეს და დამაჯერებლობას. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ მწერლობის ყოველგვარი დაყოფის, მათ შორის, ვთქვათ, პროზის ,,მამაკაცურ” და ,,ქალურ” პროზად დახარისხებისა, მაგრამ ბოლო ხანს ქართულ ბელეტრისტიკაში და, განსაკუთრებით, ქალების ტექსტებში გარკვეული სანტიმენტალიზმის მოძალება შეიმჩნევა. ეს ყალბი და ღიმილის მომგვრელი ,,პოეტურობა” კი ძალიან ხშირად პროზაიკოსის უუნარობის შენიღბვის საშუალებაა და მეტი არაფერი.

საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ირმა ტაველიძესთან მსგავსს ვერაფერს წააწყდებით. აქ ყველაფერი თავშეკავებულად არის მოყოლილი და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მწერალი საკუთარ გრძნობებს, პერსონაჟებისადმი თავის დამოკიდებულებას დისტანციური მართვის პულტით არეგულირებდეს.

თუ მაინცდამაინც ლირიზმზე მიდგება საქმე, აქ ლირიკული ნაკადი უჩვეულო ცხოვრებისეულ სიტუაციებში პერსონაჟთა არაორდინარული ქცევის მეშვეობით შემოდის და არა ავტორისეული შეფასებებითა თუ პოეტური რემარკებით.

ირმა მაშინაც კი ზომიერია, როცა მისთვის პიროვნულად ძალიან მტკივნეულ თემას, ვთქვათ, კონფლიქტის ზონას, უფრო სწორად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქართლის (სავარაუდოდ, გორის რაიონის) ერთ სოფელში ჩარჩენილი ადამიანების ბედისწერას, ფიქრებსა და საქციელს ეხება.

როცა ამ თემაზე ჩემი აზრი გავუზიარე, თვითონ ირმამ აღნიშნა:

ირმა ტაველიძე

ირმა ტაველიძე

,,ძალიან მიხარია, თუ სენტიმენტალური არ არის, იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად ალბათ ყველა ჩვენს ამბავზე ვყვებით და ძალიან ძნელია, ეს ისე მოყვე, რომ არ იყოს გულისამაჩუყებელი თვითონ შენთვის, ავტორისთვის”.

არამხოლოდ ემოციური ზომიერების, არამედ კიდევ ბევრი ნიშნის გამო ირმა ტაველიძის ეს მოთხრობები შეუძლებელია ავტობიოგრაფიული პროზის ნიმუშებად ჩაითვალოს. პირველ პირში დაწერილი მოთხრობებიც კი, ცხადია, აპრიორულად იმის დასტური არ არის, რომ ეს ყველაფერი თვითონ ავტორს გადახდა თავს, მაგრამ ყველა და, მათ შორის, ირმა ტაველიძეც, საბოლოოდ მაინც პირადი გამოცდილებებით იკვებება, ამ გამოცდილებათა მეოხებით აყალიბებს თავის დამოკიდებულებას ადამიანებთან და, საერთოდ, სამყაროსთან. მწერლობა ამ მიმართებათა მხატვრული რეკონსტრუქციის მცდელობაა და ამ რეკონსტრუქციას ყველა მწერალი თავისი ნიჭის შესაბამისად ახერხებს. მთავარია, ბალანსი სინამდვილესა და გამონაგონს შორის წარმატებით დაიცვა. აქედან გამომდინარე, კრებულის სათაური ,,აღმოსავლეთის გამოგონება” კონცეპტუალურად კრავს მთელ წიგნს, რადგან, საერთოდ, ყველანაირი შემოქმედება ეგებ, მართლაც, აღმოსავლეთის გამოგონება იყოს, რომელიც ჰგავს და კიდეც არა ჰგავს რეალურ აღმოსავლეთს.

კაცმა რომ თქვას, თუკი შენი აღმოსავლეთი გამოიგონე, მერე ეგებ რეალური აღმოსავლეთი აღარც გჭირდებოდეს. ვფიქრობ, ირმა ტაველიძემ ეს თავის წიგნში ძალიან კარგად მოახერხა.
XS
SM
MD
LG