Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისევ გვისმენენ“ - საკონსტიტუციო სასამართლოს იმედად


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე მუხლი. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მეოცე მუხლს და არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას.

საკონსტიტუციო სარჩელით მოთხოვნილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონების იმ მოთხოვნათა გაუქმება, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2014 წლის 30 ნოემბერს, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად. როგორც სარჩელის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი გოცირიძე, ამბობს, საუბარია სასამართლოს ნებართვის გარეშე ეგრეთ წოდებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის- ე. წ. ორი გასაღებისა და მუდმივი მიერთების საშუალებით პირადი მონაცემების მოპოვების -ტექნიკურ შესაძლებლობაზე:

„ეს გასაღები აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს ნებისმიერი ადამიანის სატელეფონო საუბრის უკანონო მოსმენის შესაძლებლობას სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურისათვის ამ „გასაღების“ დატოვება ყოველთივს შექმნის ასეთ საფრთხეს და თვითონ ის ფაქტი, რომ მათ აქვთ ამის ტექნიკური შესაძლებლობა, არის ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების უფლებას, რაც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 და მე-16 მუხლებით და ეს რეგულაცია, ანუ „გასაღები“ სამართალდამცავი ორგანოების ხელში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა ცნოს არაკონსტიტუციურად“.

საქართველოს კონსტიტუციის მეოცე მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც ასევე საკაონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორია, ამბობს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან:

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ რჩება ნორმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აძლევს უფლებას, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა. ეს კი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას“.

სარჩელის ავტორთა მტკიცებით, უსაფრთხოების სამსახური სასამართლოს ნებართვის გარეშე მოიპოვებს ინფორმაციას, თუ ვის ესაუბრება ესა თუ ის მოქალაქე, რამდენი ხანი ესაუბრება, სად იმყოფება. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივნის ლიკა საჯაიას კომენტარი:

„აღსანიშნავია, რომ იგივე და კიდევ უარესი რეგულაციები ვრცელდება ინტერნეტკომუნიკაციაზე, სადაც პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის როლი არის აბსოლუტურად გამორიცხული და, მოქმედი მოდელით, ინტერნეტკომუნიკაციის სრული შინაარსი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ხელმისაწვდომია უსაფრთხოების სამსახურისათვის“.

პასუხად, მოპასუხის, ანუ საქართველოს პარლამენტის, წარმომადგენელმა

თამარ მესხიამ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული მოდელი არ არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას:

„იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა სადავო ნორმების შინაარსს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოსმენას, სარჩელის ეს ნაწილი არ არის მიღებული. შესაბამისად, არგუმენტაცია იმისა, რომ სასამართლოს გარეშე ხდება სადავო ნორმების საფუძველზე მოსმენა, არ არის სწორი. არგუმენეტაცია არის იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული გარანტიები არაა საკმარისი, რის არამართებულობასაც ჩვენ დავამტკიცებთ“.

საქართველოს მთავარ პროკურატურაშიც აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს მაღალია ადამიანის უფლებების დაცულობის სტანდარტი, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა პროკურატურას უდგენს მკაცრად რეგლამენტირებულ ქცევის წესებს, რომელთა მიხედვითაც, პირადი შინაარსის ინფორმაციის მოპოვებისათვის პროკურატურა ვალდებულია დაექვემდებაროს სასამართლოს კონტროლს და აიღოს განჩინება საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, ანდა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში გამოიყენოს პროკურორის დადგენილება, რომელიც შემდეგ ასევე დაექვემდებარება სასამართლო კონტროლს. შესაბამისად,ყველანაირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან გამოირიცხება, თუმცა, როგორც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი და საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი, ლაშა ტუღუში, ამბობს, პრობლემა ისაა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული სადავო ნორმები ქმნიან უკონტროლო ვითარებას:

„არ ხორციელდება კონტროლი. შესაბამისად, რაღაც მომენტში შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ისე არაა საქმე და გადმოიღვაროს უამრავი ფაქტი, როგორც ეს მოხდა წინა ხელისუფლების დროს, და ამის მერე ვიტყვით, თურმე რა ხდებოდაო. არ ვამტკიცებ, რომ გინდა თუ არა, ხდება-მეთქი, უბრალოდ, ამის შესაძლებლობაა. რეალური ვითარება რომ გამოჩნდეს, უნდა არსებობდეს ეფექტური კონტროლის სისტემა. ნორმალურ ქვეყნებში უშიშროების სამსახურებზე კონტროლს ახორციელებს საპარლამენტო კომიტეტი, ჩვენთან კი ეს სპეციალური საკანონმდებლო ინსტიტუტი არ არსებობს, ამიტომ ძნელია ილაპარაკო იმაზე, თუ რა ხდება რეალურად. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუმცა ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა არაა ჯანსაღი“.

საკონსტიტუციო სასამართლომ ექსპერტის სტატუსით დაიბარა ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG