Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პრობლემებზე


სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევები, კერძო მესაკუთრეთა პოლიტიკური ნიშნით შევიწროება თუ ჟურნალისტთა საქმიანობის ხელშეშლა - სავარაუდო კანონდარღვევათა არაერთი ფაქტია ასახული ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ გამოქვეყნებულ პირველ შუალედურ ანგარიშში, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგად მომზადდა. ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს, შემდგომი რეაგირების მიზნით, უწყებათშორისი კომისია შეისწავლის.

გურჯაანის რაიონის მკვიდრი ზურაბ თერგიაშვილი, რომელსაც სასწრაფო დახმარების სამსახურში 7 წლის მუშაობის მანძილზე ერთხელაც არ დაუმსახურებია სერიოზული ხასიათის შენიშვნა, სამსახურიდან აპრილში კონკრეტული მიზეზის დაუსახელებლად გაათავისუფლეს, თუმცა თავად თერგიაშვილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგანაც ის კოალიცია ”ქართული ოცნების” აქტივისტია.

დასახელებული შემთხვევის გარდა, ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” პირველი ანგარიში, რომელიც 1 აპრილიდან 4 მაისამდე განვითარებულ მოვლენებს ასახავს, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების კიდევ 9 ფაქტის შესახებ მოგვითხრობს და აღსანიშნავია, რომ ყველა ეს შემთხვევა კოალიცია ”ქართულ ოცნებას” უკავშირდება.

როგორც ”სამართლიანი არჩევნების ” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ეუბნება რადიო თავისუფლებას, პრობლემა ამ შემთხვევაში ტენდენციის სახით ვლინდება:

ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
”ერთი თვის განმავლობაში 10 შემთხვევა, ჩვენი აზრით, უკვე ტენდენციაა და ასევე მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს შემთხვევები არ მოხდა მხოლოდ ერთ ქალაქში ან ერთ რეგიონში. ასეთი შემთხვევები თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა, რაც არის, საყურადღებო თუ არა, საგანგაშო.”

წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში, რომელიც საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი მეთვალყურეები არ აღრიცხავენ ფაქტებს, რომელთა შესახებაც მხარეები საჯაროდ არ საუბრობენ. ორგანიზაცია ცდილობს, რომ ანგარიშში მოყვანილი თითოეული ფაქტი მონაწილე მხარეებთან და უშუალო თვითმხილველებთან გადაამოწმოს.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მსგავსი სახის მონიტორინგს წინა რამდენიმე არჩევნებთან მიმართებითაც ახორციელებდა, თუმცა, მეტი შედეგისთვის, ამჯერად პროცესი არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყო. სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გარდა, ნინო ლომჯარია გამოყოფს გასულ წლებთან შედარებით აშკარად გახშირებულ კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც ძირითადად ასევე კოალიცია ”ქართულ ოცნების” საქმიანობას უკავშირდება:

”კერძო მესაკუთრეებზე, ანუ ფართის მფლობელებზე, განხორციელებული ზეწოლები არ ყოფილა წინა საანგარიშო პერიოდში. მე არ მახსენდება ასეთი შემთხვევები, რომ პოლიტიკურ ძალას ასეთი სერიოზული პრობლემები შექმნოდა რეგიონებში.”

მე არ მახსენდება ასეთი შემთხვევები, რომ პოლიტიკურ ძალას ასეთი სერიოზული პრობლემები შექმნოდა რეგიონებში ...
ნინო ლომჯარია
ანგარიშში აღნიშნულია, რომ, მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად, რიგ შემთხვევებში მესაკუთრეები მოულოდნელ უარს აცხადებდნენ ფართის ”ქართული ოცნებისთვის” მიქირავებაზე. მაგალითად, თერჯოლაში ”სამართლიანი არჩევნების” მეთვალყურეს აცნობეს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია 3 თვის მანძილზე ამაოდ ეძებდა საოფისე ფართს, ვინაიდან გარიგებით კმაყოფილი მესაკუთრეები ბოლოს მაინც უარს ამბობდნენ იმის გამო, რომ მათი ოჯახის წევრებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ. ანგარიშში ასახული ფაქტების მიხედვით, საოფისე ფართის დაქირავებასთან დაკავშირებული სირთულეები, ”ქართული ოცნების” გარდა, მაგალითად, ფოთში ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია ”მეცხრე არხსაც” შეექმნა. ”სამართლიანი არჩევნების” მეთვალყურეთა მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე ძირითადად ”ქართული ოცნების” აქტივისტები და მხარდამჭერები ხდებოდნენ იმ პოლიტიკური მუქარის სამიზნე, რომელიც მოდიოდა როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ასევე ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მხრიდან. მაგალითად, ლანჩხუთში ”სამართლიანი არჩევნების” მეთვალყურეს რამდენიმე მოქალაქემ დაუდასტურა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდნენ მათ, ვინც „გლობალ TV”-ის სატელიტური ანტენის დამონტაჟებაზე არ იტყოდა უარს.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ანგარიში ასევე ასახავს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და ფიზიკური ხელყოფის გახმაურებულ ფაქტებს, რომლებიც ბოლო ხანებში მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მაგალითად, ანგარიში მოგვითხრობს, თუ როგორ სცემეს დაცვის თანამშრომლებმა 2012 წლის 3 მაისს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს. ჟურნალისტი ცდილობდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების/აქტივისტების დახურულ შეხვედრას დასწრებოდა.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები უკვე გადაეგზავნა საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” იმედოვნებს, რომ ანგარიშში ასახული ფაქტებით, რომლებიც რიგ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მოიცავს, აუცილებლად დაინტერესდებიან სამართალდამცველი ორგანოები და მას ასევე მოჰყვება ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათშორისი კომისიის რეაგირებაც.

დებულებით, რომელიც დაამტკიცა უშიშროების საბჭოს მდივანმა, იგულისხმება რეაგირება რეკომენდაციების სახით საჯარო მოხელეების, ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, რათა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყოს საარჩევნო პროცესი ...
თამარ კინწურაშვილი

საუბარია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის მიზნით 18 მაისს ამოქმედებულ 7-წევრიან კომისიაზე, რომლის ამოცანაა აწარმოოს დიალოგი არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის და ითანამშრომლოს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ მეთვალყურეებთან. საარჩევნო კოდექსში ჩადებული მოთხოვნის საფუძველზე შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, ასევე შედიან: შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი.

როგორც თამარ კინწურაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კომისია აუცილებლად შეისწავლის ”სამართლიანი არჩევნების” მიერ მომზადებულ ანგარიშში ასახულ ფაქტებს და, დადასტურების შემთხვევაში, პროცესს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:

”დებულებით, რომელიც დაამტკიცა უშიშროების საბჭოს მდივანმა, იგულისხმება რეაგირება რეკომენდაციების სახით საჯარო მოხელეების, ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, რათა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყოს საარჩევნო პროცესი.”

ვიდრე სავარაუდო კანონდარღვევათა უკვე აღრიცხულ ფაქტებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, ”სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესს განაგრძობს. შემდეგი ანგარიში საზოგადოებას ივნისის შუა რიცხვებში წარედგინება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG