Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იშხნის რეკონსტრუქცია სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს


იშხნის ტაძარი ჩრდილო-დასავლეთიდან. გიორგი გაგოშიძის ფოტო
იშხნის ტაძარი ჩრდილო-დასავლეთიდან. გიორგი გაგოშიძის ფოტო
სოციალურ ქსელებში იშხნის რეკონსტრუქციის ამსახველი ფოტო გავრცელდა. ფოტოზე ჩანს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის ნაწილი თეთრი ქვით არის ამოყვანილი. აღნიშნულმა ფოტომ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათ ამ ეტაპზე რეკონსტრუქციის პროცესზე დაკვირვების საშუალება არა აქვთ.

ისტორიკოსი ბუბა კუდავა ამბობს, რომ იშხნის რეკონსტრუქცია აშკარად არასწორად ტარდება. მისივე თქმით, ეს პროექტი თურქულმა მხარემ შეიმუშავა და ისვე ახორციელებს. ქართულ მხარეს არა აქვს საშუალება პროცესში ჩაერიოს და მშენებლობის მონიტორინგი ჩაატაროს. ბუბა კუდავას ინფორმაციით, ტაძრის აღდგენას ის თურქი სპეციალისტებიც კი არ აკვირდებიან, ვინც რეკონსტრუქციის პროექტი მოამზადა.

იშხანი VI-VII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსია, იგი ისტორიულ ტაოში აშენდა. ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა და სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებს. კულტურული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით თურქულსა და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკებები რამდენჯერმე დაიწყო და ჩაიშალა. ბუბა კუდავა ამბობს, რომ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ქართული მხარე ამჯერად რესტავრაციის პროცესში ჩართული არ არის.
ბუბა კუდავა
ბუბა კუდავა

„ამ პროცესებზე დაკვირვება ქართველ სპრეციალისტებს შეგვიძლია იმ ფოტოებით, რომლებიც მოპოვებულია ქართველი ტურისტებისა და სპეციალისტების მიერ. შესვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გარეშე პირებისთვის ჩაიკეტა, მათ შორის - ქართველი ექსპერტებისთვის, თუმცა რელიეფი ისეთია, შესაძლებელია გარედან დაკვირვება. რაც შეეხება შიგნით რა ხდება იმას, სამწუხაროდ, არ ჩანს. ჩანს მხოლოდ პატარა ღიობებიდან, სარკმლებიდან, რომ კედლები ტაძრის შიგნითაც ამოჰყავთ. გავრცელდა ფოტო. ჩანს, რომ საფასადო წყობა ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში უკვე ამოუყვანიათ. ეს კედელი სხვა წყობითია, ვიდრე ტაძრის ძირითადი ფასადია. არასპეციალისტიც კი მიხვდება, რომ შესრულების ხარისხი და ქვის ფერი აბსოლუტურად შეუსაბამოა ტაძრის არქიტექტურასთან“, - ამბობს ბუბა კუდავა.

ისტორიკოს ქეთი აბაშიძეს გული სწყდება, რომ ძეგლის არქეოლოგიური შესწავლის შესაძლებლობა არ მიეცათ. მისი თქმით, იშხნის გათხრები ისტორიკოსებისთვის ძალიან ინფორმაციული იქნებოდა. ქეთი აბაშიძე ამბობს, რომ ამჯერად ტაძარში არაპროფესიონალები მუშაობენ, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

„საერთოდ, იქ ნაკლებად არის ჩარეული ვინმე. არქეოლოგიური მონაცემები, რაც ფეისბუკზე დაიდო, ბოლომდე არ ვიცით, რა არის. ბევრი რამ უკვე დახურულია და ვერასდროს ვერ გავიგებთ. რა ინფორმაცია ამოიღეს, ვერ გეტყვით, რადგან იქ არქიტექტორი უნდა იდგეს, მხატვარი უნდა იდგეს, უნდა იხატავდეს, ზომავდეს... და ის არქიტექტორები, რომლებმაც ეს პროექტი შექმნეს, არ არიან იქ, არ არიან“, - ამბობს ქეთი აბაშიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად ჩაშლილი მოლაპარაკებებისა, ხელისუფლება თურქულ მხარესთან საერთო ენის გამონახვას უნდა შეეცადოს, რადგან ეს უკვე თურქეთის ტერიტორიაა და სხვა ქვეყანაში ხელაღებით ვერაფერს გააკეთებ:

„დღეს იქ სხვა მმართველია, ამიტომ ამ მმართველთან საერთო ენის გამონახვაა საჭირო, რომ გაგაკეთებინოს, ჩაგრიოს, თანხობრივად იქნება თუ როგორც... ეს ურთიერთობები დღეს დაულაგებელია“.
ეს ფოტო რომ ვნახე, მაშინვე ძველ ფოტოს შევადარე. ჩემდა სასიამოვნოდ, აღმოვაჩინე, რომ ძველი ქვები თავის ადგილასაა, შენარჩუნებულია და მხოლოდ და მხოლოდ შევსებულია ის ადგილი, სადაც საპირე ქვები ჩამოცვენილი იყო...
მერაბ ბოჭოიძე

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მერაბ ბოჭოიძე ამბობს, რომ იშხნის კედლის რეკონსტრუქციის შესახებ თავადაც ინტერნეტის მეშვეობით გაიგო და სანამ ადგილზე არ ჩავლენ, გადაწყვეტით რამის თქმა არ შეუძლია. მერაბ ბოჭოიძე ფიქრობს, რომ ასეთი ქვებით კედლის ამოშენება პროექტში თავიდანვე იყო ჩადებული.

„ეს ფოტო რომ ვნახე, მაშინვე ძველ ფოტოს შევადარე. ჩემდა სასიამოვნოდ, აღმოვაჩინე, რომ ძველი ქვები თავის ადგილასაა, შენარჩუნებულია და მხოლოდ და მხოლოდ შევსებულია ის ადგილი, სადაც საპირე ქვები ჩამოცვენილი იყო. ვხედავ, რომ ნაცადია, რომ წყობის ხასიათი მაქსიმალურად იყოს დაცული“, - ამბობს მერაბ ბოჭოიძე.

მისი თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის დაიწყება ხელახალი მოლაპარაკებები ქართული მხარის მონიტორინგში ჩართულობის თაობაზე.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG