Accessibility links

logo-print

9 მარტიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მუდმივმოქმედი ,,ნუმიზმატიკური საგანძური" გაიხსნა. გამოფენა მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ისტორიას ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან 1834 წლამდე. მასზე წარმოდგენილია არქეოლოგიურ სამარხებსა თუ სხვა კოლექციებში დაცული ქართული თუ უცხოური მონეტები.

გამოფენაზე წარმოდგენილია არა მარტო ფული, არამედ ის ნივთებიც, რომელთაც, ფაქტობრივად, ფულის დატვირთვა ჰქონდა, მაგალითად, ბრინჯაოს რგოლები, კაური (ინდოეთის ოკეანეში გავრცელებული მოლუსკის ნიჟარა) და შრომის იარაღები. იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის საქონელზე იცვლებოდა თითოეული რგოლი თუ ნიჟარა, ცნობები შემონახული არ არის, თუმცა მათ რომ ფულის ნაცვლად იყენებდნენ, ამაში მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ, მით უფრო, რომ ამ სამაჯურების ხელზე გაკეთება სრულიად შეუძლებელია.

როგორც მუზეუმის ვებგვერდზე ვკითხულობთ, გამოფენა 3 500-მდე მონეტას შეიცავს. კოლხეთმა ფულის მოჭრა ძვ.წ. მე-6 საუკუნეში დაიწყო და ამ ფულს კოლხური თეთრი ეწოდება. საქართველოში მონეტების ფორმა, წონა, ზომა და გამოსახულება იმისდა მიხედვით იცვლებოდა, თუ რომელი სახელმწიფო დომინირებდა იმ დროს წინა აზიაში. ფული იჭრებოდა ზარაფხანებში.

დავით ლორთქიფანიძე

დავით ლორთქიფანიძე

„მინიმუმ ხუთი ცნობილი ზარაფხანა არსებობდა და ხუთი - სავარაუდო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ფული იჭრებოდა, ანუ ჩვენ გვქონდა სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტიკა, რაც არის სახელმწიფო ფული“, ამბობს მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

ფულს ჭრიდნენ არა მხოლოდ ქართველი მეფეები, არამედ მთავრებიც. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შეიმჩნეოდა მაშინ, როცა საქართველო სხვადასხვა კუთხეებად იყო დანაწევრებული. გამოფენაზე წარმოდგენილია ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთის, ქართლ-კახეთის მეფეების მონეტები. გარდა ამისა, არის ძალიან იშვიათი და უნიკალური მონეტებიც, მაგალითად, აკეს სტატერი. მონეტის წინა ნაწილზე გამოსახულია მაკედონელის პროფილი, უკანაზე კი - ქალღმერთი ათენა და ბერძნული წარწერა Basileos Aku (აკე მეფისა). აღსანიშნავია, რომ კოლხეთის მეფის სახელი, აკე, სხვა წყაროებით უცნობია, ის მხოლოდ ამ მონეტამ შემოინახა.

ასევე განსაკუთრებულია რუსუდან მეფის მონეტა ან, თუნდაც, მისი ძმის, ლაშა-გიორგის მიერ მოჭრილი ფული, რომელზეც მისივე მეფედ კურთხევის სცენაა გამოსახული. ამის თაობაზე მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნუმიზმატი მაია პატარიძე ამბობს:

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლაშა-გიორგის მონეტა, რომელზეც საოცარი სიუჟეტია: მეფეს ხელთ უპყრია აპოკომბიონი (მონეტებით სავსე ქისა). მსგავსი სიუჟეტი ერთადერთი მხოლოდ დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა, წმინდა სოფიას ტაძარში. ეს არის ძალიან გამორჩეული იკონოგრაფია ქართული მონეტებისთვის“.

იშვიათი მონეტების გამოფენა

იშვიათი მონეტების გამოფენა

ზოგადად, ფულის ისტორიული განვითარება ზუსტად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ მდგომარეობას. მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციების უფროსი კურატორი მედეა შეროზია ამბობს, რომ ფულის მონეტების აღმოჩენის სიხშირე ქვეყნის სიძლიერეზე მიანიშნებს:

„იბერიის სამეფოში ფულის მიმოქცევა იწყება ძვ. წ. მე-2 საუკუნეში - რა თქმა უნდა, უფრო ქართლში, ბარად, მაგრამ არაგვის ხევს რომ გაუყვებით, სულ არის აღმოჩენები პართული და რომაული მონეტების. სამხედრო გზას რომ გაუყვებით, სულ არის. ანუ ეს გზა ფუნქციონირებდა ანტიკურ პერიოდშიც, ვაჭრობაში ჩართული იყო მოსახლეობა. მინდა გითხრათ, რომ სამონეტო აღმოჩენები აჩვენებს, რომ ანტიკური პერიოდიდან საქართველოს ტერიტორია მჭიდროდაა დასახლებული, მოსახლეობა საკმაოდ ღონიერია და ფულის მიმოქცევას ფართო მასშტაბები აქვს“.

არსებობს საოკუპაციო მონეტებიც, მაგალითად, როცა არაბები იპყრობენ თბილისს, ჭრიან მონეტებს, ოღონდ ეს უკვე საოკუპაციო მონეტებია...

კოლექციის უდიდესი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მონეტებია. მედეა შეროზია ამბობს, რომ ისინი ძირითადად სამარხებში იპოვეს. მისივე თქმით, ფულს მხოლოდ სავაჭრო დანიშნულება არ ჰქონდა, მას ხშირად სწირავდნენ ეკლესიას, იყენებდნენ სამკაულად და ატანდნენ მიცვალებულებს:

„მონეტის მიცვალებულისთვის ჩატანება ბერძნულ-რომაული წეს-ჩვეულება იყო, რათა ქარონს იმ ქვეყნად გადაეყვანა. ხშირად არის ანტიკური პერიოდის სამარხებში, რომ მიცვალებულს ხელში უჭირავს მონეტა ან პირში უდევს, ასე ვთქვათ, გასამრჯელო იმ ქვეყანაში მოსახვედრად“.

მისივე თქმით, ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად საქართველოში მიცვალებულისთვის ფულის ჩატანების ტრადიციაც მოიშალა.

იშვიათი მონეტების გამოფენა

იშვიათი მონეტების გამოფენა

ექსპოზიციაზე გამოფენილია ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის, დინარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები. ასევე პირველად გამოიფინა ქართულ-სასანური იშვიათი დრამები, ჯაფარიანების თბილისური დირჰემები და ასე შემდეგ. მაია პატარიძე ამბობს, რომ ეს ფული უშუალოდ საქართველოში იჭრებოდა სხვა ქვეყნების ბაზრებზე გამოსაყენებლად:

„იმავე თამარის მონეტას, გიორგი მესამის მონეტას აქვს არაბული წარწერები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საოკუპაციო მონეტაა და დაპყრობილები ვართ. არაბული წარწერა არის მხოლოდ იმისთვის, რომ ფული აღმოსავლეთის ბაზარზე გავიდეს, მაგრამ წარწერის შინაარსი გვამცნობს, რომ გიორგი მესამე არის მესიის მახვილი, იმისთვის რომ იცოდნენ, რომ აქ ქრისტიანი მეფეა სამეფო ტახტზე და არა რომელიმე დამპყრობელი. თუმცა არსებობს საოკუპაციო მონეტებიც, მაგალითად, როცა არაბები იპყრობენ თბილისს, ჭრიან მონეტებს, ოღონდ ეს უკვე საოკუპაციო მონეტებია“.

ექსპოზიცია, რომელიც ახლა გამოიფინა, მუზეუმში არსებული კოლექციის მხოლოდ ხუთი პროცენტია. ამ კოლექციის შეგროვება XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. იგი მემკვიდრეა კავკასიის მუზეუმის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და სიონის საკათედრო ტაძართან არსებული საეკლესიო მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციებისა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG