Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ ერაყში „ისლამური სახელმწიფო“ კონტრიერიშზე გადავიდა


ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ ალ-აბადი (მარცხნივ) და და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში (2015 წლის 14 აპრილი).
ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ ალ-აბადი (მარცხნივ) და და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრი სახლის ოვალურ ოფისში (2015 წლის 14 აპრილი).

დასავლეთ ერაყის ანბარის პროვინციის მცხოვრებთა ცნობით, ოთხშაბათს დილით „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული ორგანიზაციის რაზმებმა მძაფრი კონტრიერიში წამოიწყეს ქალაქ რამადის მახლობლად. ამ შეტევის მსვლელობაში მათ, სულ ცოტა, სამი სოფლიდან განდევნეს ერაყის სამთავრობო ჯარის ნაწილები.

როგორც ასოშიეიტედ პრესის სააგენტო იუწყება, „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებულმა შენაერთებმა დღეს დილით დაიკავეს სოფლები სჯარია, ალბუ-ღანიმი და სუფია. ამავე წყაროს თანახმად, სუფიაში ექსტრემისტებმა დაბომბეს პოლიციის განყოფილება და ხელთ იგდეს ელექტროსადგური. მიღებული ცნობების თანახმად, დღის განმავლობაში გრძელდებოდა შეტაკებები ქალაქ რამადის მისადგომებთან. ამ ბრძოლებში სამთავრობო ჯარს ავიაციაც ეხმარება.

ბოლო კვირებში „ისლამურმა სახელმწიფომ“ სამთავრობო ჯართან დაპირისპირებაში რამდენიმე მარცხი იწვნია, რომელთაგან უმძიმესი იყო ქალაქ თიქრითის დაკარგვა. ამ ორიოდე დღის წინ კი ერაყის უშიშროების ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები განდევნა ქალაქ რამადის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტებიდან. სამთავრობო ჯარების ეს იერიში იყო ნაწილი იმ ფართომასშტაბიანი ოპერაციისა, რომლის ჩატარების ბრძანება გასცა გასულ კვირაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ.

სამშაბათს ალ-აბადი თეთრ სახლში მიიღო აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. გავრცელებული ცნობების თანახმად, ალ-აბადიმ ვაშინგტონს ერაყისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა სთხოვა. შეხვედრის შემდეგ ობამამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს იძულებით ადგილნაცვალ პირებს, რომელთაც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული ორგანიზაციის სამხედრო ოპერაციების შედეგად სახლ-კარის დატოვება მოუხდათ. აშშ-ის პრეზიდენტს არ უთქვამს, აპირებს თუ არა ვაშინგტონი, ერაყს მიაწოდოს „აპაჩის“ ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები, უპილოტო საფრენი აპარატები თუ სხვა სახის იარაღი.

ობამამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თანდათან უმჯობესდება ერაყის შეიარაღებული ძალების მომზადებისა და აღჭურვის ხარისხი, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო დამარცხებას მაინც დიდი დრო დასჭირდება.

ორშაბათს პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა, ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით ბოლო თვეებში წარმოებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, კონტროლი დაკარგეს ტერიტორიაზე, რომელიც 17 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG