Accessibility links

აშშ-ის ბრძოლა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ და გამოწვევები


ერაყში ქურთი მებრძოლები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან, 18 დეკემბერი, 2014

ერაყში ქურთი მებრძოლები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან, 18 დეკემბერი, 2014

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ხარჯების ავტორიზაციის განხილვისას, კონგრესმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას თავისუფლება უნდა მიანიჭოს. კონგრესში ავტორიზაციის დასამტკიცებლად საჭირო წინაპირობები ჯერ არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო კამპანია რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს განუცხადა:

„მე თქვენთან მოვედი იმისთვის, რომ ადმინისტრაციის მხრიდან თქვენთან ამ მიზნის მისაღწევად ვითანამშრომლო. პრეზიდენტს ავტორიზაციის მიღება უკვე რამდენიმე ხანია სურს.“

კერის ამ განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ადმინისტრაციის მიერ შედგენილი ავტორიზაციის ტექსტის ნახვა სურს.

მენენდესმა კონგრესს ავტორიზაციის საკუთარი ინიციატივა შესთავაზა, რომელიც სამ წელზეა გათვლილი, თუმცა ამერიკის საბრძოლო დანაყოფების ოპერაციაში ჩართვას არ გულისხმობს.

„ამერიკელები მხარს არ დაუჭერენ უვადო ომს. მათ არ სურთ ერაყის ათწლეულების განმავლობაში ოკუპირება. ამ ეტაპზე ერაყში ჯარის გაგზავნა, საბოლოო ჯამში, იგივე შედეგს მოგვიტანს.“

კერიმ მენენდესის ინიციატივა მოიწონა, თუმცა კომიტეტს სთხოვა, რომ პრეზიდენტს მეტი თავისუფლება მისცეს. მისი თქმით, პრეზიდენტს არ სურს საბრძოლო დანაყოფების ერაყში გაგზავნა, თუმცა:

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი სურვილით შევუბოჭოთ ხელები ჩვენს მთავარსარდალს და საველე მეთაურებს, რომლებსაც ისეთ სიტუაციებზე რეაგირების გაკეთება შეიძლება მოუხდეთ, რომელთა გათვლაც ამ ეტაპზე შეუძლებელია.“

მიუხედავად იმისა, რომ სენატში ავტორიზაციაზე აქტიურად საუბრობენ, კონგრესის საშობაო არდადეგებამდე ავტორიზაციის დამტკიცება შეუძლებელი იქნება. ამაზე რესპუბლიკელმა სენატორმა ბობ კორკერმა ისაუბრა:

„ვიცი, რომ წარმომადგენელთა პალატა და სენატი ავტორიზაციის დამტკიცებას ვერ შეძლებს. ასეთი პროცესის დაწყებით ჩვენს ქვეყანას ზიანს ვაყენებთ, როცა პროცესის დასარეგულირებლად კანონები არ გვაქვს მიღებული.“

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად, არც ადმინისტრაცია და არც კონგრესი მზად არ არის იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში ამერიკის საბრძოლო დანაყოფები ჩართოს. პოლიტიკური მიმომხილველი სტიუარტ როთენბერგი ამბობს:

„ჩემი აზრით, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ არ სურს არც ერთ მხარეს რთული საკითხის განხილვის დაწყება. კარგი სტრატეგია არავის აქვს და პოლიტიკოსები ძალიან ფრთხილობენ.“

ერაყში მიმდინარე საჰაერო კამპანიის იურიდიული საფუძველი ამჟამად კონგრესის მიერ 2001 წელს მიღებული ავტორიზაციაა, რომელიც ალ-ყაიდასა და მასთან ასოცირებულ ჯგუფებთან ბრძოლის ნებართვას იძლევა. ჯონ კერის თქმით, ისლამური სახელმწიფო ალ-ყაიდას ერთ-ერთი განშტოებაა და 2001 წლის ავტორიზაცია მასთან ბრძოლისთვის საკმარისია, თუმცა ახალი დოკუმენტის შემუშავება უდავოდ სასარგებლო იქნება. ავტორიზაციის კანონპროექტს კონგრესის სრული შემადგენლობა, სავარაუდოდ იანვარში განიხილავს.

XS
SM
MD
LG