Accessibility links

დედამიწაზე მუსულმანთა რაოდენობა განსაკუთრებით სწრაფად იზრდება. დაახლოებით 50 წელიწადში ისლამი გავრცელების მიხედვით ქრისტიანობას დაეწევა და საუკუნის ბოლოს დომინანტური რელიგია გახდება - აცხადებენ პიუს კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები.

„ჩვენი გათვლებით 2070 წლისთვის დედამიწაზე მუსლიმების და ქრისტიანების რაოდენობა გათანაბრდება“ - აცხადებს კონრად ჰაკეტი პიუს კვლევითი ცენტრიდან. მისი თქმით, ისლამი დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგიაა, რაც ძირითადად მაღალი შობადობით არის განპირობებული და არა სარწმუნოების შეცვლით.

„ისლამი დომინანტური რელიგია ხდება“; „მუსლიმთა რაოდენობა გაორმაგდება“; „2070 წლის შემდეგ ისლამი დედამიწაზე ყველაზე უფრო გავრცელებული რელიგია იქნება“ - პიუს კვლევის გამოქვეყნებას მედიაში საკმაოდ ხმაურიანი სათაურები მოჰყვა. ანალიტიკოსების აზრით, სკანდალური ჰედლაინების მიღმა ხშირად ყურადღების გარეშე რჩება საინტერესო ნიუანსები, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს.

ერთ-ერთი მათგანია ის, რომ გლობალურ ბალანსში ცვლილებები ძირითადად აფრიკის კონტინენტის ხარჯზე მოდის. ოღონდ იქ არამარტო მუსლიმთა რაოდენობა იზრდება. ქრისტიანი მოსახლეობის ზრდაც ისე სწრაფად ხდება, რომ უკვე 21-ე საუკუნის შუა წლებისთვის მსოფლიოს ქრისტიანთა 40 პროცენტი აფრიკაში იცხოვრებს.

„ასე რომ, ეს როგორც ქრისტიანების, ასევე მუსლიმებისთვისაც, სავარაუდოდ, კარგი ამბავია“ - ამბობს პიუს კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი. თუმცა, არა ბუდისტებისთვის, რომელთა რაოდენობა ისევ ნახევარ მილიარდზე დარჩება.

იმის მიუხედავად, რომ დემოგრაფია წამყვანი მომენტია, ბრიტანელი პროფესორი დევიდ ვოსი ამბობს, რომ რაოდენობრივი ზრდა დომინანტურობის გარანტია არ არის: „მთავარი მაინც ეკონომიკური და კულტურული პროდუქტიულობაა. შეუძლია სახელმწიფოს რაოდენობრივი ზრდა გავლენის ბერკეტად აქციოს? როგორც გლობალურ ეკონომიკაში, ისე ე.წ. რბილი ძალის გავლენის სფეროებში“.

ამასთან, მეცნიერების იმასაც უსვამენ ხაზს, რომ სარწმუნოებრივი იდენტობა ზუსტი მეცნიერება არ არის. დროთა განმავლობაში დემოგრაფიული სქემები სრულიად არაპროგნოზირებადი მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს.

XS
SM
MD
LG