Accessibility links

logo-print

ისლამოფობიისა და ტოლერანტობის გამოხატულება ბოსტონის აფეთქების შემდეგ


ამერიკის მოქალაქეები ცდილობენ ჩასწვდნენ იმას, თუ რა მოხდა ბოსტონში 15 აპრილს და როგორ იქცა ორი ჩეჩენი ახალგაზრდა ემიგრანტი მოტივირებულ მკვლელად. ამის შედეგია ისლამოფობიური რიტორიკის ზრდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ნაწილი კი ტოლერანტულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს.

იმ კონსერტავიულად განწყობილ კომენტატორთა შორის, რომლებმაც ისლამოფობიური დამოკიდებულების გამო კრიტიკა დაიმსახურეს, პირველი ერიკ რაში იყო, ვინც ბოსტონის აფეთქებიდან რამდენიმე საათში ტვიტერზე დაპოსტა და ივარაუდა, რომ ბოროტმოქმედი საუდის არაბეთიდან უნდა ყოფილიყო. აფეთქებიდან მოკლე ხანში საუდის მოქალაქე „დაინტერესებულ პირად“ ხელისუფლებამაც გამოაცხადა, მაგრამ მალე ყველაფერი გაირკვა, თუმცა ერიკ რაში მაინც თავის აზრზე დარჩა. ტვიტერით დასმულ შეკითხვაზე, იგი დამნაშავედ ხელაღებით მუსლიმანს თვლიდა თუ არა, კომენტატორმა უპასუხა, „კი, ისინი მტრები არიან, მტრები კი ერთიანად უნდა დახოცონო“. მოგვიანებით რაშმა თავის სიტყვებს სარკასტული უწოდა.

22 აპრილს, ბოსტონის აფეთქებიდან ერთი კვირის თავზე, აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ილინოისიდან, ჯო ვოლშმა, ტელეკომპანია „MSNBC”-სთან საუბარში განაცხადა:

„ჩვენ ვიმყოფებით ომში და გასულ კვირაში ჩვენს ქვეყანას თავხედურად შეახსენეს, რომ ჩვენ ომში ვიმყოფებით. როცა საქმე ეხება იმიგრაციას, ჩვენ არა მხოლოდ პაუზა უნდა ავიღოთ, ჩვენ ასევე უნდა დავიწყოთ იმის დადგენა, თუ ვინ არის ჩვენ მტერი ამ ომში: ახალგაზრდა მუსლიმი მამაკაცები“.

იმ დღიდან მოყოლებული, ერთი და იგივე მეორდება. როგორც კი რომელიმე საქმეში გარეული აღმოჩნდებიან ტერორისტები ანდა მუსლიმი ბოროტმოქმედები, თავს იჩენს უკურეაქცია და იზრდება ისლამოფობია...
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ახლომდებარე მუსლიმანურ კვარტალებს თვალთვალი დაუწყო. გამოძიების ფედერალური ბიურო მუსლიმანური და სხვა ეთნიკური თემების ირგვლივ სადაზვერვო ინფორმაციების შეგროვებას შეუდგა.

კრიტიკოსებმა ეს პროგრამები მაშინ არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.

მაშინ როცა ყველა ერთსულოვნად გმობს ამასწინანდელ აფეთქებებს, ბოსტონში მდებარე ამერიკის ისლამური კონგრესის სამოქალაქო უფლებების დირექტორი ნასერ ვედადი აცხადებს, რომ ბოსტონის შემდგომი ისლამოფობია ძალიან ჰგავს იმას, რაც 2011 წლის სექტემბრის ტერაქტს მოჰყვა:

„იმ დღიდან მოყოლებული, ერთი და იგივე მეორდება. როგორც კი რომელიმე საქმეში გარეული აღმოჩნდებიან ტერორისტები ანდა მუსლიმი ბოროტმოქმედები, თავს იჩენს უკურეაქცია და იზრდება ისლამოფობია. ეს არ ხდება შემთხვევით ან სპონტანურად. არსებობენ გარკვეული წრეები, რომლებიც აშკარად ცდილობენ პოტენციურ ტერორისტებად წარმოაჩინონ ყველა მუსლიმანი და სწორედ ისინი უწყობენ ხელს ასეთი განწყობის გაძლიერებას“.

ბოსტონის აფეთქების შემდეგ კი, როგორც ზემოთ ითქვა, აშშ-ში კვლავ იჩინა თავი ისლამოფობიურმა განწყობამ. მემარჯვენე ყაიდის ტელეკომპანია „FOX NEWS“-ის ერთ-ერთმა წამყვანმა, ბობ ბეკელმა, ისიც კი განაცხადა, „სანამ ბოლომდე არ დავადგენთ, რასთან გვაქვს საქმე, უნდა ვიფიქროთ, დროის გარკვეულ მონაკვეთში ხომ არ შევწყვიტოთ ქვეყანაში მუსლიმანი სტუდენტების მიღებაო“.

ამ დაუნდობლობის პირისპირ მყოფნი, ჩვენ ვირჩევთ მეგობრობას, ჩვენ ვირჩევთ სიყვარულს...
26 აპრილს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კალიფორნიიდან, დანა როჰრაბახერმა, საერთაშორისო საქმეების კომიტეტის სხდომაც კი ჩაატარა თემაზე: „ემუქრება თუ არა ჩეჩნეთის ისლამისტური ექსტრემიზმი აშშ-ს“, ხოლო დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, „ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ იმ რელიგიების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანებს ბავშვების ხოცვას ჩააგონებენო“.

თუმცა ასეთი ისლამოფობიური განწყობების პარალელურად, ამ დღეებში აშშ-ის საზოგადოებაში შემწყნარებლურ, ტოლერანტულ დამოკიდებულებასაც ხშირად წააწყდებით.

„იმ რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, რაც ბოსტონში გასულ კვირას გამართული მრავალკონფესიური ღვთისმსახურების დროს გამოჩნდა, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ხედავს განსხვავებას ცალკეულ ინდივიდსა და მთელ საზოგადოებას შორის“, -აცხადებს ამერიკის ისლამური კონგრესის სამოქალაქო უფლებების დირექტორი ნასერ ვედადი და დასძენს, ისინი აცნობიერებენ, რომ ბომბის ნამსხვრევმა, „საბოლოო ჯამში, გარჩევა არ იცისო“.

ასეთივე მესიჯი წამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტისაგან.

„ამ დაუნდობლობის პირისპირ მყოფნი, ჩვენ ვირჩევთ მეგობრობას, ჩვენ ვირჩევთ სიყვარულს“, - განაცხადა ბარაკ ობამამ 18 აპრილს, ბოსტონში გამართული მრავალკონფესიური ღვთისმსახურების დროს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG