Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ მომავალი


"ისლამური სახელმწიფოს" დროშა
"ისლამური სახელმწიფოს" დროშა

ანტი-ტერორიზმის ბევრი ექსპერტი ირწმუნება, რომ თანამედროვე ტერორიზმი ისეთი სისწრაფით იცვლის ბუნებას, რომ კონტრ-ტერორისტული სტრატეგია მას უკან ჩამორჩება. თუმცა სხვები აღნიშნავენ, რომ ახლად გარდაქმნილი ტერორისტები საკუთარი თავისთვის ყველაზე უარესი მტრები შეიძლება იყვნენ.

საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ 2015 წლის ბოლომდე სირიაში და ერაყში 10 ათას ევროპელ მოხალისეს ელიან. ზოგიერთი გამოცდილებას, უნარებს და კონტაქტებს შეიძენს, რაც მათ სერიოზულ მოწინააღმდეგედ აქცევს.
ბრაიან ჯენკინსი, კონტრ-ტერორიზმის მთავარი ექსპერტი

შეერთებულ შტატებზე 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის კონტრტერორიზმი, ყურადღებას შემდგომი მსგავსი, თვალშისაცემი თავდასხმის აღკვეთაზე ამახვილებდა. მაგრამ 14 წლის შემდეგ, მომდევნი თვალშისაცემი თავდასხმა პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდო“-ზე მოხდა. ის ნაკლებ მასშტაბიანი და ტექნიკურად მარტივი იყო, მაგრამ უზარმაზარი ზეგავლენა მოახდინა.

ცეცხლსასროლი იარაღით და თვითნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა რამდენიმე ადამიანმა მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი დედაქალაქი გააჩერა. თავდამსხმელები, საფრანგეთში გაზრდილი ისლამისტი ძმები იყვნენ. ისინი ალ-ყაიდას ბანაკში არ იწვრთნებოდნენ და მათი რადიკალიზაცია იქ არ მომხდარა. ყველაფერი ინტერნეტის მეშვეობით მოხდა.

„სულ რაღაც 5 წლის წინ, სადაზვერვო წრეებში კამათის საგანი იყო საკითხი, სინამდვილეში შესაძლებელი იყო თუ არა მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით ვინმეს რეკრუტირება და ქმედების უნარით აღჭურვა. ეს ბევრად უფრო რთული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც სოციალურ მედიას, ინტერნეტს და კომუნიკაციის საშუალებებს იყენებს და სირიის და ერაყის ომების გამო, სამხედრო ტიპის იარაღთან ხელი მიუწვდება,“ ამბობს დევიდ კილკულენი, ანტი-ტერორიზმის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი.

უცხოელი მებრძოლების დაბრუნებაც ახალ ნორმად იქცა. დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ვარაუდობს, რომ ჯიჰადისტ ჯგუფებს დაახლოებით 20 ათასი უცხოელი მოხალისე შეუერთდა, მათ შორის 3 ათასი ევროპიდან. „რენდ“ კორპორაციის კონტრ-ტერორიზმის მთავარი ექსპერტი ბრაიან ჯენკინსი ამბობს, რომ დინება გრძელდება.

„საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ 2015 წლის ბოლომდე სირიაში და ერაყში 10 ათას ევროპელ მოხალისეს ელიან. ზოგიერთი გამოცდილებას, უნარებს და კონტაქტებს შეიძენს, რაც მათ სერიოზულ მოწინააღმდეგედ აქცევს, საკუთარ ქვეყნებში ჯიჰადის გაგრძელებას თუ გადაწყვეტენ.“

კონფლიქტებში ჩაფლულმა ახლო აღმოსავლეთმა და სხვა რეგიონებმა არშემდგარი სახელმწიფოები წარმოშვეს იმ დროს, როცა თვითჩამოყალიბებული „ისლამური სახელმწიფო“ ტერიტორიებს იპყრობს და მმართველობის განხორციელებას ცდილობს. მაგრამ ჯენკინსი ამბობს, რომ მათი, ძარცვაზე დაფუძნებული ეკონომიკის გამო, ეს მიმართულება წარუმატებლობისთვის არის განწირული.

„ის მეტწილად ახალ ტერიტორიებზე გაფართოებით მოქმედებს, ბანკებს აცარიელებს, სამშენებლო ტექნიკას, ავტომობილებს, სატვირთო მანქანებს, გენერატორებს და რასაც კი შეძლებს, ყიდის. ასე, მუდმივი გაფართოება უნდა მოახდინო, თორემ ყველაფრის ჩამოშლა დაიწყება.“

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს და გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, ფილიპ მადი ამბობს, რომ ჯიჰადისტური სახელმწიფოს შენარჩუნებას მისი მომხრეების სისასტიკე კიდევ უფრო აძნელებს.

„როდესაც ვფიქრდები, საქმე როგორ მიდის ჩემი პასუხი ასეთია „იდეების ომში ვინ იმარჯვებს? მთელს ისლამურ სამყაროში ადამიანებმა დაინახეს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში უდანაშაულო ადამიანების მკვლელობები ხდებოდა, რაც მისაღები არასდროს არ არის.“

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ისლამური ქვეყნების უმეტესობაში, მოსახლოების დიდი უმრავლესობა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ძალადობას არ იწონებს. მადი ამბობს, ისეთი შეხედულება ჭარბობს, რომ მტრებისგან ისლამის დასაცავად ასეთი ქმედება არასდროს არ არის გამართლებული.

დღეს ბევრი მუსლიმი სწავლულიც ამბობს, რომ ძველი ხალიფატები მხატვრებით, მეცნიერებით, გამომგონებლებით და ღვთისმოშიში ადამიანებით იყო სავსე და არა მოძალადე ფუნდამენტალისტი ჯიჰადისტებით, რომლებიც თავს ესხმიან მათ, ვინც მათ რწმენას არ იზიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG