Accessibility links

logo-print

„ისლამურმა სახელმწიფომ“ თავი მოჰკვეთა 21 ქრისტიან კოპტს


ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიბიის განშტოების წევრებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც 21 ქრისტიანისთვის თავის მოკვეთაა ასახული. ქრისტიანი კოპტები, რომელთა თავის მოკვეთის სცენაა ასახული „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, ეგვიპტელები არიან. ხუთწუთიანი ვიდეოფილმის სახელწოდებაა „სისხლით დაწერილი ცნობა ჯვრის ქვეყანას“. ფირი კვირას გავრცელდა ინტერნეტით. ეს „ისლამური სახელმწიფოს“ პირველი მიმართვაა ქრისტიანებისადმი. ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათა ალ-სისიმ კვირა საღამოს გამოაცხადა, რომ კაირო შესაბამისად უპასუხებს მკვლელთა და ბოროტმოქმედთა აქტს. ეგვიპტეში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ვიდეოჩანაწერზე ჩანს ათეულობით შავ სამოსში გამოწყობილი პირი, რომლებიც ზღვის ნაპირისკენ მიერეკებიან მძევლებს. თითოეულ ჯიჰადისტს ხელში დანა უჭირავს და თითო მძევალი მიჰყავს. ერთი მათგანი ამბობს, ლიბიაში ვართ, რომის სამხრეთითო. შემდეგ მიმართავს დასავლეთს და ამბობს, ზღვას თქვენი სისხლით გავაწითლებთო. შემდეგ ისინი დატყვევებულ პირებს თავებს აჭრიან. არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ნაბილ ელ არაბიმ კაიროში ასე გამოხატა მომხდარისადმი დამოკიდებულება:

„აშკარაა, რაც მოხდა, ბარბაროსული და მხეცური ტერორისტული აქტია, რომელიც ქვის ხანაში გვაბრუნებს. ვერ წარმომიდგენია, ვის შეუძლია ჩაიდინოს ასეთი რამ. ეგვიპტეს სრული უფლება აქვს თავი დაიცვას და გადადგას ნაბიჯები ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც ფუნდამენტალისტებმა ჩაიდინეს“.

კოპტურმა ეკლესიამ, რომელმაც დაადასტურა მომხდარი, მოითხოვა დამნაშავეებს საკადრისი მიეზღოთ. კოპტი მართლმადიდებლების ეპისკოპოსმა გერმანიაში, ანბა დამიანმა, გაზეთ „ბილდს“ უთხრა, ესენი იყვნენ ეგვიპტელი გასტარბაიეტერები, რომლებიც ლიბიაში მუშაობდნენ და შინ ბრუნდებოდნენ ავტობუსით, როცა ისლამისტებმა დაატყვევესო. თავიდან გამოსასყიდის მოთხოვნას ველოდით, მაგრამ ასეთი მოთხოვნა არ მიგვიღიაო, თქვა ეპისკოპოსმა დამიანმა. კოპტები დეკემბრის ბოლოს თუ იანვრის დასაწყისში დაატყვევეს.

ორშაბათ დილით ეგვიპტის ავიაციამ, ლიბიის არმიის თვითმფრინავებთან ერთად, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები, იარაღის საწყობები დაბომბა ლიბიაში, ქალაქების ბენღაზისა და სირთეს მახლობლად. ლიბიაში ამ ეტაპზე სისხლიანი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ორი მთავრობა ტრიპოლიში და ტობრუკში ერთმანეთს ებრძვის ქვეყნის მართვისათვის. მსოფლიო აღიარებს ტობრუკში გამაგრებულ მთავრობას, რომელსაც მხარს უჭერს რეგულარული არმიაც. ტობრუკი კაიროს ოფიციალური მოკავშირეა, მისი მოწინააღმდეგე ტრიპოლის მთავრობა კი ეგვიპტეს უგულებელყოფს. როგორც ლიბიის არმიის შტაბის მეთაურმა საკირ ალ ჯურუშიმ განაცხადა, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები მათი და ეგვიპტის ავიაციის კოორდინირებული მოქმედებით დაიბომბა.

ტერმინი „კოპტი“ ეგვიპტეში მცხოვრებ ქრისტიანს ნიშნავს. მათი რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემებით, მთელი მოსახლეობის - 90 მილიონის -ექვსიდან ათ პროცენტამდეა. მათ რიგებში, გარდა საკუთრივ კოპტების, ძველი აღმოსავლელი მონოფიზიტებისა, კათოლიკები, მართლმადიდებლები და პროტესტანტებიც არიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG