Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფო“ და მუჰამედის კარიკატურები


თავდამსხმელთა ავტომობილი

თავდამსხმელთა ავტომობილი

ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა, მისი თქმით, პირველ თავდასხმაზე აშშ-ის ტერიტორიაზე - სროლაზე, რომელიც მოხდა ტეხასის შტატში 3 მაისს, ანტიისლამური ღონისძიების დროს. ამ შეკრებაზე გამოფენილი იყო წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები.

ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ 5 მაისს გაავრცელა ცნობა, რომ მისი წევრი იყო ორივე მამაკაცი, რომელმაც 3 მაისს თავდასხმა მოაწყო ტეხასის შტატში, ქალაქ დალასის გარეუბან გარლანდში გამართულ ღონისძიებაზე. შეიარაღებული პირები, ელტონ სიმპსონი და ნადირ სუფი, პოლიციელებმა მოკლეს. მომდევნო დღეს გამომძიებლებმა გამოაცხადეს, რომ ინციდენტამდეც ტარდებოდა მასშტაბური გამოძიება ელტონ სიმპსონის, ანუ იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც 3 მაისს სროლა დაიწყო. ოფიციალური პირების ცნობით, 2011 წელს ელტონ სიმპსონი დამნაშავედ ცნეს სომალიში ექსტრემისტული თავდასხმის მოწყობის გეგმასთან დაკავშირებით არასწორი ჩვენების მიცემაში. როგორც იუწყებიან, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო საიდუმლოდ იწერდა სიმპსონის საუბრებს 2006-2010 წლებში ტერორიზმში ეჭვის მიტანის საფუძველზე გამოძიებასთან დაკავშირებით. ნაკლებია ცნობილი მეორე თავდამსხმელის, ნადირ სუფის შესახებ. როგორც დაადგინეს, ის და ელტონ სიმპსონი ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. ოფიციალური პირები იმასაც ამბობენ, რომ მათთვის უცნობი იყო სიმპსონისა და სუფის გეგმა თავდასხმა მოეწყოთ 3 მაისს.

ამ ორმა პირმა ფეხში დაჭრა მცველი დალასის გარეუბანში გამართულ ღონისძიებაზე, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გაუხსნა როგორც მცველმა, ისევე ადგილზე მყოფმა პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთის წევრებმა. მცველი საავადმყოფოში მოათავსეს და, ცნობების თანახმად, უკვე გამოწერეს.

თავდასხმა გადაჭრით დაგმო შეერთებულ შტატებში მუსლიმთა უფლებების დამცველმა უდიდესმა ორგანიზაციამ, ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭომ. მისი განცხადებით, ძალადობრივი რეაქცია გაცილებით უფრო შეურაცხმყოფელია მუსლიმთა რწმენისათვის, ვიდრე კარიკატურები. ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭოს ჩრდილოეთ ტეხასის დალას-ფორდ უორტის ადგილობრივი განყოფილების აღმოსრულებელმა დირექტორმა ალია სალემმა 3 მაისვე გამართა პრესკონფერენციაიმ დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„მაშინ, როცა უაღრესად მადლიერი ვართ გარლანდის პოლიციის დეპარტამენტის სწრაფი და ძალიან კომპეტენტური მოქმედებისათვის, გვსურს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს მოვუწოდოთ გააგრძელოს გამოძიება, გააგრძელოს ძებნა და დაადგინოს, როგორ არის შესაძლებელი მომავალში ამის თავიდან აცილება“, განაცხადა ალია სალემმა.

სალემის გამოსვლაში კრიტიკაც გაისმა. მან „ძალადობრივი რეაქციის პროვოცირებაში“ დაადანაშაულა გარლანდში გამართული გამოფენის ორგანიზატორები. როგორც უკვე ითქვა, გამოფენილი იყო წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები. კერძოდ, ტარდებოდა კარიკატურების კონკურსი, მაშინ როცა, ისლამური ტრადიციით, მუჰამედის გამოსახულების არათუ დამცინავის, არამედ, ზოგადად, ნებისმიერი გამოსახულების შექმნა ითვლება მკრეხელობად.

„მართალია, არანაირად არ ვამართლებთ ამ ბოროტმოქმედებს, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს, და, როგორც ამერიკელები, სავსებით მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა: როდის იქცევა თავისუფალი სიტყვა სიძულვილის სიტყვად? განსაკუთრებით, როცა ასეთი მკაფიო მიზანია ძალადობრივი რეაქციის პროვოცირება“, - განაცხადა ორგანიზაცია ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭოს წარმომადგენელმა.

ტეხასში გამართული კარიკატურების კონკურსში გაიმარჯვა ბოშ ფოუსტინმა, რომელსაც 10 000 დოლარი ერგო ფულადი პრემიის სახით. მის ნამუშევარზე ვხედავთ წინასწარმეტყველს, რომელიც ხმალს იქნევს და ყვირის: „არა გაქვს ჩემი დახატვის უფლება“. იქვე მოჩანს ხელოვანი, ხელში ფანქრით, და საპასუხო წარწერა: „სწორედ ამის გამო გხატავ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG