Accessibility links

logo-print

ისრაელი არ ცვლის პოზიციას ირანის საკითხში


ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ეჰუდ ბარაკი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ეჰუდ ბარაკი

საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ხშირად ავრცელებენ ცნობებს ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეულ დაპირისპირებაზე და ისრაელის პოზიციაზე, რომ არ დაუშვებს ირანის ხელში ბირთვული იარაღის ჩავარდნას, უჩვეულოდ ჟღერდა ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის ბოლოდროინდელი ინტერვიუ. მინისტრმა ბრიტანეთის გაზეთ „დეილი ტელეგრაფს“ უთხრა, რომ ირანმა სამოქალაქო მიზნებისათვის გამოიყენა გამდიდრებული ურანის მესამედი ნაწილი და რომ შედეგად გადაიდო - კერძოდ, რვიდან ათ თვემდე პერიოდით დაყოვნდა - ის მომენტი, როცა ირანს შეეძლება ბირთვული იარაღის შექმნა.

ეს შეიძლება, ქება არ იყოს, მაგრამ ინტერვიუში ეჰუდ ბარაქს არ გამოურიცხავს, რომ თეირანი ცდილობს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დარწმუნებას, რომ ითვალისწინებს მის მოთხოვნებს ბირთვულ პროგრამასთან მიმართებით.

ირანი ყოველთვის აცხადებდა და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ის აღნიშნავს აგრეთვე, რომ, მაგალითად, ისრაელისაგან განსხვავებით, ხელი არ მოუწერია ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებისათვის.

ისრაელი და დასავლეთი, როგორც ცნობილია, მაინც გამოთქვამენ შეშფოთებას ირანის ბირთვული პროგრამით, რადგან პროგრამის მახასიათებლები ცხადჰყოფს ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალს. გასულ თვეში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ საფრთხე რეალურია.

„ქალბატონებო და ბატონებო, საკითხავი ის კი არ არის, როდის შექმნის ირანი ბომბს, საკითხავია, რომელ ეტაპზე ვეღარ შევძლებთ ირანის შეჩერებას ბომბის შექმნის გზაზე. ირანის ბირთვულ პროგრამაზე უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რადგან მხოლოდ ურანის გამამდიდრებელი საწარმოებია ის ბირთვული ობიექტები, რომლებიც აშკარად შეგვიძლია დავინახოთ და ზუსტად ამოვიღოთ მიზანში“, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გასულ თვეში.

ისრაელის პოზიცია, არსებითად, არ შეცვლილაო, აღნიშნავს ბრიტანეთის მედიასთან საუბარში ეჰუდ ბარაკი. მისი განმარტებით, ისრაელს კვლავინდებურად სჯერა, რომ ირანი ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას და კვლავინდებურად აუცილებლად მიაჩნია ზომების მიღება მანამდე, სანამ ირანი მოაგროვებს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებულ ურანს იარაღის დასამზადებლად. ამასთან, ისრაელი იტოვებს ცალმხრივი წესით მოქმედების უფლებას და არ აპირებს, ოდესმე ჩააბაროს თავის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა რომელიმე მოკავშირეს, თუნდაც ყველაზე სანდოს და ერთგულს.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, არ დავუშვათ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქოდეს. მჯერა მსოფლიოს ლიდერების, როცა ამბობენ, რომ გამორიცხული არ არის არც ერთი ზომა. როცა ამას ამბობენ, იმედი მაქვს, რომ სიტყვას საქმეს მოაყოლებენ. ჩვენ ამას ვაპირებთ“, - აღნიშნა ეჰუდ ბარაკმა ამ ორიოდე დღის წინ, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში.

ეჰუდ ბარაკის განცხადებების ფონია მზადება ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 22 იანვარს უნდა ჩატარდეს.

პრემიერ-მინისტრ ნეტანიაჰუს კონსერვატიული პარტია „ლიკუდი“ აპირებს ბლოკის შექმნას ნაციონალისტი პოლიტიკოსის, საგარეო საქმეთა მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის პარტიასთან ერთად. პოლიტოლოგების დიდი ნაწილის ვარაუდით, ასეთი ალიანსი შეძლებს საკმარისი ხმების მოპოვებას მმართველი კოალიციის შესაქმნელად. თუმცა, ნეტანიაჰუსთვის შეუძლებელი ხდება საკუთარი თავის წარმოსახვა მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალად - 2009 წლის არჩევნებისაგან განსხვავებით. მისი მოკავშირე, ავიგდორ ლიბერმანი აშკარად ნაციონალისტურ პოზიციაზე. სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დიდი თაყვანისმცემელია.

როგორიც უნდა იყოს ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც მან ბრიტანეთის მედიასთან საუბარში გააკეთა, ისრაელის მედიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ნეტანიაჰუ-ლიბერმანის სავარაუდო მმართველი კოალიცია შექმნის "ომის კაბინეტს, რომელიც ისრაელს მიიყვანს ირანთან კონფრონტაციამდე". ამ მოსაზრებას გაზეთ "ჰაარეცში" გამოთქვამს სარედაქციო წერილის ავტორი.
XS
SM
MD
LG