Accessibility links

logo-print

ნეთანიაჰუ ირანთან "სანახევრო შეთანხმებების" წინააღმდეგია


ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობას ირანზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს კომენტარები მოჰყვა ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ალბათობაზე აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა მსჯელობას.

კვირას ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ნეთანიაჰუმ განაცხადა, „საერთაშორისო ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს მანამდე, სანამ სიტყვების ნაცვლად მოქმედებას არ ვიხილავთო“. ანალოგიური განცხადება ნეთანიაჰუმ მოგვიანებით აშშ-ის პოპულარულ სატელევიზო გადაცემა „პრესასთან შეხვედრაში“ მონაწილეობის დროსაც გაიმეორა:

„ვფიქრობ, ზეწოლა ირანზე არათუ უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაიზარდოს კიდეც, ვიდრე იგი ნამდვილად არ შეწყვეტს ბირთვულ პროგრამას და არ განიარაღდება. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერმა სანახევრო შეთანხმებამ შეიძლება სანქციების რეჟიმის მოშლა გამოიწვიოს. არსებობს ბევრი ქვეყანა, სანქციების გასაუქმებლად მხოლოდ ნიშანს რომ ელოდება და, ვფიქრობ, არ უნდა ვეცადოთ მიზნის მიღწევას ნახევარზომების გზით“.

ნეთანიაჰუს კომენტარები მოჰყვა ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ალბათობაზე აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა მსჯელობას. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯეკ ლიუმ კვირას ტელეეთერში განაცხადა, რომ ვაშინგტონი ნაბიჯ-ნაბიჯ უპასუხებს ირანის კონკრეტულ მოქმედებებს.

წარმოვიდგინოთ, რომ სირიამ თქვას, 20 პროცენტით ვაპირებთ ქიმიური იარაღისგან განთავისუფლებას და ამიტომ დაწესებული სანქციები შეგვიმსუბუქეთო. ამას ხომ არავინ დაყაბულდება!...
საკუთარი ნათქვამი რომ უფრო დაეზუსტებინა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პარალელი სირიის ქიმიურ არსენალთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან გაავლო:

„წარმოვიდგინოთ, რომ სირიამ თქვას, 20 პროცენტით ვაპირებთ ქიმიური იარაღისგან განთავისუფლებას და ამიტომ დაწესებული სანქციები შეგვიმსუბუქეთო. ამას ხომ არავინ დაყაბულდება! ეს არის სწორედ ის, რის გაკეთებასაც ირანი ცდილობს. ისინი ცდილობენ მიაღწიონ სანახევრო შეთანხმებას, რაც, მათი აზრით, გააუქმებს სანქციებს და მათ დაუტოვებს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობასაც“.

ამ თვის დასაწყისში ირანისა და დასავლეთის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებმა ჟენევაში გამართეს ორდღიანი მოლაპარაკებები, რასაც „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა.

ირანის გეგმა სამი ეტაპისაგან შედგება, რამაც ქვეყნის მიერ შემუშავებული ურანის გამდიდრების პროგრამის შემცირება უნდა მოახდინოს. ეს არის იმ ექვსი წამყვანი სახელმწიფოს მოთხოვნის მთავარი არსი, რომლებიც ეჭვობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის მიზანს ატომური იარაღის შექმნა შეადგენს. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი დანიშნულება აქვს.

მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი ჟენევაში 7-8 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG