Accessibility links

logo-print
ეს ამბავი 2010 წლის სექტემბერში, სპონტანურად დაიწყო. ამერიკელმა ჟურნალისტმა, დენ სევიჯმა, 15 წლის ჰომოსექსუალი ბიჭის, ბილი ლუკასის თვითმკვლელობის შესახებ შეიტყო. ინდიანის შტატში მცხოვრებმა ბიჭმა სკოლაში აბუჩად აგდებას და ჩაგვრას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. ბილის სიკვდილი დაემთხვა პერიოდს, როცა ამერიკის მედიაში ისედაც გახშირებული იყო ცნობები არაჰეტეროსექსუალი ახალგაზრდების თვითმკვლელობის შესახებ. ყველა მათგანი იზოლაციის, ჩაგვრის და დაცინვის გამო დგამდა ამ ნაბიჯს. დენ სევიჯმა გადაწყვიტა, როგორმე ხმა მიეწვდინა სასოწარკვეთილებაში მყოფი ახალგაზრდებისთვის. თავის ქმართან, ტერი მილერთან ერთად სევიჯმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც წყვილმა თავის გამოცდილებაზე ილაპარაკა და ახალგაზრდებს უთხრა - ნუ გეშინიათ, არ დანებდეთ, წინ უკეთესობააო.

„სკოლის ბოლო კლასები ძალიან ძნელი იყო. მე აშკარად გეი ვიყავი, და ჩემს ზოგიერთ თანასკოლელს ეს არ მოსწონდა. ჩაგვრაც გამოცდილი მაქვს და აბუჩად აგდებაც“ - ყვება სევიჯი. თუმცა იქვე ვიგებთ, რომ სკოლის დამთავრების და ზრდასრული ასაკის მიღწევისთანავე სევიჯის ცხოვრებაში უკეთესობა დადგა - მან იპოვა სიყვარული, დაქორწინდა, ჰყავს შვილი და ბედნიერი, წარმატებული ცხოვრებით ცხოვრობს სიეტლში.

„თუ 14, 15, 16 წლის ახალგაზრდები გვიყურებენ - 12, 13 წლისები - მინდა ამ ვიდეომ დაგარწმუნოთ, რომ წინ უკეთესობაა. ახლა როგორ ცუდადაც უნდა იყოთ, იცოდეთ, რომ წინ უკეთესობაა. შესაძლოა მომავალი საერთოდაც არაჩვეულებრივი იყოს, შეიძლება საოცარი ცხოვრება გქონდეთ. მაგრამ ამ მძიმე პერიოდს უნდა გაუძლოთ და უნდა იცოცხლოთ საიმისოდ, რომ უკეთესობას მოესწროთ. მომავალი შესაძლოა ფანტასტიური იყოს. და იქნება კიდეც“ - ამბობს სევიჯი.

სევიჯის და მილერის ვიდეოს „იუთუბზე“ განთავსებას მყისიერი და მასშტაბური რეაქცია მოჰყვა. ხალხმა, ვისაც გული შესტკიოდა სკოლებში ჩაგვრის მსხვერპლ არა-ჰეტეროსექსუალ ახალგაზრდებზე, საპასუხო ვიდეოების გადაღება და ინტერნეტში განთავსება დაიწყო. მასწავლებლები, მშობლები, თავად თინეიჯერები ჰყვებოდნენ განსხვავებულად ყოფნის გამო აბუჩად აგდების და ძალადობის თავიანთ გამოცდილებაზე და ახალგაზრდებს ამხნევებდნენ - გაუძელით, წინ უკეთესობააო.

დღესდღეობით ამ მესიჯით - „წინ უკეთესობაა“ (“It Gets Better”) – უკვე 50000-ზე მეტი ვიდეო არსებობს. ლგბტ ახალგაზრდების გამამხნევებელი კამპანია იმდენად მასშტაბური გახდა, რომ მასში პოლიტიკოსები და ვარსკვლავებიც ჩაერთნენ, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, სამხრეთ აფრიკის არქიეპისკოპოსი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, დეზმონდ ტუტუ და აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, რომელმაც ლგბტ ახალგაზრდებს თავის ბავშვობაზე და რასობრივი მოტივით გარიყულად ყოფნაზე მოუთხრო:

დენ სევიჯი

დენ სევიჯი

„მე არ ვიცი, როგორია ის გამოცდილება, როცა ჰომოსექსუალობის გამო ამოგიჩემებენ და დაგცინიან. მაგრამ კარგად ვიცი, რას ნიშნავს იზრდებოდე და თავს ზოგჯერ უცხო სხეულად გრძნობდე. ეს ძალიან ძნელია. მარტოობის და იზოლაციის განცდა ბევრ ახალგაზრდაზე მძიმედ შეიძლება აისახოს. როცა აბუჩად გიგდებენ და დაგცინიან, შეიძლება იფიქრო, რომ ეს რაღაცით თავად გამოიწვიე. იმით, რომ სხვანაირი ხარ, რომ სხვებს არ ჰგავხარ. აი რა მინდა გითხრათ: თქვენ მარტო არ ხართ და არაფერი არ დაგიშავებიათ. ეს ჩაგვრა არაფრით არ დაგიმსახურებიათ. წინ მთელი სამყარო გელოდებათ, შესაძლებლობებით სავსე. არის ხალხი, ვისაც ზუსტად ისეთები უყვარხართ, როგორებიც ხართ. ამიტომაც, თუკი იგრძნობთ, რომ ჩაგვრის, ადამიანების სასტიკი სიტყვების გამო თავს მართლა ცუდად გრძნობთ, დახმარებისთვის იმ ხალხს მიმართეთ, ვისაც ენდობით. იქნებიან ეს თქვენი მშობლები, მასწავლებლები - ვისზეც იცით, რომ ისეთი უყვარხართ, როგორიც ხართ. მიმართეთ ამ ხალხს. არ იფიქროთ, რომ ამ სიტუაციაში მარტო ხართ. და კიდევ ის უნდა იცოდეთ, რომ წინ უკეთესობაა. მეტიც - დროის გასვლასთან ერთად დარწმუნდებით, რომ თქვენი განსხვავებები სიამაყის და სიძლიერის წყაროა“ - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი ვიდეოში.

„წინ უკეთესობაა“ ახლა უკვე ორგანიზაციაა, რომელსაც ლოს-ანჯელესში უდევს ბინა. თუმცა კამპანია, რომელსაც ორგანიზაცია აწარმოებს, მთელ აშშ-ს მოიცავს და უკვე საერთაშორისო მასშტაბიც აქვს. ამ ორგანიზაციაში მომუშავე ამერიკელმა ადვოკატმა, სეთ ლივიმ, რამდენიმე დღის წინ ჩვენი რადიოს შტაბ-ბინაში სტუმრობისას, კითხვაზე, მაინც რატომ აღმოჩნდა ეს კამპანია ასეთი წარმატებული, გვითხრა, კონკრეტული პასუხი არ გვაქვსო. როგორც ჩანს, ხალხში დიდი იყო ახალგაზრდების დახმარების, მათი გამხნევების სურვილი და ამ პროექტმა მათ ამის საშუალება მისცაო, ამბობს ლივი.

თუმცა, უზარმაზარი წარმატების პარალელურად, პროექტს გარკვეული შენიშვნები და კრიტიკაც მოჰყვა აქტივისტების და ანალიტიკოსების მხრიდან. მაგალითად, დაიწერა, რომ პროექტი ხშირად პრივილეგირებული ადამიანების ისტორიებს გადმოსცემს და, ამასთან, გარკვეულ სიმწვავეს უკარგავს ჩაგვრის, აბუჩად აგდების და დაშინების უმძიმეს გამოცდილებას, რომელიც ბევრ ახალგაზრდას ლამის ყოველდღიურად ეხება. ზოგიერთმა კრიტიკოსმა მთავარი მესიჯი ისე აღიქვა, თითქოს პროექტი ამბობს - ეს გამოცდილება არაფერია, მთავარია გაუძლო და დიდი რომ გაიზრდები, წინ უკეთესობააო. აქტივისტები წერდნენ, რომ ბევრისთვის შესაძლოა ასე არ მოხდეს, რომ ადამიანები ჰომოფობიის მსხვერპლნი ზრდასრულ ასაკშიც ხდებიან, რომ უკეთესობა თავისთავად არ იქნება, თუ ხალხმა ამისთვის არ იბრძოლა.

თუმცა სეთ ლივი კრიტიკას არ იზიარებს. მისი თქმით, შესაძლოა ვარსკვლავების და პოლიტიკური ლიდერების ვიდეოები სხვებზე მეტად იპყრობდეს ფართო აუდიტორიის ყურადღებას, მაგრამ მათზე ბევრად უფრო ძლიერია კოლექციაში არსებული ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების ვიდეოები. ლივის თქმით, აქტივისტები განსაკუთრებით აფასებენ იმას, რომ კამპანიაში ისეთი ტრადიციულად მამაკაცური ინსტიტუტებიც ენთუზიაზმით ჩაერთნენ, როგორიცაა, მაგალითად, სხვადასხვა ქალაქის - ატლანტის, სან-ფრანცისკოს - პოლიციის განყოფილებები. „ეს სამუშაო ადგილები ხშირად არ გამოირჩევა განსაკუთრებული ღიაობით ჰომოსექსუალთა მიმართ. მაგრამ პოლიციელებმა კამპანიაში მონაწილეობა ისურვეს და ლგბტ ახალგაზრდებს ძალიან თბილი მესიჯი გაუგზავნეს - ჩვენ თქვენ ყოველთვის დაგიცავთო“, ამბობს ლივი.

აშშ: ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა გამოსვლა გასული საუკუნის 70-იან წლებში

აშშ: ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა გამოსვლა გასული საუკუნის 70-იან წლებში

სხვა შენიშვნებს ლივი ასე პასუხობს: „რაც შეეხება კრიტიკას, რომ სინამდვილეში წინ უკეთესობა არ არის - არც ამას ვეთანხმები. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ სიტუაცია ფართო გაგებით მაინც არ გაუმჯობესდეს. აშშ-ში ახლა უზენაესი სასამართლო ქორწინების თანასწორობის ორ საქმეს განიხილავს. ქორწინების თანასწორობა ჩვენი პროექტის თემა არ არის - თუმცა, ცხადია, ის ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები, რომლებსაც ჩვენ მივმართავთ, გაიზრდებიან და მათგან ბევრს შესაძლოა ოჯახის შექმნა მოუნდეს. 10, 15 წლის წინ ამ თემაზე საუბარიც კი არ იყო მედიაში. რასაკვირველია, იმას ვერავინ იტყვის, რომ ყველა ადამიანს წინ ზუსტად ერთნაირად და ერთდროულად ელოდება უკეთესობა. ჩვენი კამპანია არ ამბობს, რომ უკეთესობა 3 დღეში იქნება ან მაშინ, როცა, ვთქვათ, 14 წლის შესრულდები. ჩვენი მთავარი მესიჯი ისაა, რომ ამ ბავშვებმა უნდა იცოცხლონ უკეთესობის გამოსაცდელად. მათ ვეუბნებით, რომ თვითმკვლელობით - ამ საშინელი ნაბიჯით - საკუთარ თავს უკეთესი მომავლის გამოცდის შანსსაც კი უსპობენ. ჩემი აზრით, ჩვენი კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვიდეო რიგით მოქალაქეს ეკუთვნის. ის ამ ახალგაზრდებს ეუბნება, წინ შესაძლოა უკეთესობა არ იყოს, მაგრამ თქვენ იქნებით უფრო ძლიერებიო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა მომავალი უკეთესი მართლაც არ იყოს ყველასთვის. არის ხალხი, ვინც დღესაც ძალიან ცუდ სიტუაციაშია და ასეთშიც დარჩება. მაგრამ ისინი აუცილებლად თავად გახდებიან უფრო გამძლენი. როცა იზრდები და ასაკი გემატება, ბევრ რამეს სწავლობ.“

პროექტზე „წინ უკეთესობაა“ სხვა სახის კრიტიკაც გამოითქვა - თითქოს მისი მთავარი მესიჯი ამყარებს სტერეოტიპს, რომ პატარა ქალაქები და თემები აუცილებლად კონსერვატორული, მჩაგვრელი და ჰომოფობიურია, დიდი ქალაქები კი - ღია და მულტიკულტურული, რაც, შესაძლოა, ყოველთვის არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. სეთ ლივი ამ შენიშვნას ასე პასუხობს:

„აშშ-ში საქმე დიდი ხნის განმავლობაში ნამდვილად ასე იდგა - თუ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი ან ტრანსგენდერი ახალგაზრდა იყავით, რომელიც მცირე ზომის თემში იზრდებოდა, თქვენს ქალაქს თუ დასახლებას მაშინვე ტოვებდით, როგორც კი ასაკი მოგცემდათ ამის საშუალებას. პატარა ქალაქებში ღიად ლგბტ პირები არ არსებობდნენ. ამდენად, თუკი გსურდათ სამეგობრო წრე და პარტნიორი გეპოვათ და უსაფრთხოდ გეცხოვრათ, მიაშურებდით ნიუ-იორკს, სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჯელესს. ამ ქალაქებში ლგბტ თემი ბევრად უფრო ძლიერი იყო. მაგრამ ვითარება იცვლება. და ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს არის. ჩვენ გვსურს ადამიანებს თავიანთ თემებში დარჩენაში დავეხმაროთ, თუკი ამის სურვილი აქვთ. უმცირესობად ყოფნა პატარა თემებშიც შეიძლება, იქაც მოიძებნება ბევრი არაჩვეულებრივი, კეთილი ადამიანი, ვინც მხარს დაგიჭერს და მიგიღებს. მაგრამ ამ დასახლებებს ყველა თუ დატოვებს და დიდ ქალაქებს მიაშურებს, მაშინ, ცხადია, ცვლილება არ მოხდება“.

როგორც ითქვა, „წინ უკეთესობაა“ უკვე გლობალური მასშტაბის კამპანიაა - მას ათობით ქვეყანაში ჰყავს პარტნიორი პროექტები, იქნება ეს ავსტრალია, ჩილე, დანია, შვედეთი თუ პორტუგალია. პროექტი აღმოსავლეთ ევროპაშიც აპირებს გაფართოებას - მას უკვე ჰყავს პარტნიორი ჯგუფი მოლდავეთში, სადაც აქტივისტებმა დაიწყეს თავიანთი ვიდეოპროექტი სახელწოდებით „ეგალი“, ანუ „თანასწორი“.

სეთ ლივი რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში

სეთ ლივი რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში

სეთ ლივის ამ საერთაშორისო განზომილებაზეც ვესაუბრეთ. კერძოდ, ვკითხეთ, როგორ უნდა მოერგოს აქტივიზმი განსხვავებულ და ხშირად ჰომოფობიურ კონტექსტებს - მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეს. როგორც ვიცით, სექსუალური ნონკონფორმიზმი და ჰეტეროცენტრისტული ფორმულიდან გადახვევა იმ ბევრი დისიდენტობის ერთ-ერთი ფორმა იყო, რომლებიც საბჭოთა კავშირში ოფიციალურად იდევნებოდა. ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებული იყო და ხალხს ამის გამო ციხეში სვამდენ. დღეს ასე აღარაა, თუმცა ჰომოფობია კვლავაც ძლიერია. ხშირ შემთხვევაში მას რელიგიური კონსერვატიზმი ასაზრდოებს; ზოგიერთ კონტექსტში - მაგალითად, საქართველოში - ამას ემატება სამხრეთული და კავკასიის კულტურების გავლენაც. გენდერული როლების მკაცრი გამიჯვნა, ძლიერი და ხშირად თეატრალური აქცენტი "კაცობაზე" და "მამაკაცურობაზე" - რომ ის აუცილებლად აგრესიული და ქალების მოყვარული უნდა იყოს და ასე შემდეგ. ყოველივე ეს, საერთო ჯამში, საკმაოდ მტრულ გარემოს ქმნის ლგბტ აქტივიზმისთვის.

სეთ ლივის ვკითხეთ, მისი აზრით, როგორი ფორმის აქტივიზმი იქნებოდა ეფექტიანი ისეთ გარემოში, რომელშიც ჰომოსექსუალობის საჯაროდ ხსენებაც კი, როგორც წესი, "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად" არის ხოლმე მიჩნეული. რა ჯობია - გაბედული ნაბიჯების გადადგმა, პირად გამოცდილებაზე ლაპარაკი, ინდივიდების მიერ სექსუალური იდენტობის დეკლარირება თუ უფრო მოზომილი მიდგომა, საზოგადოების ინფორმირება, ზოგადი დისკუსიები?

სეთ ლივი: პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად არ ვარ საქართველოს ექსპერტი. ცხადია, რომ საქმე რთულ საკითხებთან გვაქვს, რომლებიც ხშირად კომპლექსურ გადაჭრას საჭიროებს. ხშირად მიდგომების კომბინაციაა ხოლმე საჭირო. ჩვენი პროექტისთვის ყველაზე მთავარი, ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ლგბტ ახალგაზრდები უსაფრთხოდ უნდა იყვნენ. ჩვენ არანაირად არ გვინდა ისეთ მოქმედებას შევუწყოთ ხელი, რომელიც რაიმე ფორმით ამ ახალგაზრდებს საფრთხეს შეუქმნის. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მასშტაბი შევიძინეთ, ვცდილობთ დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ ყველა ქვეყნის თუ რეგიონის სპეციფიკურ გარემოს - მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ხალხთან და სწორი ნაბიჯები გადავდგათ. მაგალითად, საქართველოს კონტექსტისთვის შესაძლოა სულაც არ იყოს სწორი მიდგომა ონლაინ ვიდეოპროექტის დაწყება და ხალხისთვის მოწოდება, ღიად მოახდინონ თავიანთი სექსუალობის დეკლარირება. დიახ, აშშ-ში ჩვენი კამპანია სწორედ ონლაინ ვიდეოპროექტის ფორმით დაიწყო, თუმცა იქ ნამდვილად არ არის განცდა, რომ "წინ უკეთესობაა" ვიდეოში მონაწილეობის მიღება საფრთხის შემცველი ნაბიჯია. კი, ამას შეიძლება გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, მაგრამ არა ისეთი, როგორიც, ალბათ სხვა ქვეყნებში. ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რადიო თავისუფლება: და მაინც როგორ ახდენთ ცვლილებებს? როგორ ცდილობთ ტაქტიკა სპეციფიურ გარემოს მოარგოთ?

სეთ ლივი: ალბათ მიდგომების კომბინაციაა საჭირო. ინდივიდუალური ისტორიების გაზიარება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ადამიანები თავიანთ ცხოვრებაზე ღიად ჰყვებიან, ხედავ, რომ ეს ჩვეულებრივი ხალხია, რომელიც ნორმალური, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს, დილით დგება, იცვამს წინდებს და ფეხსაცმელებს და სამსახურში მიდის - ზუსტად ისე, როგორც ყველა დანარჩენი. ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებულ სტიგმას, რადგან ის აღარ აღიქმება საშიშ მოვლენად. ცხადია, ეს ცვლილება ერთ ღამეში არ მოხდება - საზოგადოებები ასე სწრაფად არ იცვლებიან. ისიც ცხადია, რომ ღიაობას და განსხვავებულის მიღებას ხშირად კულტურულ გარემოში გამეფებული გენდერული ნორმები ან რელიგიის გარკვეული ასპექტები უქმნის წინაღობას. მაგრამ ცვლილება ნელი ტემპით მაინც ხდება და ამაში ძალიან დიდ როლს ტექნოლოგიების, ინტერნეტის განვითარება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ასრულებს.

რადიო თავისუფლება: უფრო ზოგადი კითხვა რომ დაგისვათ - როგორ ფიქრობთ, მაინც რატომაა ასე რთული ისეთი საზოგადოების მიღწევა, რომელშიც ზრდასრულ ადამიანებს შორის ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირებს საერთოდ არანაირი გამართლება და ახსნა-განმარტება არ დასჭირდება? რატომაა, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ საზოგადოებებს და კულტურებს აერთიანებს სექსუალობის გაკონტროლების, რეგულირების და აკრძალვების დაწესების სურვილი?

სეთ ლივი: ნამდვილად ვისურვებდი ამ შეკითხვაზე პასუხი მქონდეს. ჩვენი პროექტი ლგბტ ახალგაზრდებს იმის დანახვაში ეხმარება, რომ მათ შეიძლება კარგი მომავალი ჰქონდეთ. ხოლო ის, თუ რამდენად შესრულდება ეს პირობა, უკვე ადამიანებზეა დამოკიდებული. ნამდვილად არ ვიცი, რატომ უწევენ ამას ასეთ წინააღმდეგობას. ალბათ სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული მიზეზები ამოძრავებს - ჩემს ოჯახს ერთი სახის საკითხები აწუხებდა, სხვა ოჯახს - სხვა. ზოგჯერ ამის მიზეზი შეიძლება რელიგია იყოს; სხვა შემთხვევებში უბრალოდ განსხვავებულის შიში; ზოგჯერ პოლიტიკა. მიზეზი უამრავია. ნებისმიერ შემთხვევაში, არა მგონია, რაიმე ხელშესახებ პროგრესს მივაღწიოთ მანამ, სანამ ხალხი ლგბტ ადამიანების უშუალო ისტორიებს არ გაეცნობა და ეს აღარ იქნება უცხო, შემაშინებელი და აბსტრაქტული ცნება. პირიქით - საქმე გექნება ჩვეულებრივ წყვილთან, რომელიც მეზობლად ცხოვრობს და დილაობით შენსავით გააქვს ნაგვის ყუთი. ამით დაინახავ, რომ ადამიანები, სინამდვილეში ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და მათ ბევრი რამ არც განასხვავებს.

რადიო თავისუფლება: ერთი აქტივისტი ამბობს, გეი რომ ვარ, ხალხი იმით ხვდება, რომ სიტყვა „ჰეტეროსექსუალობას“ ვახსენებ ხშირადო, რადგან ჰეტეროსექსუალობა კატეგორიად არ აღიქმება, ის ჩვეულებრივი და ბუნებრივი რამაა. სახელს ჰომოსექსუალობას ვარქმევთ, როგორც რაღაც განსხვავებულს და „პრობლემურს“. და რადგან ეს თემა ვახსენეთ, აქვე მინდა გკითხოთ, რა პოზიცია გაქვთ იმ დისკუსიასთან მიმართებით, რომელიც მიმდინარეობს სექსუალობის ფორმირებაში ერთი მხრივ ბუნების თუ ბიოლოგიის, მეორე მხრივ კი კულტურის თუ გარემოს როლის შესახებ. ბევრი ამბობს, რომ არგუმენტი, თითქოს ადამიანები ჰომოსექსუალებად იბადებიან, ცოტა არ იყოს თავის მართლებას ჰგავს - თითქოს ყველაფერს ბიოლოგია განსაზღვრავს, ყველაფერი ძალიან მკაფიოდაა ჩამოყალიბებული და ურყევად განსაზღვრული. თუმცა, მეორე მხრივ, ზედაპირულად და ცოტა ქარაფშუტულად აღიქმება ის პოზიციაც, რომ სექსუალობა ადამიანის „არჩევანია“. თითქოს საქმე რესტორნის მენიუსთან გვქონდეს. თქვენ რას ფიქრობთ?

სეთ ლივი: ძალიან კარგი შეკითხვაა. ჩემთვის - კაცისთვის, რომელიც ღიად ცხოვრობს როგორც ჰომოსექსუალი - რთულია იმის წარმოდგენა, რომ ეს ოდესმე არჩევანი იყო. ნამდვილად არასოდეს გამიღვიძია იმაზე ფიქრით, დღეს ავირჩევ თუ არა გეი იდენტობას-მეთქი. ეს აბსურდია. ჩემი აზრით, საქმე ნამდვილად ბუნებრივ მოცემულობასთან გვაქვს - ზუსტად ისეთთან, როგორიც ჩემი თვალის ფერი ან ფეხის ზომაა. და მე არ ვაპირებ ბოდიშების მოხდას არც ჩემი თვალის ფერის და არც ფეხის ზომის გამო.

რადიო თავისუფლება: თუმცა არის ხალხი, ვინც თვლის, რომ ეს არგუმენტი მორალისტებს და რელიგიურ კონსერვატორებს აძლევს ხელს. ისინი ადამიანებს ხშირად სწორედ ბუნებრივი ვნებების დათრგუნვისკენ მოუწოდებენ - მათ შორის ჰეტეროსექსუალური ვნებების. სექსუალობა, სხეული ზოგადად უნდა დაექვემდებაროს კონტროლს. შესაბამისად, ამ ჭრილში ჰომოსექსუალური „ბუნების“ ჩახშობაც შესაძლებელი ხდება.

სეთ ლივი: დიახ. მაგრამ ამ საქმეში ხშირად თავად ეს მორალისტებიც ვერ არიან ხოლმე დიდად წარმატებული. ადამიანები ისეთები არიან, როგორებიც არიან. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ლგბტ თემი ძალიან ფართოა და მრავალფეროვანი. ის ყველანაირი შეხედულებების ადამიანებს მოიცავს - მათ შორის რელიგიურ ხალხს, მორწმუნეებს. და ამიტომ არავისი დემონიზება არ უნდა მოვახდინოთ და არავინ არ უნდა გავრიყოთ.

რადიო თავისუფლება: საუბრის ბოლოს საკუთრივ მოძრაობის ისტორიაზე მინდა დაგისვათ შეკითხვა - იმ დიდ გზაზე, რომელიც აშშ-მა გამოიარა. ჰომოსექსუალთა უფლებების მოძრაობის შესახებ ტექსტებში დამთრგუნველი ამბებია აღწერილი - მაგალითად, ყოველთვის მახსოვს ახალგაზრდა კაცის ამბავი, რომელიც 1930-იანი წლების ბოლოს ატლანტაში ცხოვრობდა. პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ის აიძულეს ექსპერიმენტული "მკურნალობა" გაევლო რაღაც პრეპარატით, რომელიც კონვულსიებს იწვევდა. წიგნში მოტანილია ექიმის ჩანაწერები, რომლებშიც ის სიამაყით აღწერს, კონვულსიების გამოწვევით როგორ ცდილობს პაციენტში არა მხოლოდ სექსუალური ლტოლვის, არამედ ე.წ. „ქალური მანერების“ განდევნას. ეს, რეალურად, ადამიანის წამების დეტალური აღწერაა, რომელიც, ცხადია, ტენდენციას გამოხატავს. მგავსი რამ ძალიან ბევრ ჰომოსექსუალს გადახდა თავს. დღეს კი აშშ-ის უზენაესი სასამართლო ქორწინების თანასწორობის საკითხზე მსჯელობს ჰომოსექსუალი წყვილებისთვის. მართლაც ძალიან შთამბეჭდავი და შთამაგონებელია ამ მოძრაობის ისტორია. მაინც რამ მოიტანა ეს წარმატება - გაბედულებამ? მიზანმიმართულმა მოქმედებამ? რამ შეცვალა საზოგადოება?

სეთ ლივი: მთავარი ალბათ მაინც ადამიანებია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ცხადია ამას დიდი გაბედულება სჭირდება - სიმამაცე, რომ უბრალოდ ისე იცხოვრო, როგორც გსურს, მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა, რომლებიც ამას შეიძლება მოჰყვეს. პირადად მე ძალიან გამიმართლა, რომ ახლა ვცხოვრობ და არა 1930-იანი წლების ატლანტაში ან სხვაგან. მაგრამ ძალიან ბევრს ბედმა არ გაუღიმა და დღესაც მძიმე დისკრიმინაციას განიცდის. თუმცა მე მაინც ვხედავ, რომ წინ უკეთესობაა. და მჯერა, რომ ამას ნამდვილად მივაღწევთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG