Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იონესკოს ერთადერთი რომანი


არსებობს წიგნები, რომლებიც საკულტოა იდეურად, ესთეტიკურად, კონტექსტუალურად, სიტუაციურად. ერთ-ერთი ასეთი წიგნი, მე-20 საუკუნეში დაწერილი, მსოფლიო მასშტაბით, კამიუს "უცხოა". ამ წიგნმა საბჭოთა კავშირშიც და საბჭოთა საქართველოშიც ბევრი იმუშავა. ჰიპოთეტურად, ეჟენ იონესკოს "განდგომილსაც" შეეძლო ისეთივე ზემოქმედება მოეხდინა თაობებზე, როგორიც "უცხომ" მოახდინა, მაგრამ ის მაშინ არ უთარგმნიათ და საბჭოთა მკითხველისთვის მიუწვდომელი იყო. რუსულადაც გვიან გამოიცა, ქართულად კი მხოლოდ შარშან, გამომცემლობა "ინტელექტის" მიერ. წიგნის მთარგმნელია დავით კახაბერი და, სამწუხაროდ, ეს მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა.

იონესკოს ერთადერთი რომანი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:10 0:00
გადმოწერა

"უცხო" და "განდგომილი" - ეს ორი, ფაქტობრივად, ერთი და იმავე ზომის მცირე რომანი პარალელის გავლების სურვილს გიჩენს, თუმცა, ამავე დროს, გარეგნული სხვაობებიც ხელისგულზეა და ეს სხვაობები ბევრ რამეს განაპირობებს. საყურადღებოა, რომ ეს ორი ტექსტი აბსურდის ლიტერატურის ორ კიდეზეა შექმნილი: "უცხო" - დასაწყისში, 1942 წელს, "განდგომილი" კი - ბოლო ეტაპზე, 1973-ში. "განდგომილი" ჯერ დაწერილიც კი არ იყო, როცა "უცხოს" ქართველი მკითხველი უკვე კითხულობდა და, ცხადია, როცა იონესკო "განდგომილს" წერდა, ეგზისტენციალიზმისა და აბსურდის ლიტერატურის მიერ დაგროვილი მთელი გამოცდილება, საკუთარი უნიკალური გამოცდილების ჩათვლით, თავის თავში ჰქონდა გადახარშული. ამიტომაცაა, რომ "განდგომილში" მკაფიოდ იკითხება კამიუს რომანის გადათამაშებული აქცენტები, ბეკეტის რომანების ესთეტიკა, სარტრისეული თხრობის სტილი...

თუ ერთი მხარე ამბობდა, რომ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესში არის გამოსავალი, მეორე ამას უპირისპირებდა აგრესიულ ინდივიდუალიზმს, და აბსურდის ლიტერატურა, ჩემი აზრით, არის მცდელობა, რაღაც შუალედი გამოენახა ამ ორ დაპირისპირებულ მსოფლმხედველობას შორის...
ოთარ ჯირკვალიშვილი

ამ წიგნზე საუბარი ვთხოვე პროზაიკოს ოთარ ჯირკვალიშვილს.

ოთარ ჯირკვალიშვილი: "უპირველესად, მინდა პატივისცემა გამოვხატო წიგნის მთარგმნელის, დავით კახაბერის, მიმართ და ასევე მწუხარება გამოვთქვა მისი ასე ნაადრევი დაღუპვის გამო. ახლა რაც შეეხება ამ წიგნს: უნდა აღვნიშნოთ, რა მსოფლმხედველობრივ ატმოსფეროში შეიქმნა ეს წიგნი და, საერთოდ, აბსურდის ლიტერატურა. გაბატონებული იყო იმ დროისთვის პოზიტივისტური მსოფლმხედველობა, რომელიც მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესში ხედავდა ძირითადად გამოსავალს, ასევე სიცოცხლის ფილოსოფია, რომლის, პრინციპში, მემკვიდრეებიც არიან აბსურდის წარმომადგენლები ლიტერატურაში. თუ ერთი მხარე ამბობდა, რომ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესში არის გამოსავალი, მეორე ამას უპირისპირებდა აგრესიულ ინდივიდუალიზმს, და აბსურდის ლიტერატურა, ჩემი აზრით, არის მცდელობა, რაღაც შუალედი გამოენახა ამ ორ დაპირისპირებულ მსოფლმხედველობას შორის, თუმცა რა გზით? აი, ამ წიგნში კარგად არის ეს ყველაფერი ასახული და ახსნილი".

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ თავის ამ ერთადერთ რომანში იონესკო-პროზაიკოსი არ ჰგავს იონესკო-დრამატურგს. ის ირონია და სასტიკი თუ კომიკური სიტუაციებით ორმაგი თამაშის ფანტაზია, რითიც გაჟღენთილია მისი პიესები და რაც მის განუმეორებელ ხელწერას ქმნის, აქ, ფაქტობრივად, გამქრალია. იონესკო აქ რადიკალური არაა, ის კი არადა, თითქოსდა კამიუს მერსოს რადიკალურობას, აფექტურობასაც კი განზრახ ახშობს. თუკი მერსოს შინაგანი მდგომარეობა გარე სამყაროსთან კონფლიქტში აჩენდა სახეს, იონესკო, შეიძლება ასე ითქვას, "ახალ მერსოს" ძერწავს, რომელიც გაიზარდა და უკვე შემთხვევითაც კი აღარავინ შემოაკვდება, ის საკუთარ თავშია ბოლომდე ჩაბრუნებული და სამყაროსთან აგრესიული კონტაქტი იმდენად მიუღებელია მისთვის, რამდენადაც შეუძლებელია მშვიდი და ბუნებრივი კონტაქტი. მთავარი პერსონაჟის აუტისტური ხასიათი და ტექსტის სიუჟეტის ნომინალურობა სწორედ ამ მხრივ აღძრავს ასოციაციებს ბეკეტის რომანებთან. ხოლო თუკი სარტრი ადამიანის ეგზისტენციალურობას, როგორც წესი, სოციუმში იკვლევდა, იონესკო თავის გმირს მიჯნავს სოციუმისგან, თუმცა რომანის ბოლოს ამ სოციუმს მაინც იმდენად აგრესიულად აამოქმედებს, რომ პერსონაჟთან შეხებაში მოჰყავს. ერთი სიტყვით, იონესკო ამ რომანით თავისი მიმართულების ავტორებთან მუდამ რაღაცნაირ დიალოგსა თუ პოლემიკაშია შესული.

მოვუსმინოთ კვლავ ოთარ ჯირკვალიშვილს.

აბსურდის ლიტერატურა ვისაც ჰგონია, რომ ეს არის ლიტერატურა, რომელიც სუიციდურ მისწრაფებებს აღვივებს, ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან მცდარი. პირიქით, ჩემში, როცა ვკითხულობ ამ ლიტერატურას, ვკითხულობ იგივე იონესკოს, ეს ჩემში სასიცოცხლო იმპულსებს აღვივებს...
ოთარ ჯირკვალიშვილი

ოთარ ჯირკვალიშვილი: "ის განწყობა და ის ემოცია, რაც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დამეუფლა, დღემდე მომყვება ძალიან მძლავრად. და რა არის ამ წიგნში ისეთი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი? პრინციპში, შეიძლება ითქვას, ისეთი არც არაფერი და ზუსტად ამ მიზანდასახულობით არის ეს წიგნი დაწერილი. აღწერს მწერალი რაღაც ყოფით მომენტებს, უტრირებას უკეთებს. დავუშვათ, ადამიანი იძინებს, დილით იღვიძებს, შემდეგ საუზმობს, მიდის სამსახურში, შემდეგ ვახშმობს, შემდეგ ისევ იძინებს, და ეს რუტინა მექანიკურობაში გადადის. სწორედ აქ არის აბსურდის და გაუცხოების მთავარი მომენტი, რომ ერთხელაც ამოსდის ადამიანს ეს რუტინა ყელში და სვამს კითხვას: რატომ? რატომ ეს ყველაფერი? მაგრამ აბსურდის ლიტერატურის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, ალბათ, რომ ამ "რატომ"-ზე პასუხი არ არსებობს".

იმ რუტინას, რომელიც ოთარ ჯირკვალიშვილმა ახსენა, იონესკო ორ რეჟიმში აღწერს: პირველი რუტინა მოვალეობებთან კავშირშია და უფერულად კი მიედინება, მაგრამ მთავარ გმირს ბევრ დროს და ენერგიას ართმევს და არ აძლევს საშუალებას, მთავარ კითხვებს, რომლებიც გასჩენია, ბოლომდე ჩაუღრმავდეს. ამის შესაძლებლობა ეძლევა მას შემდეგ, რაც ამერიკელი ბიძისგან უეცრად მემკვიდრეობას მიიღებს. ის მიდის სამსახურიდან, ყიდულობს ბინას, პასუხისმგებლობებისგან სრულიად თავისუფლდება და მოცალეობის ჟამი უდგება. თუმცა საკუთარ მოცალეობას იგი მაინც მკაცრ რეჟიმში, ვიწრო კალაპოტში აქცევს: მისი დღეები უფრო მეტად ემსგავსება ერთმანეთს, ვიდრე ეს ადრე იყო. ერთსა და იმავე რესტორანში ერთსა და იმავე დროს მისვლა სასაუზმოდ, სასადილოდ თუ სავახშმოდ, ყოველდღე დათრობა, ყოველ დილით გაზეთების კითხვა და ა.შ. ამ ახალ რუტინაში ღრმავდება მისი კითხვები, იგი ადამიანური არსის უფსკრულებში იწყებს ყურებას. იონესკო ამ პასაჟებს, მთავარი გმირის ფიქრებს, იყენებს იმისთვის, რომ თავისი ცხოვრების ფილოსოფია პირდაპირი ფორმებით გამოხატოს. ალაგ-ალაგ ეს ცოტა გაწელილი და სწორხაზოვანიც კი ჩანს, თუმცა იონესკო დიდოსტატია და ახერხებს ცვალოს წერის მანერა, რიტმიკა, მდორე სიუჟეტს თავისი დინამიკა მაინც შეუნარჩუნოს. ეს დინამიკა ნაწარმოების ბოლოსკენ არსებითი ხდება, როდესაც ქალაქში გამეფებული რევოლუციური მღელვარება მისი პერსონაჟის რუტინას თანდათან ანგრევს. "გადავწყვიტე, სამყაროსთვის ჩემკენ მომავალი გზები ჩამეკეტა", ამბობს ის ერთგან, მაგრამ, უნდა თუ არ უნდა, სამყაროში მომხდარ ცვლილებებს მაინც უფრო მეტად ამჩნევს, ამჩნევს ელემენტარულად სიკვდილს, რომელიც ასეთი ხელშესახები ხდება.

ოთარ ჯირკვალიშვილი
ოთარ ჯირკვალიშვილი

მოვუსმინოთ ერთხელაც ოთარ ჯირკვალიშვილს.

ოთარ ჯირკვალიშვილი: "შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ აბსურდის ლიტერატურა ადამიანში ერთმნიშვნელოვნად იწვევს ნიჰილიზმის და უაზრობის განცდას: სიცოცხლეს საზრისი არა აქვს, რატომ უნდა გავაგრძელოთ ის? მაგრამ აქ მახსენდება ერთი ანტიკური ფილოსოფოსის გამონათქვამი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სიკვდილი და სიცოცხლე, პრინციპში, სულ ერთია. და ეკითხებიან, მაშინ თავს რატომ არ იკლავო. იმიტომ, რომ სულ ერთიაო... აბსურდის ლიტერატურა ვისაც ჰგონია, რომ ეს არის ლიტერატურა, რომელიც სუიციდურ მისწრაფებებს აღვივებს, ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან მცდარი. პირიქით, ჩემში, როცა ვკითხულობ ამ ლიტერატურას, ვკითხულობ იგივე იონესკოს, ეს ჩემში სასიცოცხლო იმპულსებს აღვივებს. თითქოს რაღაც ეტაპია, გადასალახი მომენტი, რომლის წინაშეც ადამიანი ერთხელ მაინც უნდა დადგეს თავის ცხოვრებაში, რომ ეს გადალახოს. ასე რომ, ვისაც მიდრეკილებები აქვს სუიციდისკენ და ცუდი რაღაცებისკენ, ვურჩევ, რომ არათუ მოერიდოს აბსურდის ლიტერატურას, პირიქით - წაიკითხოს. წიგნის ბოლოს ძალიან საგულისხმო მომენტია ის, რომ მირაჟივით, ილუზიასავით შეექმნება, რომ თითქოს ის ხედავს ხეს, ამოსულს მისი სახლის კედელთან, მოწყვეტს რაღაც ყვავილებს და ა.შ. დაბოლოს, ეს ყველაფერი ქრება, უჩინარდება, ანუ ილუზია აღმოჩნდება, მაგრამ რაღაც სინათლის სხივი მაინც დარჩა მასში, შემოვიდა მასში რაღაც სინათლის სხივი. ეს აბსურდთან, ჩემი აზრით, ცოტა წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ შეიძლება თვითონ იონესკოა სპეციფიკურად ასეთი მწერალი და მაინც არ სურდა, ბოლომდე დაეჯერებინა, რომ ყველაფერი უაზრობაა ამ სამყაროში".

ერთი სიტყვით, საკმაოზე მეტი დაგვიანებით, მაგრამ ქართველ მკითხველს უკვე ხელთა აქვს იონესკოს "განდგომილი", რომელშიც თავს იყრის აბსურდის ლიტერატურისათვის დამახასიათებელი ბევრი იდეური თუ სტილური ნიშანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG