Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისიამ ლტოლვილთა დახმარების საგანგებო გეგმა წარმოადგინა


ჟან-კლოდ იუნკერი
ჟან-კლოდ იუნკერი

ევროპის კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი 9 სექტემბერს ევროპის პარლამენტის წინაშე წარდგა და წარადგინა იძულებითი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში სულ 160 ათასი ლტოლვილის გადანაწილებას. ამ პროგრამის მიხედვით, დაწესდება აუცილებელი კვოტები ლტოლვილთა რაოდენობაზე, რომლებსაც უნდა უმასპინძლონ ევროკავშირის ქვეყნებმა.

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა ევროპის კომისიის მიერ მაისში წარმოდგენილი გეგმის გაფართოებაა, რომლის მიხედვითაც, იტალიასა და საბერძნეთში მყოფი 40 ათასი ლტოლვილი უნდა გადანაწილებულიყო. ახლა ამას კიდევ 120 ათასი ლტოლვილის განაწილება დაემატება. ეს აუცილებლად იძულებითი წესით უნდა გაკეთდესო, განცხადა იუნკერმა და მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს მხარი დაუჭირონ ამ გეგმას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 14 სექტემბრისათვისაა დაგეგმილი. ჟან კლოდ იუნკერმა ისიც თქვა, რომ აქამდე ევროპამ სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას.

გერმანია, ლტოლვილთა უდიდესი ნაწილის დანიშნულების ადგილი, იუნკერის გეგმას ემხრობა, თუმცა პროგრამას მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს. უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი ლტოლვილთა იძულებით გადანაწილების წინააღმდეგნი არიან.

ევროპის კომისიის კიდევ ერთი წინადადებაა ეგრეთ წოდებული „უსაფრთხო ქვეყნების შექმნა“. ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, ეს მხოლოდ „პროცედურული გამარტივებაა“, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაამარტივონ ურთიერთობა არაწევრ ქვეყნებთან ლტოლვილთა გადაადგილებასთან მიმართებით. იუნკერმა ისიც დაამატა, რომ „უსაფრთხო ქვეყნები“ ვალდებულნი იქნებიან დაიცვან ადამიანის უფლებები, რათა შეინარჩუნონ ევროკავშირის წევრობის შანსი.

რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გრძელვადიან გეგმებს, ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროპის კომისია 2016 წლის დასაწყისში წარადგენს ლეგალური მიგრაციის ინტეგრირებულ პოლიტიკას, რომელიც მიგრანტებისთვის გახსნის გადაადგილების ლეგალურ გზებს. ეს, იუნკერის თქმით, დაასუსტებს ადამიანების უკანონოდ გადამყვან კრიმინალურ ორგანიზაციებს და შეამცირებს ტრაგედიების რაოდენობას, რომელიც თან სდევს მიგრანტთა გადაადგილებას ნავებით და სატვირთო მანქანებით.

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ თავშესაფრის მაძიებლებს უნდა ჰქონდეთ მასპინძელ ქვეყანაში მუშაობის უფლება, ვიდრე მათი განაცხადი თავშესაფრის შესახებ განხილვის პროცესში იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ევროპის მომავალსა და მის ვალდებულებებზეც ილაპარაკა. მან თქვა, რომ ერთადერთი ევროპა, რომელიც მას წარმოუდგენია, ისაა, რომელიც გასაჭირში მყოფ ადამიანებს ეხმარება. მისი თქმით: „ევროპა - ესაა მცხობელი საბერძნეთის კუნძულ კოსზე, რომელმაც პური დაურიგა მშივრებს და დაღლილებს. ევროპა - ეს სტუდენტებია მიუნხენში და პასაუში, ვინც ტანსაცმელი მიუტანა მატარებლის სადგურზე ახლად ჩამოსულებს. ევროპა - ეს ის ხალხია, ვინც მიუნხენის სადგურზე იდგა და ლტოლვილებს აპლოდისმენტებით ეგებებოდა. ევროპას, სადაც მე მინდა რომ ვცხოვრობდე, ასახიერებს ის ხალხი, ვინც სხვებს ეხმარება. ევროპა, სადაც არ მინდა, რომ ვცხოვრობდე, ის ევროპაა, რომელიც გაჭირვებულების დახმარებაზე უარს აცხადებს“.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG