Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ახალი სტრატეგია და სტრატეგიული დილემა


ნატოს ლისაბონის სამიტის პრესცენტრი
ნატოს ლისაბონის სამიტის პრესცენტრი
ნატოს ლისაბონის სამიტზე ევროატლანტიკური ალიანსი 21-ე საუკუნისათვის უსაფრთხოების ახალი კონცეფციის მიღებას აპირებს. უეჭველია, რომ სტრატეგიული დოკუმენტი მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ზოგიერთები უწოდებენ, დანაწევრებული ევროპისათვის. ახალი ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურის შექმნის წინადადებით გამოდის რუსეთიც, რომელთანაც ამ საკითხში შეთანხმების მიღწევა ალიანსის ყველაზე დიდ დილემას წარმოადგენს.

გავრცელებულია აზრი, რომ, ნატოს ახალი სტრატეგიით, რომლის მთავარი პრიორიტეტები კიბერუსაფრთხოება და ახალი სარაკეტო ფარის შექმნაა, უნდა გაძლიერდეს ალიანსი და გაფართოვდეს მისი შესაძლებლობა. თუმცა დღემდე არაფერი თქმულა მთავარ პრობლემაზე - იმაზე, თუ როგორ აპირებს ალიანსი რუსეთთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიების ანექსიის შემდეგ შეწყვეტილი რუსეთ-ნატოს ურთიერთობა ნელ-ნელა უმჯობესდება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კი განაცხადა, რომ მიესალმება ლისაბონის სამიტში რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის, მონაწილეობას:

„ვფიქრობ, რომ ლისაბონის ნატოს სამიტი რუსეთ-ნატოს ურთიერთობის ახალი დასაწყისი იქნება“.

მედვედევის ეს პათოსი გასულ თვეში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც აიტაცა, რომელმაც საფრანგეთში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა, გლობალურ პრობლემებს ჩვენ „რუსეთთან ერთად უნდა გავუმკლავდეთო“.

თუმცა, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ საფრანგეთში - ზღვისპირა საკურორტო ქალაქ დოვილში - გამართული შეხვედრა არ ასახავს ნატოს დამოკიდებულებას, რამდენადაც მის რიგებში შემავალი ბევრი ქვეყანა არ იზიარებს ანალოგიურ პრიორიტეტებს. ნატოს ახალი წევრი ქვეყანა ესტონეთი ფიქრობს, რომ საფრანგეთთან და გერმანიასთან ურთიერთობის განმტკიცებით რუსეთი ცდილოს ძირი გამოუთხაროს ალიანსს. იმავე საშიშროებას ხედავენ რუსეთის წინადადებაში, შეიქმნას ევროპის უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა, რაც, მავანთა აზრით, განპირობებულია მოსკოვის სურვილით გაიზარდოს მისი როლი საერთაშორისო საქმეებში.

განსხვავებულად ფიქრობს რუსი ანალიტიკოსი ვიქტორ კრემენიუკი. მოსკოვში არსებული შეერთებული შტატებისა და კანადის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იცავს მედვედევის წინადადებას და აცხადებს, რომ რუსეთი მიზნად ისახავს დიალოგის წახალისებას და ნატოსთან ურთიერთობის განმტკიცებას, ხოლო საერთო ამოცანების სიაში შედის ავღანეთი, ირანი და საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა:

„შემდეგში შესაძლოა იყოს კიდევ უფრო მეტი და მეტი, რაშიც რუსეთი და ნატო რეალურად ითანამშრომლებენ, როგორც მოკავშირეები... მაგრამ ამავე დროს არ არის აუცილებელი, რომ ამისათვის ალიანსის თანამშრომლობის მსგავსი რამ შექმნან“.

საპირისპირო აზრისაა საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი ვიქტორ პიონტკოვსკი, რომელიც ამას უწოდებს „უტოპიას“ და ამბობს, რომ კრემლის წინადადება სხვა არაფერია, თუ არა მისთვის კონტროლის უფლების მოპოვება იმ სივრცეზე, რომელსაც რუსეთი თავისი „განსაკუთრებული ინტერესების“ სფეროდ მიიჩნევს:

„ეს არის ინსტიტუციონალიზება მედვედევის დოქტრინისა, რომელიც მან საქართველოსთან ომის შემდეგ შეიმუშავა. ავღანეთისა და ირანის საკითხებში თანამშრომლობის სანაცვლოდ, ობამა და ნატო მზად არიან განაგრძონ რუსეთთან ცარიელი ლაპარაკი კრემლის წყალწყალა დოკუმენტზე, რომელსაც ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ეწოდება“.

თეთრი სახლი ამ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. პიონტკოვსკი კი ამბობს, რომ მოსკოვთან თანამშრომლობის სანაცვლოდ საქართველოს მიმართ რუსეთის საქციელის იგნორირებით ვაშინგტონი არყევს სამხედრო ალიანსს, რომლის დანიშნულებაც არის იმოქმედოს კოლექტიურად საერთო ინტერესების დასაცავად. პიონტკოვსკი საფრანგეთ-ბრიტანეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ამასწინანდელ შეთანხმებას სწორედ ვაშინგტონის მხრიდან ევროპის უსაფრთხოების მიმართ შეცვლილი დამოკიდებულების გამოძახილად მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG