Accessibility links

logo-print

ყველამ თავის სერვერს მიხედოს


იუსტიციის ახალი მინისტრი თეა წულუკიანი

იუსტიციის ახალი მინისტრი თეა წულუკიანი

იუსტიციის სამინისტრო უარს აცხადებს მართოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო უწყებების კომპიუტერული ქსელები და სერვერები. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამასთან, მინისტრის თქმითვე, ცვლილება უარყოფითად არ აისახება საქართველოს კიბერუსაფრთხოების ხარისხზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

საქართველოს პარლამენტსა და მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებს ქსელურ მომსახურებას იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სმარტ ლოჯიკი“ უწევს. იუსტიციის სახლშია განთავსებული პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტისა და სამინისტროების სერვერებიც. ამგვარი ცენტრალიზაციის მიზნად ორი წლის წინ, როცა „სმარტ ლოჯიკი“ იქმნებოდა, სხვათა შორის, დასახელდა სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა, თუმცა იუსტიციის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა სერვერებისა და ქსელების ცენტრალიზებულ მართვას სულ სხვა კუთხიდან შეხედა:

„ქვეყნის სწორი, სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ჩვენმა უწყებამ შეწყვიტოს სხვა უწყებების სერვერების, ქსელების, პროგრამებისა და კომპიუტერების მართვა, რადგან არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების ერთი შტოს წარმომადგენელი უწყება აკონტროლებდეს ხელისუფლების სხვა შტოს ან შტოებს“.
ვინც ახორციელებს სერვერის მომსახურებას, მას შეუძლია დაბლოკოს, წაიკითხოს და განახორციელოს ნებისმიერი ოპერირება. არსებული ვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულმა უწყებამ აკონტროლოს ყველაფერი ...

იუსტიციის მინისტრამდე, ამგვარი ვითარების გამო უკმაყოფილება პარლამენტის აპარატის ახალმა უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ გამოთქვა. სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მარაქველიძემ განაცხადა, რომ არაორდინარულია, როცა პარლამენტის ელექტრონულ საქმიანობას აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებს:

„ვინც ახორციელებს სერვერის მომსახურებას, მას შეუძლია დაბლოკოს, წაიკითხოს და განახორციელოს ნებისმიერი ოპერირება. არსებული ვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულმა უწყებამ აკონტროლოს ყველაფერი, რაც ელექტრონული მიმართულებით პარლამენტში ხორციელდება. მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც ეს პარლამენტსა და ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება. პარლამენტი არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და არც ერთ სხვა შტოს არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ აკონტროლოს ის, რაც პარლამენტში ხდება".

თუმცა, ზურაბ მარაქველიძის ამ განცხადების პასუხად, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არც სამინისტრო და არც „სმარტ ლოჯიკი“ პარლამენტისა და სხვა უწყებების გაკონტროლებით დაკავებული არ ყოფილა. ოთარ კახიძემ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, რადიო თავისუფლებას უთხრა:

„როგორც იუსტიციის სახლი იყო მოწინავე ოფისი სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებისთვის და აერთიანებდა ერთ სივრცეში არაერთ მომსახურებას, იგივე მიმართულება იყო აქაც აღებული. „სმარტ ლოჯიკი“ (SMART LOGIC) სთავაზობდა საკუთარ მომსახურებას, რომელიც არანაირად არ გულისხმობს ფოსტის კითხვას და სხვა ტიპის კონტროლს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქსელი მუშაობდეს გამართულად, რომ დაზოგილი იყოს სახსრები. ფინანსები მართლაც მნიშვნელოვნად დაიზოგა, რადგანაც ყველა უწყებას აღარ სჭირდებოდა ცალ-ცალკე IT სამსახურები. ამას ითავსებდა SMART LOGIC“.
შეიძლება ოპტიმალურად ჩაითვალოს ასეთი გადაწყვეტილების მიღება - ერთ სტრუქტურას უფრო მარტივად და უფრო კოორდინირებულად ემართა ქვეყნის სტრატეგიული IT მიმართულებების ზოგადი უსაფრთხოება, მაგრამ, ალბათ, ყოველივე ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს ...

როგორც ჩანს, „სმარტ ლოჯიკის“ შექმნით სახსრები მართლაც დაიზოგა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმითაც, მისი ინიციატივის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი თანხის გამოყოფა იქნება საჭირო:

„პარლამენტს იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი მონაცემთა ბაზები და შეძლოს ქსელების, კომპიუტერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვა, საწყის ეტაპზე დასჭირდება 400 ათასი ლარის ინვესტირება და შემდეგ ყოველწლიურად დამატებით 800 ათასი ლარის ხარჯვა“.

თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება არ შეასუსტებს სახელმწიფო დაწესებულებების კიბერუსაფრთხოების ხარისხს, რადგანაც მასზე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სულ სხვა უწყება - „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ - ზრუნავს. ამასთან, იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს სააგენტოს უშუალოდ მთავრობის მეთაურის დაქვემდებარებაში გადაცემასაც, თუმცა, მისივე თქმით, ყოველივე ეს მომავლის საქმეა, ისევე როგორც პარლამენტის მიერ მონაცემთა ბაზისა და ქსელის დამუკიდებლად მართვა, რადგანაც, ფინანსებთან ერთად, საჭიროა სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტების მოძებნა, რაც, საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტის ნოდარ დავითურის თქმით, წლების წინ, როცა „სმარტ ლოჯიკი“ შეიქმნა, კიდევ უფრო მეტად ჭირდა:

„იმ პერიოდში, როცა სწრაფად უნდა მოგვარებულიყო უსაფრთხოების პრობლემა, შეიძლება ოპტიმალურად ჩაითვალოს ასეთი გადაწყვეტილების მიღება - ერთ სტრუქტურას უფრო მარტივად და უფრო კოორდინირებულად ემართა ქვეყნის სტრატეგიული IT მიმართულებების ზოგადი უსაფრთხოება, მაგრამ, ალბათ, ყოველივე ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს და მის შესამცირებლად საჭირო იქნება დროთა განმავლობაში მართვა განაწილდეს სხვადასხვა სტრუქტურაში, თუმცა იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც სპეციალისტების მაინცდამაინც დიდი სიმრავლე არ გვაქვს“.

მაგრამ, როგორც იტყვიან, გადაწყვეტილება მიღებულია. იუსტიციის სამინისტროს შემდეგ ჯერი იმ სახელმწიფო უწყებებზეა, რომლებსაც საკუთარი ქსელებისა და სერვერების ავტონომიურად მართვა სურთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG