Accessibility links

logo-print
დიპლომატიური კორპუსისა და მედიისთვის წარდგენილი სამთვიანი მუშაობის ანგარიში, თეა წულუკიანის თქმით, სიმბოლური პრეზენტაციაა, რამდენადაც 6 თვის თავზე სამინისტრო დოკუმენტური ანგარიშის მომზადებას გეგმავს. ეგრეთ წოდებულმა სიმბოლურმა ანგარიშმა კი ძირითადად ის პროგრამები და პროექტები მოიცვა, რომლებიც სამინისტროში ან სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ სამინისტროს საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში პრაქტიკულად არაფერი იყო ნათქვამი სისხლისსამართლებრივი დევნის კონკრეტულ საკითხებზე. "100 დღიდან 80 დღე ამ თემებზე საუბარში გავატარე", - აღნიშნა მან, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ცალკეულ საქმეებთან დაკავშირებიით ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუხდა. ის კი, რაც, თეა წულუკიანის თანახმად, გასული სამი თვის მანძილზე პრიორიტეტული იყო სამინისტროსთვის, არის სტრუქტურული რეორგანიზაცია გახსნილობისა და მიდგომების ცვლილებების უზრუნველყოფის მიმართულებით და კანონშემოქმედებითი მუშაობა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის, შრომის კანონმდებლობის დახვეწისა თუ ნოტარიატის კონცეფციის გადახედვის კუთხით. ყველა შემთხვევაში კი ცვლილებების ობიექტი იყო და არის წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი ბაზა, რომელიც თეა წულუკიანის საკურატურო სფეროში რადიკალურ ცვლილებებს განიცდის. კერძოდ, ამ მიმართულებით მან ჩამოთვალა: კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ცვლის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევის წესს; კანონპროექტი პროკურატურის შესახებ, რომელიც იუსტიციის
ამ 100 დღეში მე არ დამცალდა, რომ მთავარ პროკურორთან ერთად მიმეხედა ადეიშვილის იმ პროკურორებისათვის, რომლებმაც გაანადგურეს ოჯახები, იბარებდნენ ბიზნესმენებს კაბინეტებში და აპატიმრებდნენ, თუკი ისინი არ მოაწერდნენ ხელშეკრულებას ჩუქების შესახებ სახელმწიფოს სასარგებლოდ. აი, ეს არის ერთადერთი, რისი დაწყებაც მე 100 დღის განმავლობაში ვერ მოვახერხე...

მინისტრს უფლებებს შეუკვეცს და მას პროკურორის მოვალეობებს ჩამოართმევს; შრომის კოდექსის პროექტი, რომელიც, თეა წულუკიანისვე შეფასებით, აბალანსებს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს; მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი იმ კომისიის შექმნის ინიცირება, რომელიც საქართველოს სამართლებრივ სივრცეში კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვის შესაძლებლობას გააჩენს და სხვა. ზოგადად, განვლილი 100 დღის მუშაობის შედეგებით საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკმაყოფილო არ არის, თუმცა საგანგებოდ გამოყოფს იმ სფეროსაც, რომელსაც ჯერ ვერ შეეხო:

”ის სფერო იუსტიციის სამინისტროს გამგებლობის, სადაც მე არ მეყო ეს 100 დღე, რომ სერიოზული ცვლილებები წამომეწყო, გარდა პროკურატურის შესახებ კანონის, მართლაც, ძალიან მასშტაბური რეფორმისა, არის თავად პროკურორები. ამ 100 დღეში მე არ დამცალდა, რომ მთავარ პროკურორთან ერთად მიმეხედა ადეიშვილის იმ პროკურორებისათვის, რომლებმაც გაანადგურეს ოჯახები, იბარებდნენ ბიზნესმენებს კაბინეტებში და აპატიმრებდნენ, თუკი ისინი არ მოაწერდნენ ხელშეკრულებას ჩუქების შესახებ სახელმწიფოს სასარგებლოდ. აი, ეს არის ერთადერთი, რისი დაწყებაც მე 100 დღის განმავლობაში ვერ მოვახერხე”.

კიდევ ერთი, რაც თეა წულუკიანმა ასევე ვერ მოახერხა, პირადად მის სახელზე სამინისტროს კანცელარიაში შესული 5432 წერილის 2/3-ის წაკითხვაა.

”დაახლოებით 1/3-ს ამ განცხადებებისა მე უკვე პირადად გავეცანი, რადგან არ ვიცი გულუბრყვილოდ თუ სამართლიანად მგონია, რომ ჩემს სახელზე შემოსულ განცხადებებს თავად მე უნდა ვკითხულობდე. რამდენად მოვახერხებ დანარჩენი 2/3-ის პირადად გაცნობას, ამას დრო გვაჩვენებს. იმედია, არ მომიწევს დროის უქონლობის გამო ამ განცხადებების ჩემი მრჩევლებისთვის გადაბარება”, - ამბობს თეა წულუკიანი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მისი 100 დღის საქმიანობის შეფასებისას „არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახი კახიშვილი, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო სფეროში მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მეორე მხრივ კი, განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოხატავს პროკურატურის მუშაობის გამო:
კახი კახიშვილი

კახი კახიშვილი


”საქართველოს პროკურატურის მიერ სამართლიანობის აღდგენის მიმართულება, ფაქტობრივად, ძალიან სერიოზულად გაიწელა დროში და, შეიძლება ითქვას, არაეფექტურიც გახდა და ამ დროში გაწელვამ მისცა საშუალება პოლიტიკურ ოპონენტებს ილაპარაკონ, თითქოსდა არის პოლიტიკური დევნა შერჩევითი სამართლის კუთხით, რაც, თავისთავად, ასე არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ პროკურატურამ მისცა ამის საშუალება. ამას თუ დავამატებთ რამდენიმე შეცდომას, - კერძოდ, გუნავას დაკავების შეცდომას, კალანდაძის დაკავების შეცდომას, გვარამიას დაკავებას, - შეეძლოთ უფრო მეტი ეფიქრათ მანამ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ”.

თუმცა კახი კახიშვილის საბოლოო შეფასებით, ზურაბ ადეიშვილის მინისტრობის შემდეგ, თეა წულუკიანის საქმიანობა 100 დღის კი არა, ერთი დღის შედეგებითაც წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენლის, თამარ თომაშვილის აზრით კი, საანგარიშო 100 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ მეტი ყურადღება დაუთმო საკანონმდებლო ინიციატივებს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ის ინსტიტუციური ცვლილებები, რომელსაც აქამდე მხარს უჭერდა ან ახორციელებდა სამინისტრო.

”ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ იუსტიციის სამინისტრომაც და პროკურატურის ოფისმა ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციოს იმ დადებით პროექტებს და ინიცატივებს, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო დაწყებული და, თუკი შესაძლებლობა იქნება, ისევ და ისევ შეუძლიათ ამაში არასამთავრობო სექტორი ჩართონ და დაინახონ, რომ ეს იყო ძალიან კარგი პროექტები და ინიციატივები. გააგრძელონ ამ მიმართულებით მუშაობა”.

მთლიანობაში კი, თამარ თომაშვილი დადებითად აფასებს იუსტიციის სამინისტროს განვლილ საანგარიშო პერიოდში, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით გაწეულ აქტივობებს. თუმცა, ამავდროულად, იგი ფიქრობს, რომ სამინისტროს საქმიანობის დღის წესრიგში ნაკლებად მოექცა ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფოთშორისი დავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროსასამართლოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. იგი ფიქრობს ასევე, რომ საზოგადოებამ სასურველია იცოდეს, რა კეთდება ტრეფიკინგის, ოჯახური ძალადობისა თუ ეროვნული უმცირესობების დაცვის კუთხით და რა როლს თამაშობს იუსტიციის სამინისტრო იმ მოლაპარაკებებში (კერძოდ, ჟენევა და ევროკავშირი), რომლებშიც საქართველო ორმხრივი თუ მრავალმხრივი ფორმატითაა ჩართული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG