Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: ”ვერავინ მოახერხებს კერძო ბიზნესში ჩარევას”


ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბიზნესმენებთან

19 თებერვალს ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის რიგით მეორე დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს ახალი ბიზნესომბუდსმენი წარუდგინა, რომელიც, მისი თქმით, მედიატორის როლს შეასრულებს ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს შორის. პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ვერავინ მოახერხებს კერძო ბიზნესში ჩარევას. ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ საინვესტიციო ფონდების შექმნასაც, რომელიც მომდევნო ორი თვის განმავლობაში ამუშავდება. რა მოლოდინები აქვთ ქართველ ბიზნესმენებს და რა მიმართულებები უნდა განვითარდეს ბიზნესის ხელშესაწყობად?

შეხვედრის დასაწყისშივე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია წარუდგინა. პრემიერის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, ბიზნესომბუდსმენს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს და ”ბიზნესის ენა კარგად ესმის”. თუმცა უნდა ითქვას, რომ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარია. სიტყვაძუნწობის მიზეზად მან რადიო თავისუფლებასთან მცირე კომენტარში სიჩქარე დაასახელა. შესაბამისად, მას არც საკუთარი ბიზნესგამოცდილების შესახებ უთქვამს რამე, თუმცა ის საკითხები კი დაასახელა, რომლებითაც დაინტერესდება, როგორც ბიზნესომბუდსმენი:

”პირველ რიგში, უნდა გაძლიერდეს საშუალო ბიზნესის და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, რადგან ეს არის ის საფუძველი, რაზეც მომავალში ქვეყანაში შეიძლება შეიქმნას ნორმალური საშუალო ფენა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მსხვილი და ძლიერი ბიზნესის მხარდაჭერა აუცილებელია, მაგრამ აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ბიზნესმენებზე, რომლებსაც აღარ მოუწევთ შემოპარვა შეხვედრებზე ისე, როგორც ეს მათ დღეს მოუწია”.

თუ რომელ ბიზნესმენს მოუწია შეხვედრაზე შეპარვა, ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა რადიო თავისუფლებასთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შეხვედრაზე დასწრება, რომელზეც 200-მდე ბიზნესმენი იყო მიწვეული, მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურად შედგენილი სიით იყო შესაძლებელი. დახურულ კარს მიღმა გამართული ორსაათიანი შეხვედრიდან გამოსულმა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან გამართული პირველი შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ, გასული წლის 5 ოქტომბერს გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, 19 თებერვლის შეხვედრამ გაცილებით საქმიან ვითარებაში ჩაიარა. ბიზნესმენებს ხელისუფლების ნდობა გაუჩნდათო, ამბობს ის.
პირველი - ეს გახლავთ თანაინვესტირების ფონდი, რომელიც იქნება კერძო ინვესტიციების პირდაპირი ფონდი, რომელიც განიხილავს ყველა პროექტს, რომელიც იქნება კომერციულად მომგებიანი და ქვეყნისთვის საჭირო...

”ვერავინ ვერ გაბედავს კერძო ბიზნესში ჩარევას და აღარ მოხდება არავითარი გადანაწილებები და მთავრობის არც ერთ ჩინოვნიკს არ ექნება უფლება კანონის გარეშე კერძო ბიზნესში ჩარევის. მე მგონია, რომ ძალიან მოკლე დროში კარგად გააცნობიერეს ეს ბიზნესმენებმა. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ საქართველოში ეკონომიკის აღორძინებას, რადგან გადამწყვეტი როლი ეკონომიკის აღორძინებაში სწორედ რომ ბიზნესმენს ეკუთვნის და იმ ინვესტიციებს, რომლებსაც ბიზნესმენები ახორციელებენ”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს 19 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე სამი სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივა გააცნო და მათ ფონდებში კაპიტალის დაბანდებაც ურჩია. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საქართველოს სუვერენული ფონდი, კერძო საინვესტიციო ფონდი და ფონდი ახალგაზრდა ბიზნესმენების წასახალისებლად უახლოესი ორი თვის განმავლობაში ამუშავდება:

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან

”პირველი - ეს გახლავთ თანაინვესტირების ფონდი, რომელიც იქნება კერძო ინვესტიციების პირდაპირი ფონდი, რომელიც განიხილავს ყველა პროექტს, რომელიც იქნება კომერციულად მომგებიანი და ქვეყნისთვის საჭირო. მეორე - სუვერენული ფონდი შეიქმნება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე და აქ იქნება ასევე სტრატეგიული განვითარების ფონდი, რომელიც დააფინანსებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტებს, იმ პროექტებს, რომლებიც საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება”, - ამბობს ირაკლი კოვზინაძე.

”საქართველოში ბიზნესის რენესანსის პერიოდი დგება”, - ეს ფრაზა ბანკ ”რესპუბლიკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და ბიზნესმენს ლაშა პაპაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილთან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ წარმოთქვა. ჩანს, მისი დამოკიდებულება არც რამდენიმე თვის შემდეგ შეცვლილა. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიზნესმა მთავარი რამ - თავისუფლება - მოიპოვა:

”წინა მთავრობას ყოველთვის ვეუბნებოდი: ჩემი სამუშაო დღის 70 პროცენტს ვატარებ დაფასთან, ბუღალტრებთან ერთად, და ვითვლი ათას დეტალს, რომ თქვენ არ დამიჭიროთ-მეთქი. მე მათ ვუხსნიდი, მე ხომ ადმინისტრატორი არ ვარ. გინდათ ბიზნესი გავაკეთო? მაშინ შემეშვით-მეთქი”, - ამბობს ლაშა პაპაშვილი.
ჩვენ რამდენიმე დიდი პროექტი გვაქვს გაჩერებული სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს საინვესტიციო თანხა, რომლის რაღაც ნაწილი მოვიძიეთ უცხოეთში, მაგრამ ნაწილის მოძიება ვეღარ მოვახერხეთ...

კაპიტალური ბაზრის განვითარება, საფონდო ბირჟის განვითარება და ქართული ბიზნესისთვის გრძელვადიანი თანხის მოზიდვის ხელმისაწვდომობა - ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებიც, ”თიბისი ჯგუფის” პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის თქმით, საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელია. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში საკუთარი კომპანიის გამოცდილებაზე მიუთითებს:

”ჩვენ რამდენიმე დიდი პროექტი გვაქვს გაჩერებული სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს საინვესტიციო თანხა, რომლის რაღაც ნაწილი მოვიძიეთ უცხოეთში, მაგრამ ნაწილის მოძიება ვეღარ მოვახერხეთ, რადგან ევროპაშიც, იცით, რომ არ არის მთლად დალხინებული სიტუაცია ეკონომიკური კრიზისის მერე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ინიცირებული ფონდებიდან ბიზნესს სტიმული ექნება”, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ, პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის პარალელურად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყო. პრეზიდენტი პარლამენტს "სისხლის სამართლის კოდექსიდან" ეკონომიკურ-სამეწარმეო დანაშაულებთან დაკავშირებული ზოგიერთი მუხლის ამოღებას სთავაზობს. ეკონომიკურ, სამეწარმეო, ფულად-საკრედიტო და საფინანსო სფეროებში უკვე ჩადენილი დანაშაულების ამნისტირების გარდა, მიხეილ სააკაშვილი მათი დეკრიმინალიზაციის წინადადებითაც გამოდის და პარლამენტს სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან რიგი მუხლების ამოღების ინიციატივით მიმართავს - უფრო კონკრეტულად: შეწყდეს აღძრული სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ და სასჯელისგან ის მსჯავრდებულები გათავისუფლდნენ, რომლებმაც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები. ლაშა პაპაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ არსებობს არაერთი საქმე, რომელიც რიგი ბიზნესმენების წინააღმდეგ უსამართლოდ არის აღძრული, ამიტომ ის აუცილებლად მიიჩნევს გარკვეული ტიპის ამნისტიის ამოქმედებას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესმენების რეაბილიტაციას. სხვა აზრისაა პრეზიდენტის ინიციატივის თაობაზე მამუკა ხაზარაძე.

”მაშინ ჩემთვის აზრს კარგავს ის 20 წლიანი მუშაობა ჩემ გუნდთან ერთად, როცა ჩვენ არ ვარღვევდით კანონს. მაშინ შეიძლება ვინმემ იფიქროს, მეც დამერღვია კანონი და დანაშაულს მაპატიებდნენო. მე ვფიქრობ, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. იმას არ ვამბობ, რომ ადამიანი მაინცდამაინც ციხეში უნდა ჩასვან, მაგრამ თუკი მოიპარე, უნდა დააბრუნო”, - მიაჩნია მამუკა ხაზარაძეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG