Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტია „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია?


პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მოქმედი პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს შეხვდა. განხილული იქნა საკადრო საკითხები, მათ შორის, დაკავშირებული ფრაქციისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეების შეცვლასთან. ბიძინა ივანიშვილმა ფრაქციის წევრებთან ასევე განიხილა როგორც მომავალ კვირაში ახალი პრემიერ-მინისტრისათვის ნდობის გამოცხადების, ასევე 24 ნოემბრისათვის დანიშნული პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის საკითხები. უკვე ცნობილია, რომ პარტიას, ისევე როგორც მთავრობას, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

ბიძინა ივანიშვილთან გამართული დახურული შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომლის თქმითაც, ფრაქციას აღარ უხელმძღვანელებს ზაქარია ქუცნაშვილი, ხოლო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი იქნება:

„ფრაქციაში გარკვეული გადაადგილებებია. ფრაქციის თავმჯდომარეობა შეთავაზებული იქნა ბატონი გია ვოლსკისათვის. გარდა ამისა, თავისუფლდება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა იმის გამო, რომ ირინა იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნად გადადის“.

ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ისტორიაში! ეს არის სერიოზული ეტაპი. მოდის ახალი პრეზიდენტი და, შესაბამისად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში იზრდება ფრაქციისა და პარტიის როლი...
გია ვოლსკი
მანანა კობახიძის თქმით, გია ვოლსკის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დეპუტატი პაატა ბარათაშვილი შეცვლის. მისივე თქმით, პარტიასა და ფრაქციაში დარჩება ზაქარია ქუცნაშვილიც, რომლის შემცვლელი გია ვოლსკი ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ თვისებრივად ახალი ეტაპისათვის ემზადება და საკადრო ცვლილებების მიზეზიც ეს არის:

„ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ისტორიაში! ეს არის სერიოზული ეტაპი. მოდის ახალი პრეზიდენტი და, შესაბამისად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში იზრდება ფრაქციისა და პარტიის როლი“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ როლი გადამწყვეტი იქნება მომავალ კვირას, როცა პარლამენტი კენჭს უყრის ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას. გარდა ამისა, პარტია „ქართულ ოცნებისათვის“ საეტაპო იქნება 24 ნოემბრისათვის დანიშნული ყრილობა, რომელმაც პარტიის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა აირჩიოს. პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, ლოგიკურია, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ პარტია „ქართულ ოცნება“ მმართველ პარტიად ჩამოყალიბებას ცდილობს.

პრეზიდენტი ამ პიროვნებას დაავალებს მთავრობის შემადგენლობის შექმნას. პრემიერობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მთავრობის შემადგენლობას და წარდგება პარლამენტში ნდობის მისაღებად...
ავთანდილ დემეტრაშვილი
„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ხანებში „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მხოლოდ ქაღალდზე თუ არსებობდა. მას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, მას არ აქვს გამოკვეთილი იდეოლოგია და პოლიტიკური ხედვა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად კოალიციაში მოიაზრება ერთ-ერთ წამყვან ძალად, რეალურად ის კოალიციის ყველაზე სუსტ რგოლად მოჩანს შორიდან. მაგრამ მას ჰქონდა ის „პლუსი“, რომ ასოცირდებოდა ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ჩნდება ვაკუუმი, რომელიც უნდა შეივსოს“, უთხრა კორნელი კაკაჩიამ რადიო თავისუფლებას.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევამდე კი ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, პარლამენტის წინაშე მოუწევს წარდგომა. კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორის, ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, 17 ნოემბერს, ანუ პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, მოქმედ მთავრობას ეხსნება უფლებამოსილება, თუმცა ახლის დამტკიცებამდე პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვებული სუბიექტის, ანუ, ამ შემთხვევაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი პრეზიდენტს შვიდი დღის ვადაში წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს:

„პრეზიდენტი ამ პიროვნებას დაავალებს მთავრობის შემადგენლობის შექმნას. პრემიერობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მთავრობის შემადგენლობას და წარდგება პარლამენტში ნდობის მისაღებად. ასევე შვიდი დღის ვადაში პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ან არ გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას და მის სამთავრობო პროგრამას“.

ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ანუ 76 დეპუტატის, მხარდაჭერა სჭირდება. შესაბამისად, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომელიც 90-ზე მეტ მანდატს აკონტროლებს, ახალი მთავრობის დასამტკიცებლად არ დასჭირდება კონსტიტუციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადების გამოყენება. კოალიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მინისტრთა ახალ კაბინეტს ვილნიუსის სამიტამდე, ანუ 28 ნოემბრამდე, დაამტკიცებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG