Accessibility links

logo-print

სამთავრობო დელეგაცია თურქეთში


ბიძინა ივანიშვილი და რეჯებ ტაიპ ერდოანი

ბიძინა ივანიშვილი და რეჯებ ტაიპ ერდოანი

14 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკა მასპინძლობს საქართველოს სამთავრობო დელეგაციას, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ფინანსთა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები და, ასევე, სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი. მთავარ სავაჭრო პარტნიორთან - თურქეთთან - საქართველოს მრავალმხრივი ინტერესები აკავშირებს. საგანგებო აქცენტი კეთდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე.

შეხვედრები პრეზიდენტ აბდულა გიულთან, პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოანთან და დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექთან - საქართველოს სამთავრობო დელეგაციის საკმაოდ დატვირთული ვიზიტის დღის წესრიგის მიხედვით, დასკვნით ფაზას თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური სადილი წარმოადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალურ პირებთან შეხვედრების დაწყებამდე მოინახულა ათათურქის მავზოლეუმი და ყვავილებით შეამკო მისი საფლავი.

როგორც სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენელმა, სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ უთხრა ჟურნალისტებს, თურქეთისა და საქართველოს საერთო ინტერესები არაერთ საკითხს მოიცავს და მსჯელობაც სწორედ ამ საკითხების გარშემო წარიმართა:

”თურქეთი გახლავთ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი - უზარმაზარი მოცულობის ბრუნვა გვაქვს სავაჭრო კუთხით. ენერგეტიკული თემებიდან, მოგეხსენებათ, წლის ბოლოს უნდა გაიხსნას სატრანზიტო ხაზი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქართული ენერგიის ექსპორტი თურქეთში განხორციელდეს. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი... ასევე საპარტნიორო ფონდის კუთხით გვაქვს უზარმაზარი თბოელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბანში, რომელიც 230 მგვტ-ზეა გათვლილი... სპექტრი ფართოა და, ვფიქრობ, ეს ვიზიტი ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველო-თურქეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს”.
არც ერთ შემთხვევაში, ჩემგან არც ერთ გამოსვლაში არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ შეჩერდეს მშენებლობა და ამის მსგავსი რამ. რა თქმა უნდა, ეს გეოპოლიტიკურად ძალიან საინტერესოა...

ირაკლი კოვზანაძის მიერ ნახსენები ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტი, რომელსაც ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სახელით მოიხსენიებენ, ბოლო პერიოდში ერთგვარ მწვავე სადავო თემად იქცა. იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის მიწურულს განაცხადა, ამ პროექტთან მიმართებით გარკვეული შეკითხვები გვაქვსო, ეს ვითარება პოლიტიკურმა ოპონენტებმა პროექტზე უარის თქმად აღიქვეს. სხვათა შორის, ანალიტიკოსთა ერთი ნაწილიც სწორედ ამ აქცენტს იშველიებდა არგუმენტად, როცა ის ახალი ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის შესაძლო შეცვლაზე ლაპარაკობდა. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ სცადა დაერწმუნებინა ყველა, რომ მის მთავრობას პროექტის შეჩერება არც კი უფიქრია. ასე იყო 24 დეკემბრის პრესკონფერენციაზეც:

”არც ერთ შემთხვევაში, ჩემგან არც ერთ გამოსვლაში არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ შეჩერდეს მშენებლობა და ამის მსგავსი რამ. რა თქმა უნდა, ეს გეოპოლიტიკურად ძალიან საინტერესოა. მე ვთქვი ჩემს გამოსვლაში და ახლაც ვიმეორებ, რომ კითხვები არსებობს ეკონომიკური კუთხით - პირველ ეტაპზე არსებული რკინიგზა შეიძლება სერიოზულად დაზარალდეს. მაგრამ მევე ვამატებ, რომ, ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ რთული იქნება მოლაპარაკების პროცესი, რომ ეს დავარეგულიროთ ისე, რომ ძველიც და ახალი რკინიგზაც სინქრონულად სასარგებლო იყოს და, საერთო ჯამში, ამით არ დაზარალდეს საქართველოს ეკონომიკა”.

ასეთი განმარტებების მიუხედავად, ანალიტიკოსების შთაბეჭდილებით, სადავო საკითხმა ერთგვარი უხერხულობა შექმნა 26 დეკემბერს, როცა პრემიერ-მინისტრი ბაქოს სტუმრობდა. მას ჟურნალისტებისთვის იმ დღეს იმის ახსნაც მოუწია, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს და რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით ოპონენტებმა სპეკულაცია მის მიერ გაკეთებული, შესაძლოა,”პოლიტიკურად გაუმართავი” განცხადების საფუძველზე დაიწყეს.
თურქეთის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს უზარმაზარი მასშტაბის სამუშაოები ამ ახალი დერეფნის მშენებლობის მიმართულებით. მათ შორის არის ბოსფორის ფსკერზე მშენებარე ახალი შემაერთებელი ხაზები, რაც გულისხმობს როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო გზების გაყვანას...

ასეა თუ ისე, მშენებლობა გრძელდება და ამის შესახებ ბოლო დღეებში თბილისშიც იყო საუბარი. როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა 13 თებერვალს, ევროკავშირის “აღმოსავლეთის პარტნიორობის” არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად სატრანსპორტო საკითხების განხილვის შემდეგ, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, მისი სწრაფად დასრულების მიზნით.

“აღმოსავლეთის პარტნიორობის” წევრი ქვეყნების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში, თბილისს აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვიც სტუმრობდა. მისი თქმით, მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდება ბაქო-თბილისი-ყარსის გრანდიოზული პროექტის დასრულებას. მამედოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ პროექტს შეერთებული შტატები მსოფლიოს 100 ყველაზე პრიორიტეტულ პროექტს შორის განიხილავს:

”როგორც იცით, თურქეთის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს უზარმაზარი მასშტაბის სამუშაოები ამ ახალი დერეფნის მშენებლობის მიმართულებით. მათ შორის არის ბოსფორის ფსკერზე მშენებარე ახალი შემაერთებელი ხაზები, რაც გულისხმობს როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო გზების გაყვანას. ამ პროექტის დასრულებისთანავე შესაძლებელი იქნება, რომ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით დავუკავშირდეთ ევროპულ რკინიგზას - ინგლისამდეც, ლონდონამდეც კი.”

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტს შეწყვეტის საფრთხე რომ არ ემუქრება, ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამაც არაერთხელ განუცხადა. რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, უწყვეტია მშენებლობის პროცესი, რომელიც 2014 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და გამოყოფილი თანხის - 775 მილიონი დოლარის - ნახევარზე მეტი უკვე ათვისებულია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG