Accessibility links

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო, რადგან მათ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურათ. მოცემულ ეტაპზე აღსრულების ეროვნული ბიურო ამ პირების ქონებასა და შემოსავლებს შეისწავლის, აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში. შეგახსენებთ, რომ 26 ივლისიდან ყადაღა ადევს კოალიციის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის საბანკო ანგარიშებს, პირადი ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანისა და მისი "ქართულ ოცნებაში" გადარიცხვის მოტივით, რისთვისაც კალაძე 17 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდა. იმავე მოტივით, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 21 მილიონამდე ლარითაა დაჯარიმებული. ”ქართული ოცნების” ადვოკატებს უჭირთ იმის თქმა, თუ რა მეთოდს მიმართავს ამ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო თანხის ამოსაღებად.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმას გამოიყენებს აღსრულების ეროვნული ბიურო კახი კალაძისა და ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის ამოსაღებად, ეუბნება აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ბესო ლილუაშვილი რადიო თავისუფლებას:

”მიმდინარეობს ძირითადად შემდეგი სამუშაოები: ქონების მოძიება, დადგენა; მერე უნდა მოხდეს ამის შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელ ფორმას აირჩევს აღსრულების ეროვნული ბიურო ამ საქმის აღსასრულებლად. ჯერჯერობით მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.”

ადმინისტრაციულ სახდელზე, პირველ რიგში, ხდება შემოსავლის მოძიება და მასზე ინკასოს განხორციელება, მაგრამ ჩვენ გვიჭირს ახლა რაიმეს თქმა, რადგან აღნიშნულს ახორციელებენ აბსოლუტურად კანონგარეშედ ...

„ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 21 მილიონიანი ჯარიმა ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანისა და მისი „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩარიცხვის ბრალდებით დაეკისრა. იმავე მოტივით, 17 მილიონი ლარით დაჯარიმდა კოალიციის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახი კალაძეც. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კალაძის ანგარიშებსა და პირად ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით. 26 ივლისიდან ყადაღა ადევს კალაძის უძრავ-მოძრავ ქონებას, ავტომობილებს, საბანკო ანგარიშებს და კომპანიებს - "მაქს ბეტს" და "კალა კაპიტალს".

როგორც ”ქართული ოცნების” ადვოკატი შალვა თადუმაძე ამბობს, ადმინისტრაციულ სახდელზე, წესით, თანხის ამოღების მიზნით, ანგარიშზე ინკასოს დადებაა სავარაუდო, თუმცა ამ ვარაუდზე ის დიდ იმედს ვერ ამყარებს:

”ადმინისტრაციულ სახდელზე, პირველ რიგში, ხდება შემოსავლის მოძიება და მასზე ინკასოს განხორციელება, მაგრამ ჩვენ გვიჭირს ახლა რაიმეს თქმა, რადგან აღნიშნულს ახორციელებენ აბსოლუტურად კანონგარეშედ. შესაბამისად, პროგნოზირება, თუ რა ღონისძიებას გამოიყენებენ, თითქმის შეუძლებელია.”

შალვა თადუმაძის მსგავსად, პროგნოზის გაკეთება უჭირს ”ქართული ოცნების” მეორე ადვოკატს, არჩილ კბილაშვილსაც. მედიისთვის მიცემული კომენტარის მიხედვით, არჩილ კბილაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სწორედ ის მეთოდი გამოიყენოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელსაც ერთხელ უკვე მიმართა ივნისში. შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი მაშინ თავისი პოლიტიკური მიზნების კანონის დარღვევით განხორციელებაში დადანაშაულდა და, შესაბამისად, 74 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ...

ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა - საურავებიანად, 80 მილიონი ლარი - რამდნიმე ხნის წინ გადაიხადა, 19 ივნისს კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მოტივით. მაშინ ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ეს იყო დაზარალებული მოსახლეობის დახმარების კანონიერი, მაგრამ ირიბი გზა. ჯარიმის გადახდის შემდეგ ”ქართუ ბანკი” გათავისუფლდა იძულებითი მმართველობისგან, რომელიც მასში ივანიშვილის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადის ამოწურვის გამო დაინიშნა, ჯერ დაყადაღების, ხოლო შემდგომ იძულებით აუქციონზე გაუყიდაობის მიზეზით.

უთუოდ გემახსოვრებათ, რომ მიუხედავად ”ქართუ ჯგუფის” უცხოელ მეწილეთა ადვოკატების განცხადებისა, ”ქართუ ბანკში” ბიძინა ივანიშვილს წილი არა აქვსო, იძულებით მმართველი დაინიშნა იმ არგუმენტით, რომ ბიძინა ივანიშვილია ”ქართუ ჯგუფის” საკუთრებაში არსებული ”ქართუ ბანკის” 100%-იანი წილის ბენეფიციარი მფლობელი.

ადვოკატი შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის დაჯარიმებას სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ აღსრულების რა ფორმაც არ უნდა იყოს გამოყენებული, ის პოლიტიკურად მოტივირებული იქნება.

”მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”, აცხადებს შალვა თადუმაძე.

”ქართული ოცნების” პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის 22 აგვისტოს განცხადების თანახმად, არ არის გამორიცხული, კახი კალაძემ და ბიძინა ივანიშვილმა მათთვის ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა გადაიხადონ კვლავ 19 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა საკომპენსაციოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში ჯარიმის სახით უკვე გადარიცხული 80 მილიონი ლარი დაზარალებულებს მოხმარდათ.
XS
SM
MD
LG