Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების ასი დღე - სამოქალაქო სექტორის თვალით


”100 დღე ხელისუფლებაში - კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები” -კონფერენცია ამ სახელწოდებით 18 თებერვალს ”შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები სამოქალაქო სექტორის მხრიდან ახალი ხელისუფლების ასდღიანი მმართველობის კრიტიკულ შეფასებას ისმენდნენ. ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა ბედი, შერჩევითი სამართალი, საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლება, პოლიტპატიმრების სტატუსი თუ ამნისტიის შესახებ კანონი - ამ და სხვა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მოკლე მოხსენებებს პრემიერთან ერთად ახალი მთავრობის თითქმის ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი უსმენდა. ყველა შენიშნავდა, რომ სამოქალაქო სექტორის კრიტიკის მოსასმენად მრავალი წელია, რაც ხელისუფლება ასეთი წარმომადგენლობით არ მისულა.

ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები, ახალი მთავრობის თითქმის ყველა ძალოვანი მინისტრი, მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი - შეხვედრები სამოქალაქო სექტორთან, შესაძლოა, ამ შემადგენლობით, პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, უფრო გახშირდეს. ივანიშვილმა ეს სიტყვები 18 თებერვლის კონფერენციაზე თქვა, რომელზეც ახალმა ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორისგან, შექებასთან ერთად, კრიტიკაც მოისმინა.
”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ახალ მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენა თავისი კრიტიკული მოსაზრება პოლიტპატიმრების სტატუსის მინიჭების საკითხის შესახებ.
ჩვენი ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა 47-მა გამგებელმა და საკრებულოს 24-მა თავმჯდომარემ, უმრავლესობამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა...
ნინო ლომჯარია

“სამუშაო ფორმატი და შემჭიდროებული ვადები არ იძლეოდა ამ საქმეების სათითაოდ შესწავლის საშუალებას. ამის გარეშე კი, ჩვენ ვფიქრობთ, არასწორია პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება”, განაცხადა საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ. ბოლო დროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით კი კოჟორიძემ თქვა, რომ ამ საქმეების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ გახდება მხოლოდ შესაძლებელი ვილაპარაკოთ, დააკავეს თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკური ნიშნით. კოჟორიძის თქმით, არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა თენგიზ გუნავას დაკავების ფაქტზე: ”ნარკოტიკების და იარაღის ტარების ბრალდების ნაწილში ბრალდების პოზიცია არ იყო დამაჯერებელი და ამან არაერთი კითხვა გააჩინა”.

დადებით ტენდენციებში საია სასამართლოს ბოლოდროინდელ მუშაობას გამოკვეთს. კახა კოჟორიძის თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მოსამართლეები დღეს თავისუფლად ეპაექრებიან პროკურატურას, რაც ადრე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ხდებოდა. ამის დასტურია პროკურატურის არაერთი შუამდგომლობაც, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა.
ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” კრიტიკის ობიექტი გახდა ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია პირდაპირ მიუთითებს პოლიტიკური თანამდებობების მქონე პირების, გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების სამსახურიდან მასობრივად დათხოვნის ფაქტებზე. ეს პროცესი, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივისტების აქციების ფონზე ვითარდებოდა:

”ჩვენი ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა 47-მა გამგებელმა და საკრებულოს 24-მა თავმჯდომარემ, უმრავლესობამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ჩვენ ასევე გვაქვს 24 შემთხვევა, როდესაც იქ მიმდინარე საპროტესტო აქციებმა მიიღო ძალადობრივი სახე, რაც შენობების ბლოკირებაში, შეჭრასა და საკრებულოს სხდომის ჩაშლაში გამოიხატა”.
გაუგებარია, რომ ჩნდება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ თავისუფლდებიან საჯარო სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. აბა, როგორ უნდა გათავისუფლდნენ?...
ბიძინა ივანიშვილი

ამ პროცესს კი, ნინო ლომჯარიას თქმით, მოჰყვა უფრო დაბალ რგოლებში დასაქმებული ადამიანების უსაფუძვლოდ გათავისუფლების მთელი სერია. საინტერესოა, რომ განცხადებას ყველა თავისით წერდა, რასაც წინ უსწრებდა თათბირი ხელმძღვანელობასთან. სხვათა შორის, საინტერესო იყო ამ თემაზე თავად პრემიერის კომენტარი. მან თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, სხვანაირად ხალხი როგორ უნდა დაითხოვონ სამსახურიდან:

”გაუგებარია, რომ ჩნდება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ თავისუფლდებიან საჯარო სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. აბა, როგორ უნდა გათავისუფლდნენ? ეს კითხვა დამრჩა”, - თქვა ივანიშვილმა.

ადამიანის უფლებათა დამცველი კიდევ ერთი ორგანიზაციის - Human Rights Watch-ის - წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი გოგიამ კი ხელისუფლებას შერჩევით სამართალზე მიუთითა და ამ მხრივ მეტი ყურადღების გამოჩენისაკენ მოუწოდა:

”როგორც პროკურატურა ამბობს, 7000-ზე მეტი საჩივარია შესული. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შერჩევითი სამართლის თავიდან აცილება, იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი საქმის ერთდროულად გამოძიება არ ხდება და ხელისუფლება არჩევს იმ საქმეებს, რომლებიც გამოძიებისათვის უპირატესია. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის კრიტერიუმები, რომლებითაც ხდება ამ საქმეების შერჩევა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და არსებობს მოსაზრება, რომ ეს შერჩევითობა შესაძლოა პოლიტიკური მოტივით იყოს გამოწვეული”.

გიორგი გოგია ასევე გამოეხმაურა 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარს და განაცხადა, რომ პოლიციის ვალდებულება იყო ადეკვატური რეაგირება, თუმცა პოლიციის უმოქმედობა არც ადეკვატური ყოფილა და არც პროპორციული. გოგიას თქმით, დღის სამი საათისათვის ნათელი იყო, რომ იქ ვითარება შესაძლოა დაძაბულიყო, ამიტომ პოლიციას ადგილზე მეტი ქვედანაყოფი უნდა მიეყვანა.
თუკი შემოგვაქვს ჩვენ ახალი და კარგი მოდელი და თქვენ ამას მიესალმებით, მაშინ რატომ უნდა დავტოვოთ თანამდებობაზე ის წევრები, რომლებიც ცუდი მოდელით არიან შერჩეულები? მე, როგორც ამ მთავრობის წევრი, ამას არასოდეს მხარს არ დავუჭერ...
თეა წულუკიანი

ახალმა ხელისუფლებამ არაერთი შენიშვნა და მოსაზრება მოისმინა საჯარო მოხელეების უსაფუძვლოდ გათავისუფლების, ახალი კადრების არაკომპეტენტურობის, უკონკურსოდ და ნეპოტიზმის საფუძველზე მათი დანიშვნის შესახებაც. ითქვა, რა უნდა შეიცვალოს მედიაგარემოში. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეფორმირებაზე, სასამართლო სისტემის რეფორმის დადებით მხარეებსა და გამოწვევებზე...
მოსმენილზე ივანიშვილის პასუხი ის იყო, რომ სამ თვეში მძიმე მემკვიდრეობაჩაბარებულ ახალ ხელისუფლებას ძალიან სწრაფად მოუხდა ბევრი გადაწყვეტილების მიღება. ივანიშვილის თქმით, ხარვეზები შესაძლოა ამ მიზეზითაც აიხსნას. თუმცა იყო საკითხები, - მაგალითად, თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები, - რომელთა შესახებაც მსჯელობისას პრემიერმა საკუთარი არგუმენტები მოიშველია:

”თავიდან ჩემი პოზიცია იყო, რომ საერთოდ არ ჩავრეულიყავით და ყოფილიყვნენ ძველი გამგებლები. ეს ჩვენთვის უკეთესიც იქნებოდა, რადგან მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ნაწილი ამ პასუხისმგებლობისა ადგილობრივ თვითმმართველობებს დარჩენოდათ, მაგრამ მოკლე დროის შემდეგ ჩემი გუნდის წევრებმა დამარწმუნეს, რომ მოვლენების თვითნებური განვითარება უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევდა. შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების უკეთ განვითარება? ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა დღესაც რომ იწყებოდეს ეს პროცესი, ოდნავ უარესად ან ოდნავ უკეთესად განვითარდებოდა მოვლენები”.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი საიას რეკომენდაციას, არ შეუწყდეთ უფლებამოსილება ვადაზე ადრე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, როგორც ამას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი, ასე უპასუხა:

”თუკი შემოგვაქვს ჩვენ ახალი და კარგი მოდელი და თქვენ ამას მიესალმებით, მაშინ რატომ უნდა დავტოვოთ თანამდებობაზე ის წევრები, რომლებიც ცუდი მოდელით არიან შერჩეულები? მე, როგორც ამ მთავრობის წევრი, ამას არასოდეს მხარს არ დავუჭერ და თუკი პარლამენტი მაინც გადაწყვეტს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს უფლებამოსილება უნდა შეუნარჩუნდეთ, ეს უკვე პარლამენტის პასუხისმგებლობა იქნება, ისტორიული პასუხისმგებლობა, რადგან დღეს რიგი მოსამართლეები არიან საშინელ დღეში და მათ შველა სჭირდებათ”.

სხვათა შორის, ეს სწორედ ის საკანონმდებლო ცვლილებაა, რომელსაც კოტე კუბლაშვილი სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევად აფასებს და მხარს არ უჭერს.

ახალი ხელისუფლების ასდღიანი მმართველობის შესახებ 18 თებერვალს საკუთარი პოზიცია საპარლამენტო უმცირესობის სახელით „შერატონში“ შეკრებილ საზოგადოებას გიორგი ვაშაძემ გააცნო. მან თქვა, რომ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები იმის ნათელი მაგალითია, რომ საქართველოში პროცესები დემოკრატიული გზით არ მიდის.

წარმომადგენლობითი კონფერენცია ”შერატონ მეტეხი პალასში” რამდენიმე საათს გაგრძელდა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG