Accessibility links

logo-print

ოცნებიდან რეალობაში: ივანიშვილი პრემიერ-მინისტრია


ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

25 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მთავრობას, რომლის შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარადგინა. მთავრობის დამტკიცებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საპროგრამო გამოსვლა და დებატები. ოცწუთიან სიტყვაში ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე: ეკონომიკის, მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობისა და მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე. ივანიშვილის გამოსვლამ უკმაყოფილო დატოვა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან დანაპირების შესრულების ვადის დასახელებას მოითხოვდნენ.

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ჰყავს. ოთხსაათიანი დებატების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა (88 ხმით 54-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო უმცირესობამ არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერსა და მის მთავრობას მხარი არ დაუჭირა და ეს მაშინ, როცა ივანიშვილი და მისი კაბინეტის მინისტრები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ირაკლი გორდულაძემ წარუდგინა:

მთავრობის სხდომა

მთავრობის სხდომა

„საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ნდობის მისაღებად წარმოგიდგენთ მთავრობის შემდეგ შემადგენლობას: პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია; შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი; გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - კახა კალაძე; კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - დავით დარახველიძე; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე; ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგენკო; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - სოზარ სუბარი; რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი; დასაქმების სახელმწიფო მინისტრი - კახა საკანდელიძე.
ყველა დანაპირებს შევასრულებთ და დავუმტკიცებთ ჩვენს ხალხს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ. ჩვენ ვიზრუნებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე ...

მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის დასახელების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ტრიბუნასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იხმო. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ოცი წუთი მოანდომა იმის ჩამოთვლას, თუ რის გაკეთებას აპირებს მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად:

„ყველა დანაპირებს შევასრულებთ და დავუმტკიცებთ ჩვენს ხალხს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ. ჩვენ ვიზრუნებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ჩადგეს განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების რიგში. ჩვენ დავამკვიდრებთ კანონის უზენაესობას და აღვადგენთ სამართლიანობას. არც ერთი დანაშაული, თუ ის მტკიცებულებებით იქნება გამყარებული, არ დარჩება დაუსჯელი“.

ივანიშვილმა ასევე ილაპარაკა საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და სტრუქტურული მოდერნიზების შესახებ. მისი თქმით, აუცილებელია ექსპორტის სტიმულირება და იმპორტის ჩანაცვლება, ისევე როგორც სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნა. სოფლის მეურნეობის სუბსიდირება და სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდა. ივანიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში მოხდება დენისა და გაზის ტარიფების გადაანგარიშება და შემცირება. პენსია გაუტოლდება საარსებო მინიმუმს, თუმცა სამომავლოდ განხორციელდება ცვლილება და დამკვიდრდება პენსიის დაგროვებითი სისტემა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასა და კონფლიქტების მოგვარების გზებს:

„ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს რეგიონალური პოზიციების გამყარებას. გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. დაიწყება და შეუქცევადი გახდება ქვეყნის გამთლიანების პროცესი. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. ამასთან ერთად, ჩვენ მოვძებნით გზებს აფხაზებსა და ოსებთან სალაპარაკოდ. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით“.
როდის იქნება უფასო განათლება? როდის იქნება უფასო ჯანდაცვა? როდის შემცირდება ტარიფები დენსა და გაზზე? როდის შემცირდება ფასები საწვავზე? როდის აუხდება ხალხს ის ოცნებები ...

ბიძინა ივანიშვილმა ასევე ილაპარაკა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპოლიტიზებისა და კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანის აუცილებლობაზე, რომელიც სამომავლოდ ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობას გამორიცხავს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საპროგრამო გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებს, საპარლამენტო უმცირესობის წევრები პრემიერ-მინისტრისაგან დაპირებების შესრულების დეტალურად გაწერილ გეგმას ითხოვდნენ, რის პასუხადაც უმრავლესობა იქით ითხოვდა ანგარიშის ჩაბარებას „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც ხელისუფლებაში ცხრა წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე:

„როდის იქნება უფასო განათლება? როდის იქნება უფასო ჯანდაცვა? როდის შემცირდება ტარიფები დენსა და გაზზე? როდის შემცირდება ფასები საწვავზე? როდის აუხდება ხალხს ის ოცნებები, რომელთა გამოც ხალხმა ხმა მოგცათ თქვენ?“

უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი:

„თქვენ ანაბრები დააბრუნეთ? მცირე მეწარმეები ორი წლით გადასახადებისაგან გაათავისუფლეთ? პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დაამკვიდრეთ? ან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინეთ? ან 100 დოლარიანი პენსია შემოიღეთ? ჯერ თქვენ შეუსრულებელ დაპირებებს მიხედეთ, გაეცით პასუხი ხალხს და შემდეგ ისაუბრეთ სხვაზე!“

საერთო ჯამში, დებატებმა, რომელშიც რიგითი დეპუტატები, ფრაქციების თავმჯდომარეები და უმრავლესობა-უმცირესობის ლიდერები მონაწილეობდნენ, ოთხ საათზე მეტხანს გასტანა. ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ეგრეთ წოდებულ შემაჯამებელ გამოსვლაზე, რის უფლებასაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს რეგლამენტი აძლევდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG