Accessibility links

“ცხოვრების მართებული წესის” პრემია - ნობელის ალტერნატიული პრემია 2012


არაოფიციალურად, „ნობელის ალტერნატიური პრემია“ ჰქვია ჯილდოს, რომელსაც ყოველ წელიწადს გასცემს შვედეთში მოქმედი ამავე დასახელების ორგანიზაცია.

ნობელისგან განსხვავებით, ამ პრემიას არ აქვს განსაზღვრული სფეროები, კატეგორიები, რომლებშიც პრემიებს გასცემს. წელს “ცხოვრების მართებული წესის” პრემია გადაეცა ბუნების დამცველს, ადამიანის, ქალთა უფლებების დამცველს, ასევე არაძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების თეორეტიკოსს, რომლის ტაქტიკა პრაქტიკაში - სხვათა შორის, საქართველოშიც - გამოიყენეს, და ერთ ჯგუფს, რომელიც იარაღით ვაჭრობას ებრძვის. ფონდი 1980 წელს დააარსა გერმანული წარმოშობის შვედმა მწერალმა, ჟურნალისტმა, ბუნების დამცველმა იაკობ ფონ იუქსკიულმა, რომელიც ერთ დროს ევროპის პარლამენტის დეპუტატის მანდატის მფლობელი იყო. ფონ იუქსკიული ამბობს, როცა 1980 წელს “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდი დავაარსე, ვფიქრობდი, რატომ ვეგუებით პრობლემებს, რომელთა მოგვარება შეგვიძლია-მეთქი? ამ კითხვაზე პასუხი არა მაქვს, მაგრამ პრობლემების გადაჭრის გზები ნამდვილად არსებობს... ფონდის დამაარსებელი იქვე ალბერტ აინშტაინის სიტყვებს მოიხმობს: მართლა კარგი იდეა ისაა, რომლის განხორციელებაც თავიდან შეუძლებელი გეჩვენებაო. “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის პრემიას ვანიჭებთ მას, ვინც ასეთი იდეები განახორციელა, ამბობს ფონ იუქსკიული:
იაკობ ფონ იუქსკიული

იაკობ ფონ იუქსკიული


„ჩვენ უნდა დავძლიოთ ფულის ბატონობა, უნდა განვსაზღვროთ, რას უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკა, ფინანსები. საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ ეს არ მოხდეს გარემოს, ბუნების ხარჯზე, რომელზეც ასე ვართ დამოკიდებული, და მომავალი თაობების ხარჯზე.“

ფონ იუქსკიული იქვე განაგრძობს მედიისგან მივიწყებულ, მაგრამ თავისთავად გენიალურ, პრაქტიკულად მოქმედ იდეებსა და მოქმედების ფორმებზე ლაპარაკს, მოჰყავს მაგალითიც:

„სანამ ახალს გამოვიგონებდეთ, ვეძებთ იმ მოდელებს, რომლებიც უკვე არსებობს და განხორციელდა. მაგალითად, უნგრეთში შემოიღეს მომავალი თაობის დამცველის თანამდებობა. მას აქვს უფლება შეაჩეროს კანონი, რომელიც, მისი აზრით, ემუქრება სასამართლო რეფორმას. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. ჩვენ სამომავლო საფინანსო სისტემების საკითხზეც ვმუშაობთ, ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორი საფინანსო სისტემა უნდა გვქონდეს, რათა ის მომავალს მოერგოს და უარი ვთქვათ სულელურ მოსაზრებაზე, რომ ბანკების გადასარჩენი ფული არის, კლიმატის საშველი კი - არა.“
სიმა სამარი, უკვე 20 წელია, ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას ავღანეთში. საავადმყოფოების გახსნის გარდა, მან აამოქმედა სკოლები, სადაც თალიბანის რეჟიმის დროს გოგონებს მალულად ასწავლიდნენ ...

წელს „მართებული ცხოვრების წესის“ ფონდის პრემიაზე 122 კანდიდატი იყო წარდგენილი 52 ქვეყნიდან. დღეს ფონდს, დაარსებიდან, 149 ლაურეატი ჰყავს 62 ქვეყნიდან. ამჟამად ფონდს განაგებს ოლე ფონ იუქსკიული, დამაარსებლის ძმისშვილი, რომელიც წელსაც სიამოვნებით დაგვთანხმდა ეამბნა ლაურეატებსა და მათ დამსახურებაზე. ფონდის ისტორიაში პირველად ავღანეთის წარმომადგენელი ქალი გახდა ამ პრემიის ლაურეატი. სიმა სამარი აღიარებული უფლებადამცავია და არამხოლოდ ესაა მისი საქმიანობა:

„სიმა სამარი, უკვე 20 წელია, ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას ავღანეთში. საავადმყოფოების გახსნის გარდა, მან აამოქმედა სკოლები, სადაც თალიბანის რეჟიმის დროს გოგონებს მალულად ასწავლიდნენ. ბოლო ათ წელიწადში ის იბრძვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის ავღანეთში.“

სიმა სამარი, მის მიერ დაარსებულ ორგანიზაცია „შუჰადასთან“ ერთად, უძღვება 71 სკოლას, ასევე 12 ამბულატორიას, 3 საავადმყოფოს. მან დააარსა ავღანეთის გარდამავალ მთავრობაში ქალთა საქმეების სამინისტრო. სამარისთვის არსებობს ადამიანის უნივერსალური უფლებები, ის არ განასხვავებს ქალთა უფლებებს ისლამში და, ასე ვთქვათ, დასავლეთში.
ჯინ შარპი

ჯინ შარპი


უფლებდაცვის სფეროშია წელს გაცემული „მართებული ცხოვრების წესის“ ფონდის კიდევ ერთი პრემია, რომელიც მიენიჭა საქართველოშიც გარკვეული წრეებისთვის ცნობილ პირს, არაძალადობრივი პროტესტის თეორეტიკოსს და არამხოლოდ თეორეტიკოსს, ამერიკელ მკვლევარს ჯინ შარპს. მას „არაძალადობრივი მოძრაობების მაკიაველისაც“ უწოდენ. მისი პირველი ნაშრომი, რომელიც აშშ-ში საპატიმროში დაწერა, ალბერტ აინშტაინის წინასიტყვაობით გამოვიდა. შარპი სასჯელს იხდიდა კორეაში ომის დროს ამერიკის არმიაში სამსახურზე უარის გამო. შარპი ფიქრობს, რომ ისტორიკოსები განზრახ მალავენ მსოფლიოს ისტორიაში არაძალადობრივ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც მან შეკრიბა, ამ ძველი მეთოდების საფუძველზე შექმნა თეორიები და აღწერა თავის ნაშრომებში. მათგან ყველაზე ცნობილი წიგნია „დიქტატურიდან დემოკრატიამდე“, რომლითაც უსარგებლიათ ეგვიპტის შარშანდელი გამოსვლების მონაწილეებს, სერბულ „ოტპორს“ და საქართველოში მოქმედ „კმარასაც“, ისევე როგორც ირანში „მწვანე მოძრაობას“. ადრე მისი თეორია პრაქტიკაში გაუტარებიათ ყოფილ საბჭოთა ბალტიისპირეთის ქვეყნებს.
ბრიტანეთის იარაღის მრეწველობამ არაერთი საგრძნობი მარცხი განიცადა ჩვენი პრემიის მფლობელის საქმიანობის შედეგად. ერთი მაგალითია ის, თუ როგორ უწყობდა ხელს ბრიტანეთის მთავრობა იარაღით ექსპორტს გადასახადებით მიღებული თანხების საშუალებით ...

ოლე ფონ იუქსკიულის აზრით, ჯინ შარპის „ შრომა წარმატებულია, რადგან პირდაპირ შეიძლება იმის გამოყენება, რაც მან, როგორც მკვლევარმა, აღწერა. მის ნაშრომებს ხალხი იყენებს ყველგან, სადაც მთავრობის წინაღმდეგ არაძალადობრივი გზით ბრძოლა სურს.“

შარპის ნაშრომები შეიცავს მართლაცდა ზუსტ რჩევებს, როგორ უნდა გამოხატოს ადამიანმა პროტესტი არაძალადობრივი გზით, რომელი არაძალადობრივი მეთოდების გამოყენება შეიძლება და რა ვითარებაში. ის ყველას ურჩევს, პოლიტიკა ახლებურად გაიაზრონ. ამას, მისი აზრით, ჩვენი დროის მოუგვარებელი პოლიტიკური პრობლემების, დიქტატურის, გენოციდის, ომის და სოციალური ჩაგვრის არსებობა გვავალებს. არაძალადობრივი მეთოდები ერთობ ეფექტიანია მათი დაძლევისთვის, თვლის “ცხოვრების მართებული წესის” პრემიის წლევანდელი ლაურეატი, ჯინ შარპი. შეიარაღების წინააღმდეგ გამოდის ამ პრემიის კიდევ ერთი წლევანდელი მფლობელი, ბრიტანეთში მოქმედი ორგანიზაცია, სახელწოდებით „კამპანია იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ“. იომ-ქიფურის ომის შემდეგ იარაღით ვაჭრობის გაფართოებაზე რეაქციის სახით, 1973 წელს დაარსებულ ორგანიზაციის საქმიანობის შედეგზე საუბრობს ოლე ფონ იუქსკიული და განმარტავს ბრძოლის ფორმებს:
ოლე ფონ იუქსკიული

ოლე ფონ იუქსკიული


„ბრიტანეთის იარაღის მრეწველობამ არაერთი საგრძნობი მარცხი განიცადა ჩვენი პრემიის მფლობელის საქმიანობის შედეგად. ერთი მაგალითია ის, თუ როგორ უწყობდა ხელს ბრიტანეთის მთავრობა იარაღით ექსპორტს გადასახადებით მიღებული თანხების საშუალებით, ანუ ეგრეთ წოდებული საექსპორტო კრედიტების გზით, რასაც წინ აღუდგა „კამპანია იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ“ და იარაღით მოვაჭრე ფირმების ინვესტორებზე ზეწოლის გზით მიაღწია მიზანს, გამოეაშკარავებინა იარაღით ვაჭრობაში კორუფცია, სიცრუე და ამ სფეროს მომაკვდინებელი შედეგები, პასუხისმგებლობა კი ამისთვის ბრიტანეთის მთავრობისთვის დაეკისრებინა.“

„კამპანიამ“ წარმატებით აქცია საზოგადოებრივი კონტროლის სამიზნედ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იარაღის მწარმოებელი ფირმა, „ბი-ეი-ი სისტემს“, მისი არაეთიკური საქმიანობის გამო. კიდევ ერთი წარმატება ორგანიზაციის საქმიანობაში: მან ბრიტანეთის ერთ-ერთ ფირმას ხელი ააღებინა მსოფლიოში უდიდესი იარაღის ბაზრობების მოწყობაზე.
ამ ორგანიზაციის გზით ის წარმართავს დიდ კონკრეტულ სამუშაოს. აღსანიშნავია, რომ მათ, მაგალითად, დარგეს ათ მილიონზე მეტი ხე ...

“ცხოვრების მართებულმა წესმა“ წელს თავისი პრემია, უკვე საპატიო, გადასცა თურქ ეკოლოგისტს ჰაირეთინ ქარაჩას, რომელსაც „გარემოს დაცვის მოძრაობის პაპასაც“ უწოდებენ. მისი დაარსებულია ორგანიზაცია „თემა“, რომელიც თურქეთში მიწას, ნიადაგს და მის მცხოვრებთ იცავს. მასში გაწევრიანებულია თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი თურქეთში. ფონ იუქსკიული თურქეთში ეკოლოგიური მოძრაობის ავანგარდზე წერს:

„ამ ორგანიზაციის გზით ის წარმართავს დიდ კონკრეტულ სამუშაოს. აღსანიშნავია, რომ მათ, მაგალითად, დარგეს ათ მილიონზე მეტი ხე, წარმატებულად აწარმოებენ ლობისტურ საქმიანობას გარემოს დაცვის სფეროში ახალი კანონმდებლობის მისაღებად. მათ ანგარიშზეა ასევე ფართო პედაგოგიური საქმიანობა, ბავშვებისთვის ეკოლოგიური პრობლემატიკის სწავლება და ახსნა. ქარაჩა, მიუხედავად იმისა, რომ 90 წელსაა მიტანებული, ყოველ კვირას ტელევიზიით გამოდის და თურქეთის მოსახლეობას ამ თემატიკას აცნობს.“

ფირმა „თემა“ მართლაც თამამად იბრძვის მთავრობის წანააღმდეგაც. მან სასამართლოში იჩივლა, როცა მთავრობამ ერთ-ერთი ნაკრძალის ტერიტორია გასცა ტურისტული მიზნებისთვის, და მოიგო საქმე. და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. ამავე ტიპის ნაკრძალებისა და საგლეხო მეურნეობების დაცვის მიზნით წამოწყებული 116 საქმიდან „თემამ“ 82 მოიგო. დაბოლოს, გეტყვით, რომ “ცხოვრების მართებული წესის” პრემია სულ 200 ევროს მოიცავს და მას ოთხი ლაურეატი გაინაწილებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG