Accessibility links

logo-print

„მოქალაქე“ და ივანიშვილის გეგმები სამოქალაქო სექტორში


4 თებერვალს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ორგანიზაციის ერთადერთი დამფუძნებელია, განაცხადა, რომ „მოქალაქე“, პირველ რიგში, მედიის ხარისხის ამაღლებაზე იზრუნებს - მონიტორინგს გაუწევს მას და შესაბამის კვლევებს დააფინანსებს. ის ასევე ფინანსურად დაეხმარება რამდენიმე ახლად დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც სხვადასხვა სფეროში იმუშავებენ. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია არჩილ კბილაშვილის „ევროპული არჩევანი“ იქნება. ბიძინა ივანიშვილმა „მოქალაქის“ პრეზენტაციის შემდეგ მედიის შეკითხვებსაც უპასუხა.

4 თებერვალს ბიძინა ივანიშვილისგან გავიგეთ, თუ რატომ შექმნა მან არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე: „თავისუფალი მოქალაქეობაა ამქვეყნიური ყველაზე დიდი ბედნიერებაც და ყველაზე დიდი ტვირთიც. სწორედ ამისთვის დავაფუძნე ორგანიზაცია ‘მოქალაქე’“.

ივანიშვილმა დაასახელა „მოქალაქის“ რამდენიმე მიზანი და, მათ შორის, უპირველესი - მედიის ხარისხის ამაღლება:

„’მოქალაქის’ უპირველესი დანიშნულება იქნება დაეხმაროს მედიას კვალიფიკაციის ამაღლებაში, ტრენინგები ჩაატაროს მისთვის, დააფინანსოს ახალი ანალიტიკოსები, მონიტორინგი გაუწიოს მედიას და პერმანენტულად ჩატარდეს კვლევები მედიის ობიექტურობისა და მისის ხარისხის შესახებ“.
მეორე სფერო, რომელშიც ივანიშვილი თავის ფინანსურ რესურსებს მიმართავს, ეკონომიკა იქნება - სამუშაო ადგილების შექმნა და ხალხის დასაქმება. ივანიშვილის „მოქალაქე“ ითანამშრომლებს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც თავისი საქმიანობით ქვეყნის ევროპული სივრცისაკენ სვლას უწყობს ხელს. არის კიდევ ერთი იდეა, რომელიც ივანიშვილს ეკუთვნის:

„’ქართუ ფონდის’ მეშვეობით სიმბოლურად დაფინანსდეს რამდენიმე ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია, - საუბარია დაახლოებით 50 000 ლარზე, - ოღონდ, ამ ორგანიზაციების მთავარი შემოსავალი უნდა იყოს მათი საკუთარი პროფესია და საქმიანობა. ერთი ასეთი ორგანიზაცია იქნება, მაგალითად, არჩილ კბილაშვილის მიერ დაფუძნებული „ევროპული არჩევანი“, რომელიც სამართლის კუთხით იმუშავებს“.

რაც შეხება ბიძინა ივანიშვილის ახალ გუნდს, ცნობილია, რომ „მოქალაქეს“ ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი საბანაძე. დანარჩენების ვინაობა ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არ გამხდარა. თავად ივანიშვილი ამბობს, რომ ექვს თანამშრომელთან ერთთვიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ამ ვადის გასვლის შემდეგ ეცოდინება, ვინ გააგრძელებს მასთან მუშაობას. ჯერჯერობით დასადგენია გასაწევი ხარჯის რაოდენობაც, თუმცა ივანიშვილი ამბობს, რომ „მოქალაქემ“ შესაძლოა წელიწადში 1-დან 3 მილიონ ლარამდე დახარჯოს. ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენს დახარჯავს მის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“.

თუ ივანიშვილს ასე ესმის მედია და მისი როლი, მაშინ ის პრაქტიკულად მოკავშირე გამოდის თანამედროვე მედიის გაძლიერების და ლიბერალური მიდგომებისა, მაგრამ თუ მას წარმოუდგენია, რომ მედია მხოლოდ ის არის, რაც და ვინც ისე აზროვნებს, როგორც მას უნდა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე მცდარი არჩევანია...
ივანიშვილს, რომელმაც ორიოდე თვის წინ დატოვა ხელისუფლება, თავისი ყოფილი პოლიტიკური გუნდის მიმართ ჯერჯერობით შენიშვნები არ გააჩნია. მეტიც, ის ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ამ „ევროპული ტიპის ხელისუფლების“ მართვის სტილი. იმ შემთხვევაში კი, თუ შენიშვნა ექნა, მისი თქმით, ის ან მედიის საშუალებით გააკრიტიკებს ხელისუფლებას, ან პირადად მოახსენებს ამა თუ იმ თანამდებობის პირს საკუთარ აზრს.

რადგან სამოქალაქო სექტორი ივანიშვილისათვის მოღვაწეობის სრულიად ახალი სფეროა, ის არა მხოლოდ საზოგადოების გაზრდას ცდილობს, არამედ თავადაც იზრდება, - ასე აფასებს არასამთავრობო სექტორში ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მისი თქმით, ივანიშვილის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევაა, როგორი მედიის განვითარება სურს მას - ლიბერალური ღირებულებების მქონე, მაღალი სტანდარტების მედიისა თუ ისეთის, როგორიც დომინირებს დღეს საქართველოს მედიაბაზრაზე:

„თუ ივანიშვილს ასე ესმის მედია და მისი როლი, მაშინ ის პრაქტიკულად მოკავშირე გამოდის თანამედროვე მედიის გაძლიერების და ლიბერალური მიდგომებისა, მაგრამ თუ მას წარმოუდგენია, რომ მედია მხოლოდ ის არის, რაც და ვინც ისე აზროვნებს, როგორც მას უნდა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე მცდარი არჩევანია, მცდარი კონცეფციაა და იმის გამო, რომ მას აქვს გარკვეული ძალაუფლება, ირიბად - მთავრობის და პირდაპირ - თავისი ფინანსების მეშვეობით, და ამით სურს თავის მარწუხებში მოაქციოს მედია, მაშინ, ცხადია, მცდარი არჩევანია და სწორედ აქ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა“.

ჯერჯერობით მე მიჭირს გავერკვე თუ რას გულისხმობს ივანიშვილი თავის სამოქალაქო აქტივობაში. მაინც ჩემთვის ძალზე ზოგადია მისი დასახული მიზნები. ზოგადად რაღაც სამოქალაქო აღმშენებლობაზეა ლაპარაკი...
ზვიად ქორიძისათვის, მაგალითად, საინტერესო იქნება, თუ რა ტიპის მონიტორინგის ჩატარებას გეგმავს ივანიშვილი მედიასთან მიმართებით: „თუ ის იმ ტიპის მონიტორინგს გულისხმობს, რასაც ის აკეთებდა, - ციტატებით საუბარი ჟურნალისტებთან და რედაქტორებთან, - მაშინ ეს არ არის, ცხადია, მონიტორინგი, ეს ძალიან ზედაპირული სიტუაციური ანალიზია. კვალიფიციური მედიამონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, საქართველოში ამის გამოცდილება გვაქვს და კარგი იქნება, თუ მისი ორგანიზაცია პერმანენტულად დააკვირდება საქართველოს მედიას“.

სამოქალაქო სექტორში ივანიშვილის უკვე გაცხადებული გეგმების შეფასება ვთხოვეთ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილსაც. მას ჯერჯერობით ორგანიზაცია „მოქალაქის“ საქმიანობასთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს:

„ჯერჯერობით მე მიჭირს გავერკვე თუ რას გულისხმობს ივანიშვილი თავის სამოქალაქო აქტივობაში. მაინც ჩემთვის ძალზე ზოგადია მისი დასახული მიზნები. ზოგადად რაღაც სამოქალაქო აღმშენებლობაზეა ლაპარაკი. ჯერჯერობით ძალიან ამორფულია ეს ყველაფერი და შეიძლება ცოტა ხანში უფრო დაკონკრეტდეს და თავად ივანიშვილმაც დაინახოს, რომ უფრო კონკრეტული მიმართულებებით უნდა იმუშაოს“.

ივანიშვილს სთხოვეს ასევე სუროგატი დედების შესახებ საქართველოს პატრიარქის განცხადების შეფასება. ივანიშვილმა თქვა, რომ საზოგადოებამ უნდა გადალახოს არსებული ბარიერი, რომ ეკლესიის თემა ტაბუდადებულია და იქიდან გამოსული ყველა აზრი ხელშეუხებელია:

„ეკლესიაში, ჩემი აზრით, იგივე პრობლემებია, რაც დანარჩენ საზოგადოებაში, და ჩვენ მისი კრიტიკა არ უნდა მოგვერიდოს. თუ გვინდა, რომ იქ ვითარება უკეთესი იყოს, უნდა ვისაუბროთ ამაზე. ისიც საჭიროებს კრიტიკას და მინიშნებას. რაც შეეხება იმას, რომ ცოლ-ქმარს სურს შვილი, მაგრამ არ შეუძლია თავად იყოლიოს და ამაში მედიცინა ერევა და ყველა გზას იყენებენ, რომ ახალი სიცოცხლე გაჩნდეს, ამაში საკამათო, მე მგონი, არაფერია“.

არასამთავრობო სექტორში გადასულ ბიძინა ივანიშვილს 4 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკურად აქტუალური რამდენიმე შეკითხვაც დაუსვეს. კერძოდ, მედიას აინტერესებდა ივანიშვილის დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის წუხს უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, თუმცა ამაზე მეტად სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევას არ აპირებს და ასევე შენიშნა, რომ საქართველო აუცილებლად მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG