Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი: ტარიფები არ განახევრდება, მაგრამ შემცირება შესაძლებელია


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეუძლებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების განახევრებას, რაზეც მან 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. ეს განცხადება ოპონენტებმა ”ქართული ოცნების” მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირების ვერშესრულების აღიარებად მიიჩნიეს. ექსპერტების აზრით კი, ასეთი შეფასება ნაადრევია, რადგანაც ტარიფების შემცირების დაპირება კვლავაც ძალაში რჩება.

”პროცესი გაგვიჭიანურდა... განახევრება, რასაც ველოდებოდი, რა თქმა უნდა, არ გამოვა და გადაჭარბებულად ვსაუბრობდით, როგორც ჩანს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა ის გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების სავარაუდო მომავალს განმარტავდა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ახალმა მთავრობამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ბოლომდე გარკვეულიყო ფასთწარმოქმნის პროცესებში და თანაც ძველი ხელისუფლების მიერ გაფორმებული საეჭვო კონტრაქტებიც სერიოზულ ბარიერებს ქმნის; მაგრამ ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა. კონკრეტული პარამეტრები არ სახელდება, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ვარაუდობს, რომ ტარიფების შემცირება მაინც მოხერხდება:

”რაღაცა დონით შემცირება გაზისაც და ელექტროენერგიისაც (ტარიფების) ალბათ მოხერხდება. განახევრებაზე ვამბობ უარს წინასწარი შესწავლის შემდეგ და ვარკვევთ პროცესებს. როდესაც გავერკვევით, მოსახლეობას დაწვრილებით მოვახსენებთ”.

ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ერთი-ორჯერ, ზეპირ განცხადებებში, მან ტარიფების განახევრებასთან დაკავშირებული ვარაუდიც გამოთქვა; თუმცა, უნდა ითქვას, რომ ტარიფების განახევრების დაპირება ”ქართული ოცნების” კონკრეტულ წინასაარჩევნო პროგრამაში არ შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ”ქართული ოცნების” დაპირებებში აქცენტი, ძირითადად, ტარიფების ”საგრძნობ” და ”მნიშვნელოვან” შემცირებაზე კეთდებოდა (და ასევე გააგრძელა ლაპარაკი ”ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც), ხელისუფლების ოპონენტებითვის განახევრების უარყოფა იმის მანიშნებელი აღმოჩნდა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წინასაარჩევნო დაპირებაზე. ამის შესახებ 22 ნოემბერს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემაც გააკეთა:

”კარგია, მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს გააცნობიერა და ღიად განაცხადა, რომ ეს ასეა და მან არ დაიწყო ხელოვნურად რაღაცა მანიპულაციები, რაც გააუარესებდა სიტუაციას და უბრალოდ განაცხადა, რომ ეს არის შეუძლებელი. ამას ჩვენ მივესალმებით. თუმცა ამით ცალსახად გამოჩნდა, რომ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ”ქართული ოცნების” შიგნით მუშაობდნენ სხვადასხვა საკითხზე ბევრი მიმართულებით, - მათ შორის, ტარიფების მიმართულებით, - აღმოჩნდნენ სრულიად არაკომპეტენტურები, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რაზე საუბრობდნენ და ახლა ერკვევიან - რა არის რეალობა, რა მდგომარეობაშია ქვეყანა, რა არის შესაძლებელი და რა არის შეუძლებელი”.

იმაში, რომ ოპონენტები ხელისუფლების კრიტიკას სათავისოდ იყენებენ, უჩვეულოს ვერაფერს ხედავს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი. თუმცა მისთვის დაპირებების უარყოფაზე ლაპარაკი ჯერ საკმაოდ ნაადრევია, რადგანაც, ჯერ ერთი, ის ვერ იხსენებს ”ქართული ოცნების” მტკიცე დაპირებებს ტარიფების განახევრებასთან დაკავშირებით და, მეორეც, ტარიფების შემცირებაზე ჯერ უარი არავის უთქვამს.

”ეს დათქმა, რომ ”ვერ განახევრდება”, მე ვფიქრობ, რომ ძალიან გულახდილი, გულწრფელი განცხადებაა და ეს არის საქმეზე ორიენტირებული ადამიანის განცხადება. ძალიან ცუდია პოლიტიკაში მიკიბ-მოკიბულობა, რადგანაც თავის მართლების პროცესს გადასწევს, გადასწევს, გადასწევს და ეს გადაწევა უსასრულოდ არ ხდება და აუცილებლად საზოგადოებას, ამომრჩეველს უჩნდება დამატებითი კითხვები და ეჭვები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოსო გალუმაშვილმა.

”ქართული ოცნების” მტკიცე დაპირებას ტარიფების განახევრებასთან დაკავშირებით ვერც ირაკლი ლექვინაძე იხსენებს, ”ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის” წარმომადგენელი. ხოლო რაც შეეხება შემცირების თემას, ირაკლი ლექვინაძე ეკონომიკის სფეროს იმ ექსპერტების რიგს მიეკუთვნება, ვისთვისაც საკმაოდ ადვილად წარმოსადგენია როგორც სამომხმარებლო, ასევე კორპორაციული ტარიფების შემცირება.

”შეიძლება ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, მაგალითად, გაზის, წყლის ან შუქის შემთხვევაში, მაგრამ საშუალოდ, აი ზოგადად რომ ავიღოთ ტარიფები, მთლიანობაში, 30-35 პროცენტი შესაძლებელია, რომ შემცირდეს. ამის რესურსი არსებობს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძისთვის გაუგებრად რჩება, თუ რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, როცა ის 22 ნოემბერს, პრესკონფერენციაზე, გადასახადებთან დაკავშირებით მეტ ”სუბსიდირებასა” და ამ გზით მიღწეულ შეღავათებზე ლაპარაკობდა. ეკონიმიკის სფეროს ექსპერტისთვის მიუღებელია ყველანაირი სუბსიდირება ტარიფების კომპონენტში. თუკი, მაგალითად, ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას სახელმწიფო საბაზრო ფასზე უფრო იაფად მიჰყიდის მოსახლეობას, ხოლო განსხვავებას თავად დაფარავს, ირაკლი ლექვინაძის აზრით, ეს ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნება და ისევ საზოგადოებას დაუჯდება ძვირად.
XS
SM
MD
LG