Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიასთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრის აქცენტები


პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდური მედიისა და რადიოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ძირითადად სამოქალაქო სექტორში თავისი გადანაცვლების, სამართლიანობის აღდგენისა და საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ყველაზე დიდი დრო პრემიერ-მინისტრმა სამოქალაქო საზოგადოებაში თავისი გადასვლის საკითხს დაუთმო. ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, თუ რა მექანიზმით იმუშავებს მთავრობასთან სამოქალაქო სექტორიდან და იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ცდილობენ მინისტრები გადაარწმუნონ, არ დატოვოს პრემიერის პოსტი:

„ვიზიტების დროს რამდენიმე მინისტრი მაცილებს ყოველთვის და - სამი საათი იქეთ, სამი საათ აქეთ - ხელჩაჭიდებული ომი გვაქვს. ფანჯიკიძე იყო ბოლოს და პეტრიაშვილიც, იყო კვირიკაშვილიც და ვერ ვუსაბუთებ, რამეთუ შიგნით ეს განცდა აქვთ, და ისევ გიორგი მარგველაშვილი დამეხმარა, პელე ხარ გუნდშიო და არავის უნდა პელე წავიდეს გუნდიდანო. უკაცრავად, რომ ჩემს თავზე ასე ვსაუბრობ, მაგრამ მესმის მთავრობის წევრების, რომ არ უნდათ ეს კაცი გამოაკლდეს გუნდს... ყოველდღიური ჩარევა არც იქნება და არც უნდა ხდებოდეს. თუ სტრატეგიულად მე რამე იდეა გამიჩნდება, შემიძლია ეს საჯაროდ განვაცხადო, შემიძლია ისე დავურეკო, თუ ამის სურვილი გაუჩნდებათ. თუ დარეკვის საშუალებას არ მომცემენ, ამის თავისუფლებაც აქვთ. არავითარი ვალდებულება არ აქვთ, რომ მე დავურეკო და რამე ავუხსნა. შემიძლია საჯაროდ გავაცნო. არ მოისმენენ, შემიძლია საჯაროდ გავაკრიტიკო“.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის 20 წელიწადს აპირებს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრობას და მიაჩნია, რომ ამით დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას შეუწყობს ხელს. ამასთან, ეს 20-წლიანი მშენებლობის პროცესი ძალიან საინტერესო და „სახალისო“ სანახავი იქნება. პირველი შედეგები კი ამ 20 -წლიან ციკლში მესამე წლიდან გამოჩნდება. ამ მიზნის მისაღწევად ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას და ფიქრობს, რომ ის მედიისთვის საინტერესო ფიგურად დარჩება მომავალშიც.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ, დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან... ჩვენ ვერაფრით და ვერაფრის ფასად ვერ შევცვლით ევროპისკენ სწრაფვას. ევროკავშირი, ნატო - ეს არის ჩვენი სტრატეგია, ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება...
ბიძინა ივანიშვილი
მისი სამოქალაქო საზოგადოებაში გადანაცვლების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება და ის იქნება დასავლეთზე ორიენტირებული. ამავე დროს, პრემიერის თქმით, უნდა დალადგეს ურთიერთობა რუსეთთან:

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ, დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან... ჩვენ ვერაფრით და ვერაფრის ფასად ვერ შევცვლით ევროპისკენ სწრაფვას. ევროკავშირი, ნატო - ეს არის ჩვენი სტრატეგია, ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება. ამის საწინააღმდეგოდ და ამის საფასურად ჩვენ არაფერს არ გავაკეთებთ“.

რადიო „ობიექტივის“ ჟურნალისტის სოსო ზაალიშვილის კითხვაზე, რატომ ფერხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი და რატომ არ მიმართავს ხელისუფლება თუნდაც ჩილეს ან ეგვიპტის მაგალითს, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ საზოგადოებამ უნდა დაივიწყოს წარსული, უნდა მოიქცეს ისე, რომ ეს ევროპისთვის იყოს გასაგები და მომავლისკენ იყუროს, ეგვიპტის მაგალითის საქართველოში განვრცობა კი მისთვის მიუღებელია.

„მინდა დავუბრუნდე თქვენს პოზიციას, რომ კოჰაბიტაცია არის საზიანო ჩვენი ქვეყნისათვის. თუ არა ეს, თქვენ როგორ ხედავდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით ჩვენ?“

სოსო ზაალიშვილი: „ეს არის ეგვიპტის მაგალითი“.

ბიძინა ივანიშვილი: „თქვენ გინდოდათ იგივე მიგვეღო? ეს მოხდებოდა ზუსტად ასეთი მეთოდით, რასაც თქვენ ახლა იხსენებთ და თქვენ ეს გინდოდათ? საოცრება მოვახერხეთ ჩვენ, საოცრება, რომ არავითარი ეგვიპტის მსგავსი, არავითარი ქუჩა, დაწყნარებული... აი, ასეთი... როგორი დაბალანსებულია ქართული საზოგადოება“...

სოსო ზაალიშვილი: „ჩვენთანაც გრძელდება, ბატონო ბიძინა!“

მე არ მგონია, რომ გრიფი „საიდუმლო“ უნდა ედოს ამას, ასე უნდა იყოს? გრიფი „საიდუმლო“ უნდა ედოს? რა სახელმწიფო საიდუმლოება ეს არის, რომ გრიფი „საიდუმლო“ დაადეს ამას...
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი: „მერე, რომ გრძელდება... დაელოდე, ძმაო! იქნებ ისე გაგრძელდეს, რომ ეს ყველასათვის გასაგები და მისაღები იყოს და მე კიდევ ერთხელ ვარწმუნებ ქართულ საზოგადოებას, რომ არ დარჩება საზოგადოებაში განცდა იმის, რომ სამართლიანობა არ აღმდგარა. სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება. საუბედუროდ, არსებობს ხალხი, რომელსაც აგრესია ვერ ჩაუცხრათ და სურვილი აქვთ მივაწვეთ და მივანგრიოთ. ხო მივაწექით და მივანგრიეთ და რა, ჩვენ ეგვიპტეზე ადრე არ გვქონდა სამოქალაქო ომი? და მე არც იმის სურვილი გამაჩნია, რაც თქვენ კითხვა დასვით, რომ ვინმე გავანადგურო ან სააკაშვილი ციხეში მოხვდეს. აბსოლუტურად არ მაქვს ამის სურვილი, არ მაქვს სურვილი, რომ ჩემი პრეზიდენტი ციხეში მოხვდეს“.

ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა კითხვას, რომელიც თავდაცვის სისტემაში ჯარისკაცების მოწამვლის თემას შეეხებოდა და მას შემდეგ, რაც განუმარტეს, რომ ინფორმაციას გრიფი „საიდუმლო“ ადევს, გაკვირვება გამოხატა და თქვა, რომ ამ საკითხით დაინტერესდება:

„მე არ მგონია, რომ გრიფი „საიდუმლო“ უნდა ედოს ამას, ასე უნდა იყოს? გრიფი „საიდუმლო“ უნდა ედოს? რა სახელმწიფო საიდუმლოება ეს არის, რომ გრიფი „საიდუმლო“ დაადეს ამას. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს და მე ძალიან დავინტერესდები, თუ ეს ასეა, თუ ამას გრიფი „საიდუმლო“ დაადეს. ჩვენს ქვეყნაში რომ ჯარისკაცი მოიწამლა და ამას გრიფი „საიდუმლო“ დაადეს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე“.

აღმოჩნდა, რომ ეს შეხვედრა იყო ნაკლებად ამ ტიპის. ჩემს პირად შეკითხვებზე, რა თქმა უნდა, მივიღე პასუხი, მაგრამ ისევ გაისმა მედიის მიმართულებით კრიტიკა, რაც, ვფიქრობ, ამ ფორმატისთვის უკვე დამახასიათებელ ტონად იქცა...
თაკო ფხაკაძე
პრესკონფერენციის მიმდინარეობისას პრემიერის პრესმდივანმა მანანა თოქმაჯიშვილმა ჯარისკაცების მოწამვლის თაობაზე გააკეთა, თავდაცვის სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განცხადება:

„11 შემთხვევა დაფიქსირდა პირველ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში იყო 10 ჯარისკაცი, რომელიც მსუბუქად მოიწამლა, კვებით ინტოქსიკაციით, და ორივე შემთხვევის გამოძიება თითქმის დასრულებულია, მეორე შემთხვევისაც“.

ამ საკითხების გარდა, პრემიერი შეეხო საარჩევნო თემასაც - იმას, თუ რამდენპროცენტიანი შედეგით ხედავს კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების ალბათობას, ისაუბრა მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის - ხუდონჰესის მშენებლობის თემაზე და თქვა, რომ ამ მშენებლობას მხარს უჭერს, ოღონდ რაც შეიძლება ნაკლები ზიანით, როგორც ბინების, ასევე ადამიანური ზიანის თვალსაზრისით.

პრემიერთან სამსაათნახევრიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ბეჭდური მედიისა და რადიოების წარმომადგენლებმა კომენტარებიც გააკეთეს. როგორც გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ რედაქტორმა თაკო ფხაკაძემ აღნიშნა, წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, - იგულისხმება ექსპერტებთან და ტელეჟურნალისტებთან შეხვედრა, - ეს შეხვედრა პრემიერთან უფრო კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა:

„ველოდებოდი, რომ იქნებოდა წინა ორის მსგავსი შეხვედრა, ამონარიდებით და პრესის მეტი კრიტიკით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს შეხვედრა იყო ნაკლებად ამ ტიპის. ჩემს პირად შეკითხვებზე, რა თქმა უნდა, მივიღე პასუხი, მაგრამ ისევ გაისმა მედიის მიმართულებით კრიტიკა, რაც, ვფიქრობ, ამ ფორმატისთვის უკვე დამახასიათებელ ტონად იქცა. ისე, ვფიქრობ, რომ კითხვები რაც დაისვა, ადეკვატური პასუხები გაიცა“.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG