Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა სააპელაციო სასამართლომაც არ აღუდგინა


ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე უარი უთხრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება. ივანიშვილის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობას სთხოვდნენ. ამ ბრძანების მიხედვით, მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა იმ მოტივით, რომ 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ 2010 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, ეს კი კანონსაწინააღმდეგოდ ჩაითვალა. ბიძინა ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზეც უარი ეთქვა. მისი ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონის ფარგლებში, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 29 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ”სასამართლომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება მიიჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად, საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” 32-ე მუხლის ”დ” პუნქტზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, პირი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. შესაბამისად, სასამართლომ დავის საგნად ქცეული საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის N602 ბრძანება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ მიიჩნია კანონიერად”.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის ხსენებული მუხლის მიხედვით, პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. თუმცა, ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძის სიტყვებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ჰქონდა მიღებული - იმ დროს, როცა მას საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა, უკვე იყო რუსეთის მოქალაქე (ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა უარი). შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე, ალექსანდრე ბარამიძის სიტყვებით, საგამონაკლისო წესის ფარგლებს სცდება:
ალექსანდრე ბარამიძე

ალექსანდრე ბარამიძე


”კანონი არ შეიძლება გამოიყენო ისე, რომ ის ეწინააღმდეგებოდეს საღ აზრს და ლოგიკას. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა გამოიყენა რა კონტექსტიდან ამოგლეჯილად კანონის ნორმა, არ წაიკითხა ის სამართლის სისტემის და თვითონ მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის კონტექსტში და არ წაიკითხა კანონის ეს ნორმა ისე, რომ მხედველობაში მიეღო მისი დანიშნულება და მიზანი.”

როგორც ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდებათ. განჩინება 14 დღეში უნდა ჩაბარდეს, გასაჩივრებისთვის კი 21 დღიანი ვადა არსებობს.

პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით, საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანციის ამოწურვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გასაჩივრდება. მანამდე კი კოალიციამ გასულ კვირაში უკვე მიმართა გაეროს უფლებათა კომიტეტს, საქმის გაცნობის მიზნით. როგორც მანანა კობახიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის მიმართვა არ არის ისეთი მოქნილი მექანიზმი, როგორიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვაა, მაგრამ ყველა მექანიზმის გამოყენებაა აუცილებელი იმისათვის, ”რომ სახელმწიფოს დაანახონ, თუ როგორ მნიშვნელოვნად დაირღვა ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური უფლებები”:
ბერკეტი და მექანიზმი გაეროს აქვს ნაკლები, სასამართლო ინსტიტუციისგან განსხვავებით, მაგრამ დამერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი საერთაშორისო ორგანო მოუთითებს სახელმწიფოს, რომ მან დაარღვია კონკრეტული მუხლი სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების შესახებ...

”გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ადგენს დარღვევას და, რა თქმა უნდა, უთითებს სახელმწიფოს, რომ ეს დარღვევა იყოს გამოსწორებული. უბრალოდ, ეგ არის, რომ ბერკეტი და მექანიზმი გაეროს აქვს ნაკლები, სასამართლო ინსტიტუციისგან განსხვავებით, მაგრამ დამერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი საერთაშორისო ორგანო მოუთითებს სახელმწიფოს, რომ მან დაარღვია კონკრეტული მუხლი სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების შესახებ.”

მანანა კობახიძისვე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს კიდევ ერთი გზის - პრეზიდენტისთვის პირადად მიმართვის შესაძლებლობის - გამოყენებას, ორმაგი მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით, რადგან მას ამის სურვილი არ აქვს. ცნობილია ისიც, რომ ივანიშვილი არ ისარგებლებს არც საკონსტიტუციო ცვლილებით, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს პასიური და აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენების საშუალება აქვთ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილი კოალიცია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მოხვდეს. თუმცა, როგორც მანანა კობახიძე ამბობს, სიასთან დაკავშირებით ვარაუდების გამოთქმა ნაჩქარევია, რადგან არჩევნებამდე დარჩენილ სამ თვეში შესაძლოა რაღაც შეიცვალოს კიდეც. ამას გარდა, მიიჩნევს, რომ ივანიშვილის სიაში არყოფნა ამომრჩევლისთვის ხელშემშლელი ფაქტორი არ უნდა გახდეს, რადგან კოალიციის სახელი ისედაც ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება.
XS
SM
MD
LG