Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თქვა თუ არა ივანიშვილმა უარი პოლიტიკურ გეგმებზე?


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
არაერთი კითხვა გააჩინა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ - არ ისარგებლოს პარლამენტის მიერ 22 მაისს დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებებით და თუკი პრეზიდენტი ამ ცვლილებებს მოაწერს ხელს, საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი პოლიტიკური ბრძოლის ველიდან რეალურ კონკურენციას გაურბის, თუმცა აბსოლუტურად სხვაგვარად ფიქრობენ თავად ”ქართულ ოცნებაში”. რამდენად გამართლებული და დროულია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება?

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ”ზუსტსა და გამართლებულს” უწოდებს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი. მისი განმარტებით, ”ქართული ოცნების” ლიდერმა მომგებიანი პოზიცია დაიკავა, როცა საკუთარი პირობები შესთავაზა პრაქტიკულად ”კუთხეში მიმწყვდეულ” ხელისუფლებას:

”ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა არჩევნებში. ამის გარეშე, ვფიქრობ, რომ ძალიან ძნელი იქნება იმ ჯადოსნური სიტყვების მოსმენა დასავლეთისგან, რასაც ჰქვია „ დემოკრატიული, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები“. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დაფიქრება მოუწევს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში - პრეზიდენტს, დაადოს თუ არა ვეტო ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს.”
პოლიტიკურ პარტიებსა და ფიგურებს აქვთ უფლება სრულად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ახლა, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ, რაც მათი თავისუფალი არჩევანია, ბუნებრივია, არავითარი ლეგიტიმაციის საკითხი არ დადგება...
აკაკი მინაშვილი

ასეთი არჩევანი საქართველოს პრეზიდენტს ”ქართული ოცნების” ლიდერმა 22 მაისს გამოქვეყნებული ღია წერილით შესთავაზა. ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს არ მოაწეროს ხელი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რის მიხედვითაც ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოში პოლიტიკური აქტივობის საშუალება ეძლევათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები თავიდანვე, უპირველეს ყოვლისა, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის იყო გამიზნული, ”ქართული ოცნების” ლიდერი მიიჩნევს, რომ მას არ უღირს პოლიტიკური უფლებების მოპოვება „კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის“ ფასად.

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიხედვით, თუკი პრეზიდენტი უარს იტყვის საკონსტიტუციო ცვლილებების ხელმოწერაზე, ის არ გაეჯიბრება მის ”ბავშვურ ახირებას” და, საპირისპირო პოზიციის მიუხედავად, მაინც მიმართავს მას ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით. აი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ივანიშვილი უარს იტყვის არჩევნებში უშუალო მონაწილეობაზე და პოლიტიკურ ბრძოლას სხვა გზით განაგრძობს.

ექსპერტთა მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს დასავლეთი ლეგიტიმურად არ ჩათვლის, კატეგორიულად არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი აკაკი მინაშვილი:

”ლეგიტიმაციის საკითხი დადგებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება ანდა სხვანაირი შეზღუდვები დაწესდებოდა. ასეთი შეზღუდვები არ არსებობს - პოლიტიკურ პარტიებსა და ფიგურებს აქვთ უფლება სრულად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ახლა, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ, რაც მათი თავისუფალი არჩევანია, ბუნებრივია, არავითარი ლეგიტიმაციის საკითხი არ დადგება.”
რასაკვირველია, ძალაში რჩება მისი ყველა დაპირება... არჩევნებიდან ორ კვირაში ის გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ცვლილება არ იქნება...
მაია ფანჯიკიძე

აქვე გავიხსენოთ, რომ 20 მაისს ჩიკაგოში, ახალგაზრდა ატლანტიკოსთა სამიტზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით საფუძველი გამოეცალა ”ქართული დემოკრატიის მტრების” ”შეთქმულებას”, რომელიც არჩევნების ”დელეგიტიმაციას” ისახავდა მიზნად. 23 მაისის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ ისევ აშშ-ში იმყოფება და მას ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი ”ქართული ოცნების” ლიდერის შეთავაზებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს მაქსიმუმ 14-დღიანი ვადა აქვს. თუმცა, როგორც აკაკი მინაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, არავინ აჰყვება ”ქართული ოცნების” ლიდერის ”შანტაჟს”, რომლის უკანაც მარცხის შიში იმალება:

”ამ ადამიანს ჰქონდა ძალიან მზარდი ამბიციები, როდესაც ეგონა, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას აიღებდა პარლამენტში. მაგრამ, ვფიქრობ, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის დარწმუნდა, რომ ეს ასე არ ხდება და მგონია, რომ მას აღარც სურს არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის მისი მცდელობა, რომ მსხვერპლის იმიჯი შეინარჩუნოს.”

უკან დახევასა და მსხვერპლის იმიჯთან დაკავშირებულ ვარაუდებს - ღიმილისმომგვრელ აბსურდად მიიჩნევენ ”ქართულ ოცნებაში”. როგორც პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენელი მაია ფანჯიკიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გეგმები არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლება:
მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

”რასაკვირველია, ძალაში რჩება მისი ყველა დაპირება... არჩევნებიდან ორ კვირაში ის გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ცვლილება არ იქნება. ისეთ ვითარებას ჩვენ ისედაც განვიხილავდით, რომელიც მას არ მისცემდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ყველაფერი მიდის ისე, როგორც მან ჯერ კიდევ ოქტომბერში გადაწყვიტა. ეს ყველაფერი 27 მაისს მიაღწევს პირველ კულმინაციას და ამის შემდეგ მუდმივად იქნება კულმინაციის რეჟიმში.”

დააკლდება თუ არა ამომრჩეველთა მხარდაჭერა კოალიცია ”ქართულ ოცნებას” იმ შემთხვევაში, თუკი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში?

”საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნების” შანსი არ შემცირდება, თუკი კოალიცია მოახერხებს და ამომრჩეველს, განსაკუთრებით რეგიონებში, შექმნილ რეალობას გასაგები ენით განუმარტავს. კახიშვილის თქმით, ნაკლები ძალისხმევა იქნებოდა საჭირო, ”ქართული ოცნების” ლიდერს 22 მაისს გადადგმული მკვეთრი ნაბიჯი აპრილის დასაწყისში რომ გადაედგა, როცა მას ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უთხრა უარი და სანაცვლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება დაიწყო. თუმცა, როგორც თავად ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს 22 მაისს გამოქვეყნებულ ღია წერილში, ის ბოლომდე იტოვებდა იმედს, რომ ”უგუნური გადაწყვეტილება საბოლოოდ არ იქნებოდა მიღებული, მაგრამ მორჩილმა საპარლამენტო უმრავლესობამ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და მორჩილად აუწია მას ხელი.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG