Accessibility links

logo-print

ირწმუნებს თუ არა ხალხი სასამართლოს სამართლიანობას?


ბიძინა ივანიშვილი, კოტე კუბლაშვილი

ბიძინა ივანიშვილი, კოტე კუბლაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსული მხარეები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის აუცილებლობის თაობაზე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლნენ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლო პოლიტიკისგან უნდა გათავისუფლდეს. თავის მხრივ, ოპტიმისტურად უყურებს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც. მაშ, რატომ ფიქრობენ როგორც უმრავლესობისა თუ უმცირესობის წარმომადგენლები, ისე იურისტები და საზოგადოების რიგითი წევრები, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი? რა უშლის ხელს საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას?

”მე ძალიან კარგად ვიცი ბატონი კოტეს ბიოგრაფია, წარსული და ვთვლი, რომ მას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ ღირსეულად დაასრულოს საკუთარი ვადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე”, - ეს ფრაზა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოტე კუბლაშვილთან დახურულ კარს მიღმა გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ წარმოთქვა. ანუ, მიუხედავად შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი, ეს თემა პრემიერ-მინისტრმა დახურულად გამოაცხადა: ”სიტყვა იმპიჩმენტი არც კი წამოგვცდენია და ამის მსგავსი საუბარი არ გვქონია”, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ხელისუფლებისგან არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისაკენ, რომ სასამართლოს მიმართ ისინი იყვნენ სწორედ ობიექტური შემფასებლები გადაწყვეტილებებისა, ობიექტურად უყურებდნენ სასამართლო საქმიანობას...


ბიძინა ივანიშვილი 6 მარტს საკუთარი ინიციატივით ესტუმრა უზენაეს სასამართლოს და, როგორც შეხვედრიდან გამოსულმა თქვა, მასპინძელთან ისაუბრა იმაზე, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი როგორც ძველი, ისე ახალი გუნდისგან და, რაც მთავარია, მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იზიარებს ახალი გუნდის აზრს, რომ აუცილებელია სასამართლო რეფორმა. პრემიერ-მინისტრი იმის პირობასაც დებს, რომ გამორიცხულია ახალი გუნდის მხრიდან სასამართლოში ჩარევის მცდელობა.

”ბატონი კოტეც მეთანხმება იმაში, რომ საზოგადოებას აქვს გარკვეული სკეპტიციზმი, გარკვეული კითხვები სასამართლოსადმი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრიც გაკეთდა სასამართლოში. ჩვენ ვერ შევთანხმდით მხოლოდ იმ საკითხში, თუ რამდენად ბევრია კითხვები დღევანდელი სასამართლოსადმი, მაგრამ შევთანხმდით იმაში, რომ სასამართლო უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი. ჩემი მხრიდან, როგორც მთავრობის მეთაურის მხრიდან, ჩემი გუნდის წევრების მხრიდან არ არსებობს მცდელობები სასამართლოში ჩარევისა, მაგრამ მე აუცილებლად ჩავერევი, თუკი გავიგებ, რომ ვინმემ გაბედა ან თუნდაც მცდელობა ჰქონდა, რომ ჩარეულიყო ან რაიმე ზეგავლენა მოეხდინა სასამართლოზე”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც და პრემიერ-მინისტრიც ჟურნალისტებთან საუბრისას ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლნენ. მცირე იყო მათი კომენტარებიც. შეიძლება ითქვას, მათ შეთანხმებულად ისაუბრეს იმაზე, რომ აუცილებელია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური სისტემა. ეს შეხვედრაც ამას ემსახურებოდაო, განაცხადა კოტე კუბლაშვილმა:

”ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ხელისუფლებისგან არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისაკენ, რომ სასამართლოს მიმართ ისინი იყვნენ სწორედ ობიექტური შემფასებლები გადაწყვეტილებებისა, ობიექტურად უყურებდნენ სასამართლო საქმიანობას და არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, უმცირესობაც და უმრავლესობაც და, საერთოდ, ყველა, რომ სასამართლო, პირველ რიგში, იყოს და არის კორუფციისგან თავისუფალი და ასევე იყოს თავისუფალი პოლიტიკოსებისგან”, - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

იმას, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი და ის პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, იურისტები თუ სასამართლო ექსპერტები რადიო თავისუფლებასთან საუბარში, შეიძლება ითქვას, ერთხმად აცხადებენ, თუმცა ისინი იმასაც ამბობენ, რომ სასამართლომ ჯერჯერობით ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში მოიპოვა თავისუფლება.
ეჭვებს ბადებს ისევ სასამართლო საქმიანობა, რომელმაც, მართალია, გაითავისუფლა თავი პროკურატურისგან, - თუმცა ეს მისი დამსახურება არ არის, - მაგრამ ვერ გათავისუფლდა იდეოლოგიისგან, რომელიც დღემდე მუშაობს სასამართლოში...

ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ მთავარი ფუნქცია, რომელიც მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობის პრინციპს უკავშირდებოდა, წლების განმავლობაში ქართულ სასამართლოში არ ხორციელდებოდა. მაშ, რა გვაქვს დღეს? - კითხულობს ის და თავადვე პასუხობს:

”დღეს ყველა ვაღიარებთ, რომ სასამართლო პროკურატურის დიქტატურისგან გათავისუფლდა, მაგრამ საზოგადოება, რომელიც არის ყველაზე ობიექტური შემფასებელი მართლმსაჯულების განხორციელებისა, ეჭვისგან ვერ გათავისუფლდა და ამ ეჭვებს ბადებს ისევ სასამართლო საქმიანობა, რომელმაც, მართალია, გაითავისუფლა თავი პროკურატურისგან, - თუმცა ეს მისი დამსახურება არ არის, - მაგრამ ვერ გათავისუფლდა იდეოლოგიისგან, რომელიც დღემდე მუშაობს სასამართლოში”.

ნინო გვენეტაძის თქმით, ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. მათ შორის, საუბარია მოსამართლეების არაპროფესიონალიზმზეც. როგორც ყოფილი მოსამართლე ამბობს, მაშინ, როდესაც მოსამართლემ იცოდა, რომ მხოლოდ პროკურატურის ნება უნდა აღესრულებინა, ის არც საკუთარ პროფესიონალიზმზე ზრუნავდა და არც დამოუკიდებლობაზე. მისივე თქმით, მოსამართლეებს ამ ეტაპზე სჭირდებათ წვრთნა იმის გასათავისებლად, რომ ისინი დამოუკიდებელნი არიან და შეუძლიათ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელება.

”საქართევლოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია უზრუნველყოფს მოსამართლეების სრულ დამოუკიდებლობას და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არანაირი ლეგიტიმური მექანიზმი და ბერკეტი იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე”, – აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეკა ფოფხაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ახალგაზრდა იურისტის დაკვირვებით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სასამართლოში აშკარად შეინიშნება ცვლილება. მისი თქმით, თუკი არჩევნებამდე სასამართლო აბსოლუტურად აკმაყოფილებდა პროკურატურის მოთხოვნებს, ახალი ხელისუფლების პირობებში სიტუაცია მთლიანად შეიცვალა, რაც, ერთი მხრივ, შეიძლება პოზიტიური ცვლილება იყოს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს პროცესი გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
ეკა ფოფხაძე

ეკა ფოფხაძე


„თუ შევხედავთ იმ მხრივ, რომ ეს განსაკუთრებით ჩანს მაღალჩინოსნების საქმეების განხილვისას, ეს უკვე ცუდი ტენდენციაა და აქ უკვე შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ გავლენასთან გვაქვს საქმე და არა მართლმსაჯულების ინტერესებთან. თუნდაც თბილისის მერის, გიგი უგულავას საქმე არის კლასიკური შემთხვევა. მე ძალიან მაინტერესებს, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში თუ ყოფილა შემთხვევა, რომ პიროვნება აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა სასამართლოს. გვაჩვენოს სასამართლომ ერთი საქმე მაინც, ერთი პრეცედენტი”, - ამბობს ეკა ფოფხაძე.

ის ფიქრობს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კანონპროექტი ”საერთო სასამართლოების შესახებ”, რომელიც ამ ეტაპზე პარლამენტში განხილვის პროცესშია და რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნას ელის, იქნება ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ სასამართლომ რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვოს. სასამართლოს გამჭვირვალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ის სასამართლო დარბაზში ფოტო, აუდიო და ვიდეოგადაღების დაბრუნებას მიიჩნევს.

რაც შეეხება კანონპროექტს ”საერთო სასამართლოების შესახებ”, 6 მარტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლითაც სასამართლო პროცესების ვიდეო-აუდიოგადაღება "სასამართლოების შესახებ კანონით" ხდება დასაშვები. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვენეციის კომისიის დღის წესრიგში ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის განხილვა 7 მარტისთვის არის ჩანიშნული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG