Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის ხუთპუნქტიანი გეგმა - გაწვდილი ხელი თუ პიარსვლა?


ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი. 2012 წლის 9 ოქტომბერი

ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი. 2012 წლის 9 ოქტომბერი

რას ემსახურება პრეზიდენტის მიერ წინასაახალწლოდ მთავრობისთვის შეთავაზებული ხუთპუნქტიანი გეგმა? არის თუ არა ეს კოჰაბიტაციის, ანუ თანაცხოვრების, გზაზე გადადგმული რეალური ნაბიჯი იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში ახალი მთავრობა ქვეყნის დამღუპველად არის წარმოდგენილი? რამდენად ამართლებს ამგვარი სვლა და რით პასუხობს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს?

პრეზიდენტ სააკაშვილის ხუთპუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტი მხარეებს ”ერთმანეთის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის” შეწყვეტისკენ მოუწოდებს - პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს მასაც ეხება და რომ მხარეებმა თავი უნდა დაანებონ ერთმანეთის ”დამნაშავეებად, მტარვალებად და მოღალატეებად შერაცხვას”; გეგმის მეორე პუნქტის მიხედვით, უნდა შეწყდეს ”ოპოზიციის დევნის, დაჭერების, დაკითხვების, წარსულის უაზრო რევიზიისა და ალქაჯებზე ნადირობის რეპრესიული კამპანია”; მესამე პუნქტი გაერთიანებისკენ მოწოდებაა, რათა არ მოხდეს ”საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის შერყევა” და არ შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში; მეოთხე პუნქტის მიხედვით, უნდა შეწყდეს შეტევა თვითმმართველობებზე და ”შეწყდეს ძალადობისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების წახალისება; ხოლო ბოლო, მეხუთე პუნქტი გამიზნულია იმისათვის, რომ ქართული ეკონომიკისადმი ნდობა დაუბრუნდეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას. ამავე პუნქტში ერთიანდება ”დიდი საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის” მოწვევის იდეა. გეგმის მიხედვით, ამ კონფერენციას ერთად უნდა გაუძღვნენ პრემიერი და პრეზიდენტი. გავიხსენოთ, რომ ხუთპუნქტიანი გეგმა პრეზიდენტმა მთავრობას 31 დეკემბრის ბოლო წუთებში, წინასაახალწლო სატელევიზიო მილოცვლის დროს შესთავაზა. ეს გეგმა თუ არ შესრულდა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანას გადარჩენის შანსი დაეკარგება.
თავისთავად კონტექსტი ამ ხუთპუნქტიანი გეგმისა იმდენად მძიმე შეფასებებით იყო დატვირთული პრეზიდენტის მიერ, რომ ფორმით იყო, ასე ვთქვათ, მიდრეკილი თანამშრომლობისკენ, ხოლო შინაარსობრივად პირდაპირ იყო მაინც კონფრონტაციისკენ მიმართული მესიჯები...


თუკი გამოსვლის ტექტს გადავავლებთ თვალს, ბევრისთვის იოლი მისახვედრია, რომ ხუთპუნქტიან გეგმას პრეზიდენტი, როგორც მხსნელი, სთავაზობს მთავრობას, რომელიც, მისი ხედვით, აშკარად ღუპავს ქვეყანას და ქვეყანა ”დაღმა მიმავალ სპირალში” იმყოფება:

”ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს სამსახურს ან დასაქმების პერსპექტივას. ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობისა და დაძაბულობის განცდა, რაც სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების და, ნებსით თუ უნებლიეთ, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას. სამწუხაროდ, ახალი მთავრობა, იმის ნაცვლად, რომ იბრძოდეს ხალხის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გაცემული დაპირებების შესასრულებლად, იბრძვის მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად”.

გარდა ამისა, პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, რომ მიმდინარეობს სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა და ”მიმდინარეობს საქართველოს დასავლელ მოკავშირეებთან, ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების სისტემატური დეგრადაცია”.
ეს პროცესი, პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა იზოლაციამდე მივიდეს, რაც, თავის მხრივ, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას. პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანაში კრიმინალისგან დაუცველობის შეგრძნება სუფევს და ყოველივე ეს სავალალო გავლენას ახდენს ეკონომიკაზეც და ”დღითი დღე იკარგება ინვესტორთა ნდობა ქართული ეკონომიკისადმი”. ამასთან, ”ქართველი მომხმარებელიც გაცილებით უფრო ფრთხილად ხარჯავს ფულს”.

პრეზიდენტის რიტორიკაში მიუღებელს ვერაფერს ხედავს საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე. ის თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამინდელ მმართველ გუნდს სავსებით სამართლიანად აკრიტიკებს და რომ ხუთპუნქტიანი გეგმის შეთავაზებაც აბსოლუტურად მისასალმებელი და ქმედითი ნაბიჯია კოჰაბიტაციის, ანუ თანაცხოვრების, გზაზე:
ნიკა ჩიტაძე

ნიკა ჩიტაძე


”ერთმანეთის შემავსებელია თითოეული პუნქტი - ერთმანეთს ავსებს, იმიტომ რომ შეუძლებელია ლაპარაკი, ვთქვათ, ევროპულ ინტეგრაციაზე და საქართველოს ევროპულობაზე იმ ფონზე, როდესაც არსებობს კონფრონტაცია პოლიტიკურ ძალებს შორის - არა პოლიტიკური კონკურენცია, არამედ კონფრონტაცია და აქ საუბარია კონფრონტაციაზე საზოგადოების წარმომადგენლებს შორისაც”.

თავისთავად ხუთპუნქტიან გეგმასთან არანაირი პრეტენზია არა აქვს პოლიტიკის ექსპერტს ხათუნა ლაგაზიძეს და ის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთგაგებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის აბსოლუტური მომხრეა; თუმცა ანალიტიკოსს ეეჭვება, რომ გაამართლოს გეგმამ, რომელსაც თან ახლავს მეტად უარყოფითი შეფასებები შეთავაზების ადრესატების მისამართით. ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის შეთავაზება მხოლოდ პიარსვლად შეიძლება შეფასდეს:

”თავისთავად კონტექსტი ამ ხუთპუნქტიანი გეგმისა იმდენად მძიმე შეფასებებით იყო დატვირთული პრეზიდენტის მიერ, რომ ფორმით იყო, ასე ვთქვათ, მიდრეკილი თანამშრომლობისკენ, ხოლო შინაარსობრივად პირდაპირ იყო მაინც კონფრონტაციისკენ მიმართული მესიჯები”.

პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის შეთავაზებული გეგმა არ იმუშავებს, - დარწმუნებით აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროსი
დასავლეთს აჩვენა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ის კოჰაბიტაციის უფრო ღრმა და მჭიდრო მოდელზეა თანახმა და სთავაზობს ამას მმართველ პარტიას, და მეორე - საკუთარი მომხრეების გამხნევება, რომ ის მათ გასაჭირში არ მიატოვებს...

კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი. ისიც შენიშნავს, რომ ვიდრე ხუთპუნქტიან გეგმას ჩამოაყალიბებდა, წინასაახალწლო მილოცვაში პრეზიდენტი ”რამდენიმე წუთის განმავლობაში თითქმის ლანძღავდა ოპონენტებს” და რომ ხუთპუნქტიანი გეგმა, იმის გამო, რომ მისი თანმხლები განმარტებებიც შეურაცხმყოფელი შეიძლება აღმოჩნდეს მთავრობისთვის, თანამშრომლობის რეალურ სურვილზე არ არის გათვლილი. სოსო გალუმაშვილის აზრით, პრეზიდენტის შეთავაზებას 2 რეალური ადრესატი ჰყავს:

”დასავლეთს აჩვენა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ის კოჰაბიტაციის უფრო ღრმა და მჭიდრო მოდელზეა თანახმა და სთავაზობს ამას მმართველ პარტიას, და მეორე - საკუთარი მომხრეების გამხნევება, რომ ის მათ გასაჭირში არ მიატოვებს”.

”პროცესი დამთავრდა და მაგ კაცმაც იგრძნო ეს”, - უთხრა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის განცხადებების პასუხად და იქვე განმარტა, თუ რა იგულისხმება პროცესის დასრულებაში და რა იქნება შემდეგი ნაბიჯი:

”დამარცხდა სისტემა, სიცრუისა და ძალადობის სისტემა. და ახლა ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ პიროვნებებს, რომლებიც აფუძნებდნენ და ხელს უწყობდნენ ამ სისტემის არსებობას ნებით თუ უნებლიეთ, უნდა მოვახერხოთ და ვაპატიოთ და ამნისტიის მსგავსი რაღაც მოვიფიქროთ იმისათვის, რომ მათაც შეეძლოთ ღირსეულად ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრება”.

თუ რას გულისხმობს პრემიერ-მინისტრის მიერ მანამდეც არაერთხელ დაპირებული ამნისტია, ჯერჯერობით კვლავ დაუზუსტებელია. როგორც ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უთხრა 2 იანვარს რადიო თავისუფლებას, პრემიერის ინიციატივაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ, სავარაუდოდ, ამნისტია შეეხება დაბალი რანგის საჯარო მოხელეებს და მათ ”უმნიშვნელო სამართლებრივი გადაცდომა” ეპატიებათ. ბესელიას განმარტებით, ეს იმისთვის ხდება, რომ დაკავებების პროცესმა ქვეყნის მომავლისთვის არასახარბიელო მასობრივი სახე არ მიიღოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG